მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, ორიგენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ორიგენიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ორიგენიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


10-11-2023, 16:24

ორიგენიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ეკუმენისტური (პანეკუმენისტური) იდეოლოგიის თანახმად, ყველა რელიგია ღმერთამდე მიდის, თავისი წილი „ჭეშმარიტება" ყველას გააჩნია; შესაბამისად, ყველას აქვს ცხონების საშუალება.

   თეოლოგიური ლიბერალიზმი უგულებელყოფს დოგმატურ და კანონიკურ სწავლებას, რომელიც უცვლელადაა დაცული მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეკუმენისტური იდეების შემოჭრამ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში გამოიწვია წმიდა მამათა სწავლებისადმი უნდობლობის გავრცელება; თავისუფალი, ზედმეტად თავნებური ურთიერთობა მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან და ერეტიკოსებთან მიმართებაში.

   ეკუმენიზმი ეკლესიოლოგიური სახის ერესია. მართლმადიდებელი ეკლესია პირველი საუკუნეებიდანვე შეება ეკლესიოლოგიური, (ასევე ტრინიტარული) მიმართულების ერესებს.

   ასე მაგალითად: ეგვიპტელი ფილოსოფოსი ორმუსი (46 წ. ქრისტეს შობიდან), ორმუსიანული ერესის ჩამომყალიბებელად მიიჩნევა როზენკრეისერების რელიგიურ - მისტიური საზოგადოებისა, რომელიც გერმანიაში XVII საუკუნეში გაჩნდა. ორმუსის მტკიცებით, წარმართულ და ქრისტიანულ სარწმუნოებებს საერთო საფუძვლები აქვთ და ერთიანად ემსახურებიან შემოქმედს. ამგვარად, „ზეწარმართულ" და „ზექრისტიანულ" სარწმუნოებას ქადაგებდა, შეურწყმელის შერწყმას ცდილობდა ეგვიპტელი.1

   ამ ნიშნით ყურადსაღებია იმპერატორ დეოკლეტიანეს ეპოქაც. იმ პერიოდში ბეთანიის მმართველმა ფელიქსმა დაწერა წიგნი, რომელშიც იგი შეეცადა დაერწმუნებინა ქრისტიანები, რომ მათსა და წარმართებს შორის დიდი განსხვავება არ არის. მისეული კომპრომისული გადაწყვეტილების მიხედვით, ქრისტიანებს თაყვანი უნდა ეცათ „ქრისტესთვისაც და წარმართული ღმერთებისთვისაც". როდესაც მმართველი დარწმუნდა, რომ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოდიოდა, იგი ქრისტიანების ყველაზე საშინელი მდევნელი გახდა.2

   პირველი საუკუნეების ერთ-ერთი გამოჩენილი ლიბერალი, რომელსაც ერეტიკოსებთან გაერთიანების სურვილი ამოძრავებდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი გახლდათ. (მესამე მსოფლიო კრებამ ის ანათემას გადასცა 431 წ). ამართლებდა რა თავის ერეტიკულ შეხედულებებს, ნესტორი წერდა: „აღნიშნული საკითხის განხილვაში აუცილებლობის გამო ჩავები, იმიტომ რომ, წმიდა ეკლესიის აზრი გაიყო. ერთნი ამბობენ, რომ მარიამს უნდა ეწოდოს კაცისმშობელი, ხოლო მეორენი - ღვთისმშობელი. და რათა არ შემეცოდა ამ ორ გამოთქმას შორის, ანუ რათა უხრწნელი არ გაგვეიგივებინა ხრწნადად, ერთი მხარის აზრის გაზიარებით, არ დაგვეკარგა მეორე, მე ვუწოდე მას ქრისტესმშობელი".3

   მაგრამ ერეტიკოსების მიმართ მსგავს „კეთილგანწყობას" ყოველთვის მოჰყვებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლების უგულებელყოფა და შინაგანი რღვევა. დაბოლოს: ლიბერალური შეხედულებების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ცნობილი ორიგენე. იგი შეეცადა სულების შესახებ რეინკარნაციის სწავლება შეეერთებინა ქრისტიანულ სწავლებასთან. რაკი სურდა იმ დროისთვის გავრცელებული აღმოსავლურ-ოკულტური შეხედულებები იუდაურ-ქრისტიანულ ფსიქოლოგიასთან შეეერთებინა, პლატონისეული იდეებით გამსჭვალული ორიგენე მრავალი ცრუსწავლების ფუძემდებელი გახდა.

   ორიგენეს ცდომილებათაგან, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს მისი ცნობილი სწავლება „საყოველთაო აღდგომაზე, აპოკატასტატისზე (საყოველთაო დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობაში). მან თავის ღვთისმეტყველებაში შეიტანა წარმართული სწავლება ციკლების შესახებ; დაამახინჯა ქრისტიანული შეხედულება მარადიულობაზე - სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, სადაც ქრება თვით დროის ცნებაც. კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფემ მარადიულობა ჩაანაცვლა დაუსრულებელი ციკლებით, რომლებშიც დასასრული ერთვის დასაწყისს, დასაწყისი კი დასასრულს. ორიგენეს თანახმად, ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ციკლში ვცხოვრობთ, არ ვიცით, რა იყო ადამიანის შექმნამდე და რა იქნება იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსის შემდეგ; ადამიანები რომლებმაც შესცოდეს, დასჯისა და გამოსწორების მიზნით მატერიალურ სხეულებში იგზავნებიან. განწმენდილები ღმერთთან ბრუნდებიან, მაგრამ მათ შეიძლება კვლავ შესცოდონ. ამდენად, ერთი და იგივე სული არაერთგზის იგზავნება სხვადასხვა სხეულში. ციკლის დასასრულს ყველა ქმნილება ბრუნდება ღმერთთან და სრულდება აპოკატასტასისი. ორიგენე დემონების ცხონებაზეც საუბრობდა. მისი აზრით, არსებობს მრავალი სამყარო, რომლებიც იყო, არის და იქნება.4

   მისი მორიგი სწავლებით სამყაროში არ არსებობს იერარქია. მარადიული სამყარო მხოლოდ ერთგვაროვანი და ერთარსება სულების სამყოფია და ამდენად, ბუნებრივია, იქ ანგელოზსა და ადამიანს, ადამიანსა და „წყლის ცხოველს" შორის სხვაობა არ არსებობს. ამგვარი სხვაობა მხოლოდ იმპერიული სამყაროს კუთვნილება და დაცემის შედეგია, რომელსაც საყოველთაო აღდგომა გააუქმებს. აქედან გამომდინარე, ადამიანის ადგილი არც მომავალ სამყაროში იქნება. მისი აზრით, ისინი ოვალური ფორმით აღდგებიან.

   ის ცდება, როცა ამბობს, რომ თავისუფალი ნება მხოლოდ ბოროტების მიზეზია (მაგ. იდეალური სამყარო თავისი ნებით დაეცა, რაც თავისთავად სწორია), ხოლო რაც შეეხება სიკეთეს, მისთვის თავისუფალი ნება საჭირო არაა. ორიგენე სერიოზულ ცდომილებებს უშვებს იესო ქრისტეს ბუნების განსაზღვრებაშიც. მისთვის იესო ქრისტეც ღვთის მიერ შექმნილი სულიერი არსებაა, რომელიც იმგვარი მგზნებარე სიყვარულით ისწრაფოდა მისკენ, რომ ჯერ კიდევ სამყაროს დაცემამდე განუყოფლად შეუერთდა ღვთაებრივ სიტყვას. ანუ: ორიგენეს სწავლებით, სიტყვა კი არ განხორციელდა, არამედ ადამიანური სული, რომელიც სიტყვასთან განუყოფლად იყო შეერთებული, მისი აზრით, ქრისტეს განხორციელებას მხოლოდ გარდამავალი და პედაგოგიური შინაარსი აქვს და არა გამომსყიდველობითი და ა.შ.5

   ამდენად ორიგენე საბაბს იძლეოდა საიმისოდ, რომ ქრისტიანობა მიჩნეულიყო ერთმნიშვნელოვან, წარმართული სწავლების მსგავს შეხედულებად წარმოჩენილიყო.

   ასე რომ, პირველი საუკუნეების ყველაზე თვალსაჩინო ლიბერალი ღვთისმეტყველი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა ეკუმენესტურ სწავლებას, გახლავთ ორიგენე. (გაგრძელება...)

 



1Плоды экуменического древ. Т. 32. გვ. 65. М. 2005.

2Арх. Рафаил. О Вечном и Преходящем. М. 2007. გვ. 76.

3Плоды экум.

4Плоды экуменического древ. Т. 32. გვ. 73. М. 2005.

5Karelinr. ru. Об Оригене.

 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება