მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ხიბლისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ხიბლისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე7-05-2023, 20:33 |
„სოფელი ხიბლშია და თანაუგრძნობს
მხოლოდ მათ, ვინც იმყოფება ხიბლში, ხოლო ჭეშმარიტების მსახურნი სძულთ და უარყოფენ".
წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ამრიგად, ზემოაღწერილი „სასწაულთქმედების" ნიჭი, წმინდა მამების აზრით, ხიბლის გამოვლინებაა. ხიბლი განსაკუთრებით საშიში, დამღუპველი ცთომილებაა. მისგან თავის დაცვასა და დაღწევას მრავალი წმინდა მამა გვასწავლის თავის თხზულებებში. ვფიქრობთ, თანამედროვე ქრისტიანებისათვის უფრო გასაგებად ბოლო დროის მამები საუბრობენ. განსაკუთრებით ყურადსაღებია ხიბლის შესახებ წმინდა ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) სიტყვა, რომლის ამონარიდებსაც გთავაზობთ:
„ხიბლი არის კაცობრივი ბუნების სიცრუით დაზიანება. ხიბლი უკლებლივ ყოველი ადამიანის მდგომარეობაა, რომელიც წინაპართა დაცემით გადმოგვეცა. ყველანი ხიბლში ვართ (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, სიტყვა მე-3) - ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ყველანი მოტყუებულნი ვართ და ხიბლით შეპყრობილნი, ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ყველას საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენა გვაქვს და ეშმაკისეული ხიბლი გვატყუებს. თუკი ამ კუთხით შევხედავთ სიკეთესა და ბოროტებასთან ადამიანის დამოკიდებულებას, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ხიბლის საკმაოდ სრული განსაზღვრება: ხიბლი არის კაცის მიერ ჭეშმარიტად მიღებული ტყუილის შეთვისება. იგი იმთავითვე მოქმედებს აზროვნების წესზე. როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი გამრუდდება, ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც შერყვნის. კაცის არსებას რომ დაიპყრობს, უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს ხიბლი და თვით ხორცსაც წამლავს. შემოქმედმა ხომ განუყოფლად დაუკავშირა ხორცი სულს. ხიბლის მდგომარეობა წარწყმედის ანუ მარადიული სიკვდილის მდგომარეობაა...
საიდან მოდის ეშმაკისეული ხიბლის ყველა სახე, რომელიც მოღვაწეს ემუქრება? თავი და თავი არის ის, რომ ლოცვას საფუძვლად არ უდევს სინანული, რომ სინანული არ არის ლოცვის სათავე, სული, მიზანი. წმ. გრიგოლ სინელი დასახელებულ სტატიაში ამბობს: „თუ კაცი თავდაჯერებულია, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა აქვს და ამაღლებული ლოცვის მოპოვებაზე ოცნებობს, მაგრამ ამას არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობით ესწრაფვის, ეშმაკი მას ადვილად უგებს მახეს, როგორც საკუთარ მსახურს („სიტყვა დაყუდებულთათვის", ფილოკალია, ტ. 5)...
არასწორი ლოცვის ყველაზე საშიში სახე ასეთია: მლოცველი თავის წარმოსახვაში თხზავს ოცნებებს და სურათებს, რომლებსაც თითქოს წმ. წერილიდან იღებს. სინამდვილეში კი მათი წყარო მლოცველის საერთო მდგომარეობაა, მისი დაცემული ბუნება, ცოდვიანობა და თავის მოტყუებისკენ მიდრეკილება. ამ სურათებით კაცი ხარკს უხდის საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას, თავის ცუდმედიდობას, ქედმაღლობას, ამპარტავნებას, მოკლედ - თავს იტყუებს...
ყველა წმიდა მამა გვიკრძალავს ოცნების სურათების განზრახ დახატვას. მეტიც: ისინი გვასწავლიან, რომ არც ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, მოულოდნელად წარმოშობილი ოცნებები და ჩვენებები მივიღოთ და არც თანავუგრძნოთ მათ. ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: „რაც არ უნდა დაინახო, ნურაფერს მიიღებ - ნურც შენს შიგნით და ნურც გარეთ; ნურც ხორციელი და ნურც გონიერი თვალით, სულერთია, ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზისა თუ რომელიმე წმინდანის, ან თუნდაც რაიმე ნათელი გვეჩვენოს... ყურადღება მოიკრიბე და გაფრთხილდი! ნუ მისცემ შენს თავს უფლებას, ადვილად მიენდო საკუთარ გრძნობას; ნუ იჩქარებ ერწმუნო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი კეთილი და ჭეშმარიტი იყოს - უცხო და გულგრილი დარჩი მის მიმართ; დაიცავი შენი გონება ხილვისაგან, ნურც მას მისცემ რაიმე სურათის შეთხზვის უფლებას და ნურც შენ შეიტან გარედან ნურაფერს. ვინც რაიმეს გონების ან ხორციელი თვალით ხედავს და უმალვე შეიწყნარებს მას, თუნდაც ეს ხილვა ღმრთისაგან იყოს, იოლად ვარდება ხიბლში; ყოველ შემთხვევაში, ხიბლისადმი მიდრეკილებას იგი მაინც ამჟღავნებს, ვით ყოველგვარი ხილვის ნაჩქარევად და განუსჯელად მიმღები ადამიანი. ახალბედა მლოცველმა მთელი ყურადღება გულითად განცდას უნდა დაუთმოს და მხოლოდ ეს მოქმედება აღიაროს ხიბლისაგან დაცულად, სხვა არაფერი გაიკაროს მანამ, სანამ ვნებებისაგან სრულ განთავისუფლებას მიაღწევს. ღმერთი არ განურისხდება მას, ვინც ხიბლის შიშით უკიდურესი სიფრთხილით ეკიდება თავს. ნამდვილად ღმრთისაგან მოვლენილი ხილვაც რომ ვერ იცნოს და არ შეიწყნაროს მლოცველმა, უფალი შეაქებს მას გონიერებისათვის".
წმ. ამფილოქე, სიყრმიდანვე მონაზონი, სიჭარმაგის წლებსა და სიბერეში უდაბნომ დაყუდების ღირსი გახადა. იგი გამოქვაბულში ცხოვრობდა, მდუმარებას იცავდა და თავისი მოღვაწეობით უმაღლეს სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. დაყუდებული ცხოვრების მეორმოცე წლის ერთ ღამეს მას ანგელოზი ეჩვენა და ამცნო: „ამფილოქე! წადი ქალაქში და დამწყემსე სულიერი ცხვრები!" ამფილოქემ ჩვეული ცხოვრება განაგრძო და ყურადღება არ მიაქცია ანგელოზის ბრძანებას. მეორე ღამეს კვლავ ეჩვენა ანგელოზი და იგივე გაუმეორა, თანაც დაუმატა, ეს ბრძანება ღმრთისაგან არისო. ამფილოქე არც ამჯერად დაემორჩილა ანგელოზს. მას ეშინოდა ხიბლისა და კარგად ახსოვდა მოციქულის სიტყვები: „თით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზადა ნათლისა" (2 კორ. 11, 14). მესამე ღამეს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, სადიდებელი აღუვლინა ღმერთს და ამით დარწმუნდა ამფილოქე გამოცხადების ჭეშმარიტებაში. ბოროტი სულები ღმერთის დიდებას ვერ იტანენ. ამის შემდეგ ანგელოზმა ხელი მოჰკიდა ბერს, სენაკიდან გაიყვანა და ახლომდებარე ეკლესიისკენ გაუძღვა. ეკლესიის კარი თავისთავად გაიღო, შიგნით ზეციური ნათელი იდგა - მრავალი წმიდა მამა, სპეტაკი სამოსელით მოსილი და მზესავით გაბრწყინებული სახეებით ელოდებოდა ღვთის რჩეულს. ამფილოქე ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად აკურთხეს. (წმ. ამქილოქეს ეკლესია 23 ნოემბერს იხსენებს)."1
ხიბლის შესახებ წმინდა ეგნატეს წერილში მსგავსი კიდევ მრავალი მაგალითი მოიძებნება. როგორც ვხედავთ, წმინდანი, ძველი დროის წმინდა მამებზე დაყრდნობით, კატეგორიულად უკრძალავს მოღვაწეს ყოველგვარი ხილვის მიღებას. ჩვენც არ უნდა გულისხმავყოთ, რომ ასეთი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ წმინდა მამები მებისმიერი გამოცხადებისა და ხილვის გამოვლინებას.
დავასრულებთ მართლმადიდებლურ წიაღში გამოვლენილ ცრუ სასწაულებზე საუბარს და ეკლესიის მიღმა სამყაროში იმავე სულისკვე-თების გამოხატულებებზე ვიტყვით. (გაგრძელება...)
1"სიტყვა ნუგეშინისცემისა". დეკ. ზაქარია (მარგალიტაძე). თბ. 2008. გვ. 176.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |