მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ფრთხილად - ცრუ სულიერება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ფრთხილად - ცრუ სულიერება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე7-05-2023, 00:00 |
სასწაულებრივი მოვლენებისკენ ლტოლვის ფენომენის ნეგატიურობას კარგად წარმოგვიჩენს ათონელი ბერი სერაფიმე შოლკოვის მონათხრობი: „ათონის წმიდა მთაზე მცხოვრები ხარობ, როდესაც სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსულ ღვთისმოშიშ მლოცველებს ხედავ. ისინი აქ სულიერ საზრდოს ეძებენ და პოულობენ კიდეც; საუბრობენ გამოცდილ ბერებთან, ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან. მაგრამ არსებობენ სხვანაირი მომლოცველებიც, რომლებიც მხოლოდ ზებუნებრივი და სასწაულებრივი მოვლენებისკენ მიილტვიან. ასეთი ადამიანებისთვის მთავარია, რაღაცნაირად შეეხონ იმქვეყნიურ სამყაროს, იხილონ სასწაული. მრავალი ასეთი მაძიებელი პირველ რიგში კითხულობს: არის აქ ეშმაკის საცდურები? მათ არ აინტერესებთ, სად არიან შინაგანი სამყაროს მჭვრეტელი მამები, სწორედ რომ განმჭვრეტი და არა უბრალო ბერი და კიდევ სად დევნიან ეშმაკებს!
-თქვენ საჭიროებთ ეშმაკის განდევნას? - ვეკითხები ამ მომლოცველებს.
-არა - მპასუხობენ ისინი.
-მაშ, რატომ გაინტერესებთ ეს საკითხი?
-იცით, საინტერესოა სახილველად, მოსასმენად.
-მაგრამ რას უნდა უყუროთ?
-როგორ თუ რას, ამბობენ, ეშმაკი განდევნის ჟამს, ყვირის და ღმუი-სო...
მე გავჩუმდი. მგონი ჩვენმა მომლოცველებმა ცოტათი მოიწყინეს, ის სანახაობა რომ ვერ იხილეს, რომლის დროსაც „ყვირიან და ღმუიან". ისინი იმას ეძებენ, რასაც სულიერი საზრდო არ მოაქვს, პირიქით - საზიანოა! მეორე სურვილი ამგვარი მლოცველებისა ადამიანის შინაგანი ბუნების მჭვრეტელი ბერის ხილვა გახლავთ. ვუსმენ რაღაც გასაიდუმლოებულისა და ზებუნებრივის მაძიებელ ადამიანებს - ეს სწრაფვა სრულიად ეწინაარმდეგება ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სულიერებას და თანაგრძნობით ვეპყრობი მათ სავალალო სულიერ მდგომარეობას. მახსოვს, ზოგიერთებს ვეუბნებოდი: რად გინდათ, რომ გითხრან, თუ რა გქვიათ და რომ შეაღონ თქვენი წარსულის კარი? თქვენ ხომ ისედაც ყველაფერი იცით საკუთარ თავზე?
-მაგრამ იცით რა, როდესაც ამის შესახებ გიამბობს, ღვთივგანბრძნობილი მამა, სულ სხვაა. მას ხომ ჩემო მომავლის განჭვრეტა შეუძლია.
ზოგიერთი მომლოცველისთვის ყველაზე მიმზიდველი საკითხია ეშმაკის ხრიკები. საიდან გაჩნდა ამგვარი „სულიერი" ინტერესი? თურმე ამის შესახებ მათ მრავალი პუბლიკაციიდან შეიტყვეს, რომლებიც ერთობ პოპულარულია ჩვენს დროში. რა თქმა უნდა, ეშმაკის საცდურები არსებობს, რომლის შესახებაც ვკითხულობთ პატერიკებში. ისინი იმისთვის დაიწერა, რომ თავი დავიცვათ. დღეს კი სხვაგვარად წარმოუდგენია მკითხველს მსგავსი მოვლენა. თანამედროვე პუბლიკაციებში ხშირად ეშმაკის ხრიკებს აიგივებენ რეალურ ფიზიკურ მოვლენებთან. მახსოვს, ერთხელ, კარულში ჩამოვიდნენ მომლოცველები. გამასპინძლების შემდეგ ჩვენ ისინი კელიებში განვათავსეთ. ერთი წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის კელიაში, ხოლო დანარჩენი ორი - ივერონში. და აი, დილით მოირბინეს შეშინებულმა მომლოცველებმა და დაიწყეს თხრობა ეშმაკის იმ საცდურების შესახებ, რომლებიც ღამით შეემთხვათ. ისინი საუბრობდნენ მოტოროლის მსგავს ხმაურსა და ბრახუნზე. რათქმა უნდა, შეგვეცოდნენ სტუმრები, საცოდავებს მთელი ღამე არ ეძინათ. მე დავიწყე მათი დამშვიდება ამ „ეშმაკის ხრიკების" განმარტებით: ეს უბრალო ხმის ანარეკლია. ხედავ, აქ უზარმაზარი კლდეა, ხოლო ქვემოთ - ზღვა. ღამით კი მეთევზენი ნავით თევზს იჭერენ, ხოლო ძრავის ხმაურს კლდე ირეკლავს.
ჩვენთან ნამდვილად ეშმაკი იყო - თქვა ორმა სხვა სტუმარმა, რომლებიც ივერონში ათევდნენ ღამეს.
-უეჭველად ეშმაკი იყო მოსული, მთელი ღამე ძლიერი ხმაური ის - მოდა.
-ძმებო, რისი შეგეშინდათ? ეს უბრალო თხუნელა იყო, რომელიც კელიის სახურავში ცხოვრობს. სწორედ ის გაწუხებდათ.
სამწუხაროდ ჩემს არგუმენტებს ისინი არ ღებულობდნენ და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ეს ეშმაკის ხრიკები იყო. იქმნებოდა შთა-ბეჭდილება, რომ მათ უფრო იქ ეშმაკის არსებობის დაჯერება სურდათ, ვიდრე თხუნელისა. რა თქმა უნდა, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, როგორც სურდათ, შეეძლოთ ისე ეწამათ. საშინელება ისაა, რომ ათონის წმიდა მთიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი დეზინფორმაციას სხვა ადამიანებში გაავრცელებენ, დაბეჭდავენ სტატიებს და წიგნებს ამ თემაზე. მოდით, ვთქვათ, შეიძლება განა ასეთმა სტატიებმა და წიგნებმა სულიერი სარგებელი მოგვიტანოს?"
ჩვენს დროში მრავალი ისტორია თუ ლეგენდა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ისეთი პუბლიკაციები, სადაც შეგნებულადაა შეტანილი ცრუ სასწაულები, არნახული მასშტაბით იყიდება. ამ მოვლენებს ბოლო ჟამის ელფერი დაჰკრავს - გამოუცდელი ადამიანები ხომ სწორედ ამგვარ სიახლეებს ესწრაფვიან!
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: სახიფათოა ცრუ სულიერების გზა, რომელიც ეფუძნება ჭორებს, განცდებს, ემოციურ შეგრძნებებს, ცრუ წინასწარმეტყველებებს, მას უზარმაზარი ზიანი მოაქვს ჩვენი სულისათვის!1 (გაგრძელება...)
1გაზ. „ხარება". 2003 წ. №7. გვ. 11.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |