მთავარი > კალენდარი, წმ. აცამეტი ასურელი მამა, მთავარი გვედის ფოტო > 22 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი მამა შიო მღვიმელისა
22 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი მამა შიო მღვიმელისა21-05-2024, 20:44 |
22 მაისი 13 ასურელ მამათაგან გამორჩეული წმინდანის – შიო მღვიმელის ხსენების დღეა. მისი უდიდესი ღვაწლის ნიშნად ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მას მიიჩნევს „ქრისტიანული ცრემლისა და გოდების ხატად და საქართველოს სამეფოს სიმტკიცედ". წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას. წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც. საქართველოში ჩამოსული შიო, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სარკინეთის მთებში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში დასახლდა. ეს ადგილი განსაკუთრებით უკაცრიელი იყო და საცხოვრებლად ძნელი, მაგრამ მამა შიოს საზრდელს მტრედი უზიდავდა. ერთ დღეს ამ სასწაულის მომსწრე გახდა ფარსმან მეფის მხედართმთავარი ევაგრე, რომელზეც ნანახმა ისე იმოქმედა, რომ სამუდამოდ წმინდა მამასთან დარჩა და ბერად აღიკვეცა. ფარსმანს ეწყინა ევაგრეს ბერად შედგომა და თვითონ წავიდა წმინდა შიოს სანახავად. მან ბერის სახეზე ისეთი ნათელი იხილა, რომ გვირგვინი მოიხსნა და დაუჩოქა. წმინდა მამამ წამოაყენა და გვირგვინი თავისი ხელით დაადგა. მოხიბლულმა მეფემ სავანეს უამრავი თვალ-მარგალიტი და სიმდიდრე შესწირა, რათა იმ ადგილას ტაძარი აეგოთ. როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მეფე კათოლიკოსთან ერთად ჩაბრძანდა შიომღვიმეში და მის კურთხევას დაესწრო. წმინდა მამა ღირსი შეიქმნა ეხილა ღვთისმშობელი, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად გამოეცხადა მას, აკურთხა და გაძლიერება აღუთქვა. წმინდა შიო მღვიმელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მას ბერებმა შესჩივლეს, მონასტრის ფარას მგელი შეეჩვია და მოსვენებას არ გვაძლევსო. მამა შიომ ილოცა და შემდეგ მგელს უბრძანა ამიერიდან არა თუ არ ევნო ცხვრებისთვის, არამედ ემწყემსა კიდეც. მართლაც, რამოდენიმე წელიწადი მგელი მორჩილად ასრულებდა წმინდა მამის ლოცვა-კურთხევას. ბოლოს, მამა შიოს შეეცოდა მგელი და ტყეში გაუშვა, თან დააბარა, თქვენმა მოდგმამ მონასტრის ფარას არაფერი ავნოსო. მართლაც, ამ ამბის შემდეგ მონასტრის ცხვრებს მხეცები აღარ აწუხებდნენ. შიომღვიმის მონასტერი თანდათან იზრდებოდა. მალე იქ ორი ათასამდე ბერი მოღვაწეობდა, რომელთაც მამა შიო ბერულ ცხოვრებას ასწავლიდა. რამოდენიმე წლის შემდეგ წმინდა მამამ წინამძღვრობა ევაგრეს გადაულოცა, თვითონ კი მონასტერში არსებულ მღვიმეში განმარტოვდა და თხუთმეტი წელი ასე გაატარა. წმინდა შიო მღვიმელი გარდაცვალების შემდეგაც იქმოდა სასწაულებს. კერძოდ, ყველიერის ხუთშაბათს (დიდმარხვის, ანუ სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირის ხუთშაბათს) მისი წმინდა ნაწილები მღვიმიდან ამოიწევდა ხოლმე და ჰაერში ჩერდებოდა.
ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა". სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |