მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვაჭარს, მარხვის ნაყოფის შესახებ - წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ვაჭარს, მარხვის ნაყოფის შესახებ - წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


6-04-2024, 00:37

 

   
 
   "რატომაა, რომ ბევრი ადამიანი არ მარხულობს?" - მეკითხებით თქვენ. იმი­ტომ, რომ არაფერი იციან მარ­ხვის ნაყოფის შესახებ. ჩვენი ქვეყნის ჯანმ­რ­თელობის დაცვის ორგანოები, სწო­რედ ისეთსავე რეკომენდაციას უნდა უწევდეს მარხვის შენახვას, რო­გორ­საც მართლმადიდებლური ეკლესია უწევს. მარხვის შედეგები მარტო სუ­ლი­სათვის კი არ არის უდიდესი და საკვირველი, არამედ სხეული­სთ­ვი­საც სასარგებლოა.
   მარხვის ნაყოფიერების დასამტკი­ცებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთზე შევჩერდები. აი, რას მწერს მოხუცი ქვრივი ქალბატონი ვენიდან. "გასულ წელს, სამებობისთვის, მარხვა დავიწყე. გადავწყვიტე, რომ რადგან ეკლესიაში დავდივარ და ვლოცულობ, მარხვაც საჭი­როა. ვიდრე ქმარი ცოცხალი იყო, მა­რ­ხვას არ ვიცავდი. ისე ხში­რად ვავა­დ­­მყოფობდით, რომ თით­ქ­მის არასოდეს ვყოფილვართ ერთ­დ­რო­ულად ჯანმრთელნი. რო­გორც კი ერთი და­ტო­ვებდა საავადმყოფოს საწოლს, მე­ო­­რე წვებოდა. ასე ჩაიარა თითქმის მთელმა ცხოვრებამ. ამ დროის გან­მავ­ლობაში განუწყვე­ტ­ლივ ვბრაზობდი მთელ სამყაროზე, მცირე წყენას გაცოფებამდე მივყავდი, ყველაფრისა მეშინოდა, საკუ­თა­რი აზრებისა და წინათგრძნობისაც კი. მას შემდეგ, რაც მარხვა დავიწყე (სამებობას წე­ლი შესრულდა), სიმ­შვი­დესა და სიწყ­ნა­რეს ვგრძნობ: სულ­­ში სიხარულია, სხეულში - სიმსუბუქე. არავის და არა­ფერს შეუძ­ლია გამაბრაზოს, სული სავსეა საეკლესიო გალობითა და ლო­ც­­ვით, სიზმრები მშვენიერია და მა­დ­ლი­ანი. ჩემს მდიდარ მეგობართან ვცხო­ვრობ, სა­კუ­თარი არაფერი გა­მაჩ­ნიაო, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს მთელი ქვეყანა მე მეკუთ­ვ­ნო­დეს. სრულიად ჯანმრთელი ვარ, თუ­მცა, მოვხუცდი. არაფრისა მეშინია, სიკვდილისაც კი. ერთადერთი, რასაც ვესწრაფვი, სი­ჩუმე, მარხვა და ლოცვაა. მხოლოდ ამაში ვპოვე სრული ბედნიერება". 
   აი, რას ამბობს ეს მოხუცი ქალბატონი. თავისი მცირე გამოც­დი­ლე­ბით იგი ჩვენს დროშიც სახარები­სე­ული მეც­­ნიერების ჭეშმარიტებასა და ეკლესიის საუკუნოვან გამოცდილებას ადა­ს­­ტურებს.
 
ღმერთმა დაგლოცოს!

წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება