მთავარი > თანამედროვე მამები > სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!
სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!24-04-2014, 12:31 |
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!"
საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. რა არის სამშობლო? ამაზე ბევრი გვიფიქრია ყოველ ჩვენგანს, თუ რა ფასეულობაა ჩვენთვის სამშობლო, საქართველო. ეს არის ჩვენი ფესვები, აქ სუფევს მადლი ღვთისა. და აი ამ მადლმა განაპირობა ის, რომ ჯერ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ჩამოტანილი იყო ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა, შემდეგ–კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და ბოლოს, საქართველო გახდა წილხვედრი ყოვ-ლადწმინდა ღვთისმშობლისა და კიდევ მრავალი სხვა ულევი მადლი მიგვიღია ღვთისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვახსოვდეს დღეს, ამ ურთულეს დროში. ჩვენ ისეთ ჟამს ვცხოვრობთ, რომლის მსგავსი არ ყოფილა კაცობრიობის ცხოვრების ისტორიაში. ჯერ არ ყოფილა ქართველი ხალხის ასეთი მიგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა ერის დიდი ნაწილი გადის უცხოეთში, უცხოე-თიდან კი მრავლად შემოდიან სხვა ერის წარმომადგენლები... და რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს მცირერიცხოვანმა ერმა? უპირველეს ყოვლისა, ყოველი ჩვენგანი უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშობ-ლოს, მისი ნაწილი უნდა გახდეს და არ უნდა შეეძლოს სამშობ-ლოს გარეთ არსებობა. რატომ? იმიტომ, რომ აქ არის დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, აქ არის ქეთევან დედოფალი, აქ არიან ვაჟა, ილია და აკაკი, აქ არის ყველა ჩვენი წინაპრები, აქ არის ჩვენი ფესვები! ადამიანმა ლუკმა პურისთვის არ უნდა დატოვოს საქართველო, თავისი სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. მთავარია, რომ იგი მადლს კარგავს, წინაპრების მფარველობას და ლოცვას კარგავს! განსაკუთრებით მინდა შევეხო ერთ საკითხს, როცა ჩვენი თანამემამულენი თავის მცირეწლოვან შვილებს უცხო-ეთში სასწავლებლად აგზავნიან. ძალიან სახიფათოა, როცა ადამიანი სულიერებაში, ეროვნულ კულტურაში განმტკიცებული ჯერ არ არის და სრულიად უცხო კულტურის მქონე ქვეყანაში მიდის. მით უფრო, რომ იქ ძალიან ოფიციალური ურთიერთობებია ადამიანებს შორის, რასაც ჩვენ, ქართველები ჩვეულნი არ ვართ. არსებობს ასეთი ტერმინი–პატრიოტიზმი. ჩვენს წინაპრებს უთქ-ვამთ: „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!" ეს არ არის პატიოტიზმი, ეს უფრო მეტია, ეს არის ჩვენი სისხლი და ხორცი. ერთ–ერთი პატრიარქი საქართველოსი ამბობდა, რომ მთელი ქარ-თული მიწა მორწყულია მოწამეთა სისხლით და მუჭით რომ აიღო საქართველოს მიწა და ხელი მოუჭირო, სისხლი გამოუვაო. და აი, აქედან მიდის ადამიანი, რათა ლუკმა პური იშოვოს! ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ლუკმა–პურს. ვისაც უყვარს თავისი სამშობლო ის არასოდეს დატოვებს მას! მაგრამ არის კიდევ სხვა ტერმინი–ნაციზმი. ნაცისტებს უწოდებენ ხალხს, რომლებიც საკუთა-რი თავის იქით ვერაფერს ხედავს და არაფერს ცნობს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მთელ მსოფლიოს და სხვებისაგან ისეთი რამ მივიღოთ, რაც სასარგებლოა ჩვენთვის და ჩვენი სამშობ-ლოსთვის. ხოლო ნაციზმი და უხეში რაციონალიზმი მხოლიდ ზიანის მომტანია პიროვნების და ერისთვის, რადგან ამ დროს ადამიანი თავის ნაჭუჭში მოექცევა და ამ იზოლაციის მიღმა ვერაფერს ხედავს. არის კიდევ ერთი ტერმინი–კოსმოპოლიტიზმი. ვაჟა–ფშაველას აქვს ამაზე კარგი სიტყვა და ვისაც არ წაუკითხავს, აუცილებლად უნდა გაეცნოს. კოსმოპოლიტისთვის სულ ერთია ეს საქართველოა, რუსე-თი, ამერიკა თუ ევროპა, სადაც ცხოვრობს,–ესაა მისი სამშობლო. ერთი ადამიანი ამბობს: სადაც ფულია, ის არის ჩემი სამშობლოო. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი აზროვნებისგან! ჩვენ არაფერში გვარგია ასეთი ცნობიერება! კი, ადამიანს მატერიალური დოვლათი ესაჭი-როება ცხოვრებისათვის, გვჭირდება პურიც და სანახაობაც, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი შრომა და რაც მთავარია, სამშობლო არ უნდა გავცვალოთ ყოველივე ამაში! ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ შეგაგონოთ, დაიმახსოვრეთ ჩვენი წინაპრის სიტყვები, ქართველ კაცს უთქვამს: „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!" სამ-შობლო ტკბილია, სამშობლოს ჰაერი სულ სხვაა, აქ მზე და მთვარეც სულ სხვაა და ჩვენი ბუნებაც განსაკუთრებულია! არაერთხელ მითქვამს თქვენთვის,–პატარები ვიყავით და დედა სულ შეგვაგონებდა: რაც უნდა გაგიჭირდეთ, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ საცხოვრებლად უცხოეთშიო! როგორც შენი ერი ცხოვრობს, შენც ისე უნდა იცხოვრო, მისი ჭირი და ლხინი უნდა გაიზიაროო. და კიდევ გვარიგებდა ხოლმე დედა, რომ უნდა იშრო-მოთო. გახსოვდეთ, სიღარიბემ შეჩვევა იცის და არ უნდა მიეჩვიოთო. არ უნდა შევეჩვიოთ სიღარიბეს! ჩვენ უნდა ვიშრომოთ, ვილოცოთ, შევთხოვოთ უფალს და უფალი მოგვხედავს ჩვენ, უფალი ლოცავს საქართველოს და უფალი გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას! ჯვარი გეწეროთ! მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა! მშვიდობა და მთლიანობა უბოძოს უფალმა საქართველოს, ჩვენს სამშობლოს!
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II უკან დაბრუნება |