მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > განათლებულ ქალბატონს, რომელსაც ეკლესიურობის გამო დასცინიან - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)

განათლებულ ქალბატონს, რომელსაც ეკლესიურობის გამო დასცინიან - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)


26-12-2016, 00:07

 


   დაცინვას ღიმილით უპასუხე.
   მათი დაცინვა ღვარძლიანი გულიდან მოდის, დაე, შენი ღიმილი უბოროტო იყოს. დაცინვას უმეცრება შობს, ცოდნას ღიმილი შეეფერება. ისინი ამით მხო­ლოდ ფასს მატებენ შენს ლოცვას მარადიული მსაჯულის წინაშე, რადგან უფლისათვის უსათნოესია შხამიანი ისრებით, სიძულვილით, ზიზ­ღითა და დაცინვით გარშემორ­ტყმული მამაცი სულის ლოცვა. ყველა ამ ისარს ბლაგვი წვერი და მჭრელი ბოლო აქვს, შენგან ასხლეტილნი, მსროლელს დაჭრიან.
   გახსოვს, ერთხელ, მეფე დავითის ცოლმა, მელქოლამ, დასცინა ქმრის გულმხურვალე ლოცვას უფლისადმი. ამ დაცინვამ დავითზე უმეტეს უფალი შეურაცხყო. უზენაესმა დასაჯა კადნიერი დედაკაცი და მელქოლას შვილი არ აღირსა. ვინც კარგად დაუფიქრდება ხალხის იღბალსა და ცხოვრებისეულ მოვლენებს, დარწმუნდება, რომ ჩვენს დროშიც უფალი მკაცრად სჯის სიწმინ­დეთა შეურაცხმყოფელ დამცინავებს.
   შენ კი, მათ, ვინც დაგცინის, ამგვარად მიუგე: (ანუ თქვი, თუკი თვლი, რომ სიტყვა, როგორც წამალი, დუმილს აღემატება) თვალი ხომ არ მატყუებს, როცა გარკვევით ვხედავ ყოველდღე როგორ ევედრებით ვაჭრებს, პოლიციელებს, ჩინოვნიკებს. მაშ რაღად დამცინით მე, როცა ვევედრები მარადიულ შემოქმედს ჩვენსას? განა უფრო სასაცილო არაა ევედრო უძლურს, ვიდრე ყოვლისშემძლეს? განა უფრო ბრიყვული არაა თაყვანისცე მტვერს, ვიდრე მომნიჭებელს სიცოცხლისას?
   წინასწარმეტყველთაგან ვიღაცამ თქვა: წყეულიმც იყოს ის, ვინც კაცს სასოებს. ვინც ყველა იმედს მოკვდავზე, ამ ხრწნად სხეულზე ამყარებს და არა ყოვლისმპყრობელ ღმერთზე, ის, ცხადია, დაწყევლილია, და იმაში, რომ მასა და მის სახლს წყევლა აწევს, ყოველდღიუ­რი გამოცდილება გვარწმუნებს. რა თქმა უნდა, ასევე დაწყევლილია ადამიანი, რომელიც მხოლოდ ადამიანს ევედრება და არა მას, ვისაც უპყრია ყოველივე და შეუძლია ყველაფერი, თუმცა, ნუ იჩქარებ: ზოგჯერ დუმილს ყოველგვარ სიტყვაზე მეტი სარგებელი მოაქვს.
   პირველი დაცინვა აცბუნებს მლოცვე­ლის სულს, მაგრამ შენ იგი უკვე გადაიტანე და არ შეწყვიტე ლოცვა. მეორე - გულმხურვალე ლოცვისათვის აღანთებს. შენ თვითონ ამბობ, რომ შეიგრძენი ეს. ახლა, თითქოს, როგორღაც, უფალი უფრო ახლოა შენთან, ეკლესია - უფრო ძვირფასი, ლოცვა - უფრო ტკბილი. იცოდე, დადგება დრო, როც დაცინვა შეწყდება, მოვა მხარდაჭერა, განცვიფრება, ქება-დიდება, მაგრამ მაშინ შენი სული უფრო დიდ განსაცდელში აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა. ახლა თავმდაბლობას სწავლობ, მაშინ სიამაყეს უნდა ებრძოლო, თუმცა, ეს უკვე სხვა საკითხია, სხვა განსაცდელი. იცოდე: ისინი, ვინც დაცინვით გულს გვიწყალებენ, სწორედ ის მტრები არიან, რომლებზედაც უფალმა ერთ-ერთ მცნებაში თქვა: გიყვარდეთ მტერნი თქუენნი, და რომლებიც შეუცნობლად სიკეთეს იქმან, რადგან გულისტკენითა და შეურაცხყოფით ჩვენში ნაპერწკლიდან ღვთაებრივ ცეცხლს აღანთებენ, ტაძრისაკენ მიმავალთ უკან მოგვყეფენ და უფლისაკენ გვერეკებიან. მიწაზე გულისტკენით, ზეცას გვაყვარებენ. სწორედ ისე, როგორც თოვლსა და ქარს არ სურს ხისათვის კარგი, მაგრამ უნებურად ყინვისაგან იფარავენ მას.
   ამიტომაც მიუტევე მათ, აკურთხე ისინი, ევედრე ღმერთს მათთვის და ეს ამ ყველაფრის მწვერვალია - გიყვარდეს ისინი, როგორც ღვთის შემდეგ შენი ყველაზე დიდი კეთილისმყოფელნი. მაგრამ თუკი შენი სული ვერ აიტანს მიწიერი მტვერის ამ უმნიშვნელო აფუთფუთებას, მაშინ შენზე მარტო ადამიანები კი არა, ეშმაკებიც გაიცინებენ.
   შეეცადე ხშირად ესტუმრო დამწუხ­რებულ ოჯახებს, საფლავებიც მოინახულე, იფიქრე ქრისტეს ჯვარზე და ხშირად ემთხვიე მას. იფიქრე აღსას­რულ­ზეც. ეს ყველაფერი დაგეხმარება ლოცვის განწყობა განიმტკიცო და შენ გაიმარჯვებ.
ღმერთმა მშვიდობა და წყალობა მოგანიჭოს!
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება