მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან > ბაბილონის გოდოლის მშენებლები

ბაბილონის გოდოლის მშენებლები


11-07-2012, 17:35
,,ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი, 
რომლისა თავი იყოს ვიდრე  ცამდე". (დაბ. 11.31)
 
  როგორც მოგახსენეთ, ჩვენი მიზანია მკითხველს დავანახოთ, თუ როგორ ებრძოდა ადამიანი ღმერთს, როგორ ავლენდა იგი ღმერთთან თანასწორობის „ღმერთად ყოფნის სურვილს. საამისოდ ვიშველიებთ ისტორიულ ეპიზოდებს. ამჯერად, ძველი აღქმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს - ბაბილონის გოდოლის ისტორიას განვიხილავთ. მანამდე კი მოკლედ გეტყვით, რომ კაენის მიერ მისი ძმის აბელის მოკვლის შემდეგ ღვთის კურთხევა სეითის შთამომავლობაზე გადავიდა. ეწოდათ მათ ,,ძენი ღვთისანი".ღვთის კურთხევით მათ არ უნდა ექორწინათ კაენის შთამომავლებთან, მაგრამ დროთა განმავლობაში ღვთის ლოცვა-კურთხევა დაარღვია. სეითის შთამომავლობა შეერია კაენისას, რასაც ადამიანებში უსჯულოების გამრავლება მოჰყვა.
  ამის გამო ღმერთმა გადაწყვიტა წარღვნით დაესაჯა ადამიანი (გარდა ნოეს ოჯახისა და წყვილ წყვილად ყოველი ცოცხალი ქმნილებებისა) და ხელახლა გაემრავლებინა კაცთა მოდგმა.
  წარღვნიდან ხუთასი წლის შემდეგ კაცობრიობა ისევ მანკიერი და ამპარტავანი გახდა. მოგეხსენებათ, ამ დრომდე ყველა ერთ ენაზე მეტყველებდა, ყველანი ერთი მენტალიტეტით ცხოვრობდნენ - რომ გახდნენ დიდნი (განდიდებულნი). და თქვეს: ,,მოვედით, ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თვისად სახელი პირველ განთესვისა ჩვენისა პურსა ზედა ყოვლისა ქვეყანასა". (დაბ. 11.31).
  ისმის კითხვა: რა მიზანი ამოძრავებდათ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს? პასუხი ასეთია: პატივითა და დიდებით მოეხვეჭათ სახელი მომდევნო თაობებში. ამპარტავნული და ამაო სურვილით შეპყრობილებმა უწყოდნენ ის წინასწარმეტყველება, რომ იმჟამინდელი კაცობრიობა მთელ დედამიწაზე განსახლდებოდა. ამის მიუხედავად, ისინი დახარბდნენ ამქვეყნიურ განდიდებას და ბაბილონის გოდოლი მიიჩნიეს დედამიწის შუაგულში ასვეტილ უდიდეს კოშკად, რომელიც შორეული ადგილებიდანაც საჩინო და თვალისმომჭრელი იქნებოდა.
   წმიდა ღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს არის სიმბოლო ადამიანთა ურჩობისა დარჩნენ ღმერთის მიერ დადგენილ საზღვრებში. მათ მოინდომეს ღმერთად გახდომა, საკუთარი თავის გაღმერთება.
  ანალოგიური პროცესები კაცობრიობის ისტორიაში არა ერთხელ განმეორდა: ალექსანდრე მაკედონელისა თუ რომის იმპერიის ეპოქაში, კომუნისტური რეჟიმის ჟამს თუ ჰიტლერის მიერ ზერასის ჩამოყალიბების მცდელობიბას. ადამიანი ლამობდა უღვთოდ, უღმერთოდ აეშენებინა დედამიწაზე სამოთხე.
  თანამედროვე კაცობრიობასაც იგივე სჭირს. დღევანდელობამ თავისი ამპარტავნებით, უსჯულოებით საკმაოდ  გაუსწრო გარდასულ დროთ. წმიდა იოანე ოქროპირი ამის მოსალოდნელობას ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში შენიშნავდა:
  ,,თუკი ადამიანები ასე გაშმაგებულნი იყვნენ მაშინ, როდესაც მათ ერთიანი ენა და აზრები ჰქონდათ, უარესს ხომ არ ჩაიდენენ ისინი მომავალში?* 
  როგორც ვხედავთ, წმიდა ღვდელმთავრის წინასწარმეტყველება აღსრულდა. კაცობრიობამ დღეს, როგორც არასდროს, დაუნდობელი ომი გამოუცხადა ღმერთს და ახალი უღმერთო, გლობალური სამყაროს, ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ მომდევნო თავებში ვისაუბრებთ.
 
 * - წმ. იოანე ოქროპირი   „Беседы на книгу Бытия"  გვ 133.
 

უკან დაბრუნება