მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ოჯახური ცხოვრება

როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ოჯახური ცხოვრება


7-04-2014, 18:04

როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ოჯახური ცხოვრება

 

   ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო ასული კეთილმორწმუნე მშობლებისა. იგი გაიზარდა პატიოსან, ღვთისმოყვარე ოჯახში და თვითონაც ასე კეთილად და ღვთაებრივად ატარებდა  ოჯახურ ცხოვ-რებას. მან მოგვცა ჩვენ საკვირველი სახე  ოჯახური ცხოვრების. ამიტომ ჩვენც, ძმანო ქრისტიანენო, შევაჩეროთ რამოდენიმე წამი ამ საგანზე და ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ოჯახური ცხოვრება, როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი თავის სახლში, თავის ნათესავებთან და ახლობლებთან.

   პირველად ის უნდა ვთქვათ, რომ კეთილი ოჯახური ცხოვრება და პატიოსანი ყოფაქცევა საკუთარ სახლში არის საფუძველი ქრის-ტიანული ცხოვრების და ზნეობის. ყოველი კაცი თავის სახლში და თავის ოჯახში მიიღებს პირველ აზრს და ჩვეულებას. თავის ოჯახში ისწავლის ცუდ ან კარგ ყოფაქცევას, თავის სახლში შეითვისებს კეთილ ან ბოროტ ხასიათს. გაგონილი გექნებათ, ძმანო ჩემნო, როგორ იტყვიან კაცზე: ეს კაცი  კარგი ოჯახიდან არის და თვითონაც კარგი უნდა იყოსო ან ეს კაცი ცუდი სახლიდან არის და თვითონაც კარგი ვერ იქნებაო. რას ნიშნავს ეს ნათქვამი? იმას, რომ კეთილ, ღვთის-მოყვარე და წმინდა ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა; ხოლო ცუდ, გაფუჭებულ სახლში კაცი გაფუჭდება.

   მეორე, კეთილი ოჯახური ცხოვრება, იმიტომ არის საფუძველი კეთილი, ქრისტიანული ზნეობისა, რომ ქრისტიანი ვერსად ისე კარგად ვერ აღასრულებს ქრისტეს მცნებებს, როგორც თავის სახლში. ქრისტეს პირველი მცნება არის სიყვარული მოყვასის, მაგრამ სად შეგიძლია შენ, ძმაო ჩემო, გამოაჩინო სიყვარული ისე, როგორც შენს სახლში. აქ ნამდვილად დამტკიცდება, თუ როგორი გული გაქვს და თუ ნამდვილად შეგიძლია შენ მოყვასის შეყვარება. თუ შენ დედ–მამა ვერ შეიყვარე, თუ ძმები და დები არ გიყვარს, თუ ნათესავებისა და მოყვარეების მიმართ ცუდათ ხარ განწყობილი, მაშინ როგორღა შეძლებ შეიყვარო სხვა შენი მოყვასი?

   კარგი სათნოება არის მოთმინება; მოთმინებით კაცი თავის სულს აცხოვნებს, მაგრამ სად შეგიძლია შენ მიეჩვიო და აღასრულო იგი ისე, როგორადაც შენს სახლში? აქ ყოველდღე და ყოველწამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებით და სულგრძელებით. როდესაც ადამიანები ერთმანეთის სიახლოვეს ცხოვრობენ, თუ ერთმა მეორეს ნაკლი და შეცდომა  არ დაუთმო და არ მოითმინა, ვერ გაძლებენ ერთად.

   ფრიად საჭირო არის ყოველი კაცისთვის თავის უარყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისთვის, მაგრამ შენს სახლში, ყოველ დღე გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ–მამამ თავისი თავი უნდა დაივიწყოს და შვილებს შესწიროს; შვილმა დედ–მამა საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვაროს; ცოლმა თავისი თავი ქმრის სიყვარულს უნდა შესწიროს; ქმარს საკუთარ თავზე მეტად ცოლი და შვილები უნდა ახსოვდეს.

   კარგია: სიწმინდე, სულგრძელება, სიმშვიდე და სხვა ქრისტიანული სათნოება; მაგრამ ამ ყოველივეს ვერსად ისე ვერ შეიძენ და ვერ განამტკიცებ, როგორც სახლში.

   მესამე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კაცის ხასიათი ისე ვერსად ვერ გამოჩნდება როგორც  ოჯახურ  ცხოვრებაში. კარგი ხარ შენ, ძმაო, თუ ავი ხასიათი გაქვს იქ შეგეტყობა, შენს ოჯახში. როდესაც შენ უცხო ხალხში ხარ, როდესაც სხვაგან ხარ, შენი ოჯახის გარეთ, შენ ძნელად გამოაჩენ შენს ნამდვილ ხასიათს. როდესაც შენ ელაპარაკები ან საქმე გაქვს უცხო კაცთან, მაშინ შენ იმას ცდილობ, რომ დამალო შენი ნამდვილი ხასიათი და კარგ კაცად გამოჩნდე; მაგრამ შენს ოჯახში ვერ დაფარავ შენს ყოფა–ქცევას და შენს ხასიათს; იქ ყოველ წამს და ყველა  შემთხვევაში გამოჩნდება კეთილი ხარ თუ ბოროტი. ოჯახური ცხოვრება არის სარკე, სადაც ცხადად გამოიხატება შენი ნამდვილი ხასიათი და თვისება.

   აჰა, ძმაო ჩემო, როგორი მნიშვნელოვანია კეთილი ოჯახური ცხოვ-რება ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. სახლი ანუ ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია, როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ასევე უნდა იქცეოდე ოჯახში სიწმინდით და მორიდებით. უნდა გახსოვდეს, რომ  რასაც შენ სახლში იტყვი ან გააკეთებ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ ყველა შენი ოჯახის წევრისთვის. შენი ყოველი შინაური სიტყვა და საქმე არის თესლი, რომელიც თავის დროზე გამოიღებს კეთილ ან ბოროტ ნაყოფს.

   თუ შენ ხარ მამა, ან დედა და გყავს შვილები, ყოველი შენი ღონე უნდა იხმარო, რომ ისინი გამოვიდნენ კეთილი და ღვთისმოყვარენი. გახსოვდეს, რომ ისინი ყოველთვის შენ  გიყურებენ და შენგან სწავ-ლობენ ყოფა–ქცევას, როგორადაც გაზრდი და რასაც მიაჩვევ მათ, ისინიც ისეთები გამოვლენ. თუ შენ გულფიცხელი კაცი ხარ, ხშირად ყვირი, ბრაზობ, ჩხუბობ ოჯახში, შენი შვილებიც ამას მიეჩვევიან. რატომ არის, რომ ძმები ერთმანეთთან ვერ ძლებენ და მაშინვე გაყოფას ცდილობენ, რომ ცალკე იყვნენ? იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე დედ–მამამ არ დანერგა მათ გულში სიყვარული და ერთობა. კეთილი  და გონიერი მამა, ვიდრე  მისი შვილები პატარებია, უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათ გულში სიყვარული და ერთობა. იგი დაისვამს მათ თავის მუხლზე, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთო-ბასა და სიყვარულს, უყურებს რა ხასიათი აქვთ მათ და თუ ცუდი ყოფა–ქცევა შენიშნა მათ, მაშინვე შეუსწორებს და ასე ცდილობს, რომ სიყრმიდანვე კარგი ხასიათი მისცეს მათ და კარგ გზაზე დააყენოს.

   შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და ნდობა თავისი დედ–მამის. მას უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ–მამის კურთხევა არ არის მასზე, იგი ბედნიერი ვერ იქნება ქვეყანაზე. დიდი ძალა და მოქმედება აქვს დედ–მამის  ლოცვა–კურთხევას.

                                                            

 

 

 

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება