მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 3 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა სერაფიმე ვირიცელისა (+1949)
3 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა სერაფიმე ვირიცელისა (+1949)3-04-2019, 00:00 |
მამა სერაფიმეს ღვაწლი დაფარული იყო კაცთაგან, მაგრამ მისგან მომდინარე მადლის წყარო მთელი რუსეთიდან იზიდავდა მორწმუნეებს. საწყობივით ვარ, სადაც ხალხი თავის მწუხარებებს აგროვებსო, - ამბობდა. ერთ ღამეს მონასტრის ძმობა დააპატიმრეს და უმეტესი ნაწილი სოლოვკიზე გადაასახლეს. მრავალი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. დააპატიმრეს მამა სერაფიმეც. სასტიკად სცემეს, რამდენიმე ნეკნიც ჩაუმტვრიეს. 1933 წელს გაათავისუფლეს, რადგან ექიმებმა დაადგინეს - ეს დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებსო. ხელისუფლებამ ნება მისცა, ვირიცაში დასახლებულიყო. ეს პატარა ქალაქი პეტროგრადთან ახლოს მდებარეობს. სწორედ იქ, სულიერი შვილის ორსართულიან პატარა სახლში, გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ღირსმა მამამ. გარშემო სულიერი შვილები შემოიკრიბა. ყველას აფრთხილებდა, - ომი და შიმშილი იქნება, ამიტომაც ვირიცაში დასახლდითო. მრავალი ადამიანი მოდიოდა მამა სერაფიმესთან სულიერი ნუგეშისთვის, ბევრი მათგანი ღირსი მამის ლოცვით ფიზიკურადაც იკურნებოდა. ერთმა ქალმა თავისი ქალიშვილი მოუყვანა ღირს მამას. ბავშვს მარცხენა ხელი გამხმარი ჰქონდა. შეეწყალა პატარა წმინდა სერაფიმეს, მოეფერა, ხელი მოუთათუნა მტკივან მხარზე და ამ დროს გოგონამ იგრძნო, თუ როგორ დაიწყო გამხმარ ხელში სისხლმა მოძრაობა. შემდგომში ეს გოგონა მისი უერთგულესი შვილი გახდა. ვირიცაში მამა სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რომელიც მამა სერაფიმეს ბერად აღკვეცის შემდეგ ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, შემდგომში, დიდი სქემის შემოსვისას, დედა სერაფიმა უწოდეს, დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ კი მამა სერაფიმემ შეიფარა.
მამა სერაფიმეს ძალზე უყვარდა ახალგაზრდობა. იმ დროს ისინი იშვიათად დადიოდნენ ტაძარში. როგორ ხარობდა ხოლმე, როცა ახალგაზრდები მასთან მიდიოდნენ. მამა სერაფიმე ამბობდა ახალგაზრდების დიდ როლზეც ეკლესიის მომავალ აღორძინებაში. ის ამბობდა: „დადგება დრო, ახალგაზრდების ზნეობა დაეცემა და გაიხრწნება უკანასკნელ დონემდე. თითქმის არავის დარჩება გაუხრწნელი. ისინი ჩათვლიან, რომ თავიანთ ვნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერი ნებადართულია, რადგან თავს იგრძნობენ დაუსჯელად. შექმნიან ბანდებს, ჯგუფებს, დაიწყებენ ქურდობას, უკეთურობის ქმნას. მაგრამ მოვა დროს, როცა ღვთჲს ხმას გაიგონებენ, მიხვდებიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რწმენისკენ სხვადასხვა გზით წავლენ. ასწევენ მოსაგრეობის უღელს. ისინი, ვინც იყვნენ ცოდვილები, ლოთები, აღავსებენ ტაძრებს. სულიერი ცხოვრების დიდ წყურვილს იგრძნობენ, ბევრი მათგანი მონასტერში წავა. ის, ვინც დღეს სცოდავს, მწარედ შეინანებს. როგორც სანთელი, ვიდრე ჩაქრება, მკვეთრად აენთება და გარემოს ბოლო ნათელს მიაფენს, ასე იქნება ეკლესიის ცხოვრება. ეს დრო ახლოსაა". დადგა 1949 წელი. მამა სერაფიმე მძიმედ გახდა ავად, მთელი სამწყსო მისი განკურნებისთვის ლოცულობდა. მამა სერაფიმე მათ ამშვიდებდა: „ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ მომისმენს? ხელნი რომ აღვაპყრო მის მიმართ, უფალი მაშინვე განმკურნავს. მაგრამ არა როგორც მე მსურს - იყოს, მამაო, ნება შენი და არა ჩემი, ამიერიდან და უკუნისამდე. დაე ყველა ავადმყოფობა მეწვიოს, დაე იყოს ნება შენი!" მამა სერაფიმე ძალზე დაუძლურდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. თორმეტი დღე და ღამე გამუდმებით ეძინა. როცა გაიღვიძა, თავის მორჩილს უთხრა: - მრავალი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ჩვენს სამშობლოზე და რწმენაზე უკეთესი ვერ ვნახე. უთხარი ყველას, რომ არავინ უღალატოს მართლმადიდებლობასო. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. მამა ალექსი ყოველ ღამე აზიარებდა მოძღვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩაეძინა და მისვლა დააგვიანდა. მოძღვარმა უთხრა: - ნუ შეწუხდები, შვილო, მე უკვე ანგელოზებმა მაზიარესო. წმინდა სერაფიმე ვირიცელი გარდაიცვალა 1949 წლის 3 აპრილს და დაკრძალეს ვირიცაში, მეუღლის სქემმონაზონ სერაფიმასა და სული-ერი შვილთა გვერდით. წმინდა სერაფიმემ დაიბარა: - ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავთან, როგორც ცოც-ხალს, მითხარით სათხოვარი და დაგეხმარებითო. და ასეც არის - წმინდა მამა სერაფიმე შეეწევა და იფარავს მთელ მართლმადიდებელ საქრისტიანოს. რუსეთის მნათობის, ღირსი მამის სერაფიმე ვირიცელის ლოცვით, ღმერთმა მოგმადლოთ სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |