მთავარი > წმიდათა ცხოვრება, უბიწოება, მთავარი გვედის ფოტო > უბიწოებისათვის
უბიწოებისათვის16-09-2022, 09:39 |
თავადის ასულ ევდოკიას, მონაზვნობაში ეფროსინეს, ამბავი, რომელიც დიდმთავარ დიმიტრი დონელის მეუღლე იყო
სულის ხსნისათვის აუცილებელია არა მარტო სულიერი, არამედ ხორციელი უბიწოება. მოციქული ქრისტიანთა შესახებ ამბობს: ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით (გალ. 5,24). დიახ, ერთის არსებობა მეორის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. სხეულით უბიწო, უმეტეს შემთხვევაში, სულითაც უბიწოა. მას, ვინც სხეულს წაიბილწავს, თავშიც ბილწი აზრები მოსდის. ამასთან, ვნებისმოყვარეობის წყლული დღევანდელი საზოგადოების ყველაზე საშინელი სატკივარია. სიბილწეს ჩადიან და თავსაც იმართლებენ: „რა ვქნა, ხორციელი ადამიანი ვარ, ასე ვერ ვიცხოვრებ, ანგელოზი კი არ ვარ". არ შეგიძლია, წმინდანივით იცხოვრო? ისინი ხომ ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ, ჩვენნაირი ხორცი ემოსათ, მაგრამ ღირსებასა და უბიწოებას ყოველთვის უფრთხილდებოდნენ. ალბათ იტყვით: „ისინი უდაბნოში მოღვაწეობდნენ, საცდური თითქმის არ ჰქონდათ". არ არის მართალი, საყვარელნო! ბევრი მათგანი არა მხოლოდ უდაბნოში, სამეფო სასახლეშიც კი უძლებდა ცდუნებას. არ გჯერათ ამის? მაშ, მოისმინეთ, მოგითხრობთ ამის მაგალითს. ნეტარი ევდოკია, რომელსაც მონაზვნობაში ეფროსინე ეწოდა, დაქვრივდა. დიდი მთავრის, დიმიტრი დონელის გარდაცვალების შემდეგ ევდოკია აგებდა ეკლესია-მონასტრებს და წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ უგუნური ხალხი, ეშმაკის შეგონებით, შფოთავდა და ამბობდა: -ნუთუ შეუძლია მარტოდ დარჩენილ ქალს, რომელსაც ასეთი ძალაუფლება აქვს, უბიწოდ იცხოვროს? ეს ესმოდათ მის შვილებს და თავად ევდოკიამაც გაიგო. ერთხელაც, როცა შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი შეწუხდა ბოროტი ჭორებით, დედამ შვილებს უხმო და აცრემლებულმა უთხრა: -ჩემო საყვარელო შვილებო, ნუ დარდობთ, სიხარულით ვიღებ ყოველგვარ ცილისწამებასა და კიცხვას, მაგრამ რადგან ვხედავ, რომ ერთ-ერთ თქვენგანს ჩემში ეჭვი ეპარება, გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს. მან მკერდის ნაწილი მოიშიშვლა და აჩვენა ვაჟიშვილებს. მკაცრი მარხვით სხეული თითქოს გასიებოდა და ცეცხლში დამწვარს ჰგავდა, ხორცი დაშრეტოდა და კანი ძვლებზე იყო მიმხმარი. შვილები შეძრწუნდნენ. დედამ აუკრძალა მათ ამ ამბის გახმაურება და ითხოვა, ყურადღება არ მიექციათ მის შეურაცხმყოფელთათვის. მის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ევდოკია წმინდა ცხოვრებას აგრძელებდა და ლოცვითა და მარხვით ღმერთს მიუახლოვდა. რას იტყვით ამაზე თქვენ, ვინც ამბობთ, რომ არ შეგიძლიათ სხვაგვარი ცხოვრება? რომ წუთისოფელში ცხოვრობთ და ანგელოზები არ ხართ? ხედავთ, დედოფლურ ფუფუნებაშიც კი შეინარჩუნა წმინდანმა უმანკოება, შეაჭირვა ხორცი, და შეიძლება ითქვას, რომ მოაკვდინა იგი. თქვენ რატომღა არ შეგიძლიათ იმავეს გაკეთება? იმიტომ, რომ არ გსურთ. კი არ გაურბიხართ ცოდვას, პირიქით, თავად ეძებთ მას. ყოველ შემთხვევაში, ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა. არცა მემრუშეთა. არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ (1 კორ. 6, 9-10). და ისინი, სხვა ცოდვილებთან ერთად აღმოჩნდებიან ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა (გამოცხ. 21,8). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |