მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განსაკუთრებულად რას უნდა უფრთხოდნენ სულის ცხონების გზაზე მიმავალი ადამიანები

განსაკუთრებულად რას უნდა უფრთხოდნენ სულის ცხონების გზაზე მიმავალი ადამიანები


26-06-2014, 00:01

განსაკუთრებულად რას უნდა უფრთხოდნენ სულის ცხონების გზაზე მიმავალი ადამიანები

 

ურჩობის შესახებ

 

   ზოგჯერ ესა თუ ის კაცი გადაწყვეტს, რომ თავი სრულიად მიუძღვნას უფალს. გადის გარკვეული ხანი მოღვაწეობის დაწყებიდან და რა ემართება? თავიდან ლოცვაში პოულობს უდიდეს ნეტარებას, შემდეგ, რაც უფრო უახლოვდება უფალს, მით უფრო უღრმავდება საკუთარ ცხოვრებას, შეიცნობს მის მიერ წარსულში ჩადენილ ცოდვებს და ინანიებს მათ. აი, სწორედ ამ დროს არის საჭირო დიდი სიფრთხილე და წინდახედულება. როგორც კი ასეთი პიროვნება დაიწყებს ცოდვაზე ფიქრს, ნანობს, ლოცულობს, მარხულობს და ასე შემდეგ, მის წინააღმდეგ მაშინვე აღიძვრება ეშმაკი, თავისი მახეებით და ასე შეაგონებს: „თუკი ასე გააგრძელებ ცხოვრებას, მალე შეიშლები და მოკვდები". ასეთი შეგონების წყალობით ხშირად ნელდება ადამიანის სიმტკიცე, ღვაწლი თანდათან სუსტდება და იგი საბოლო-ოდ ეცემა. არა, ჭეშმარიტი ქრისტიანი ასე არ უნდა მოიქცეს. თუკი იტვირთე ღვაწლი, ჯვარი აიღე, მაშ, ზიდე იგი ბოლომდე, წინააღმ-დეგ შემთხვევაში-დაიღუპები.

   წმინდა ეფრემ ასური ბერ-მონაზვნების შესახებ ამბობს: „თუკი ვინმე ბერთაგანი წავა მონასტერში და უყურადღებო აღმოჩნდება საკუთარი თავის მიმართ, ეშმაკი აუცილებლად შეეცდება მის დაღუპვას. იგი ბერს ბოროტ აზრებს შეაგონებს და ეტყვის: „რისთვის იღვწი სიკეთის აღსასრულებლად, შრომობ და იქნაცები, როცა ამას არავინ დაგიფასებს? განა შენი ნებით მოხვდი მონასტერში? ამისკენ ხომ შექმნილმა მდგომარეობამ გიბიძგა და გაიძულა ბერად აღკვეცი-ლიყავი. ასე რომ არ ყოფილიყო, მონაზვნობას არც იფიქრებდი. ტყუილად რატომ შრომობ, ამისთვის ვერაფერს მიიღებ". ასეთ ფიქ-რებს შთააგონებს ეშმაკი ბერს, იმ განზრახვით, რომ დაუდევრობაში ჩააგდოს და თუკი ბერი მტრის შეგონებას ყურს დაუგდებს, გაუჩ-ნდება ყველაფრის მიმართ უსულგულო დამოკიდებულება, დაკარგავს ღვთისმოშიშებას, უხეშად შეეპასუხება დიდსაც და პატარასაც, მიეცემა უმაქნის ძილს. თუკი ოდესმე სიკეთეს გააკეთებს, იდარდებს იმის გამო, რომ ამაოდ გაისარჯა. ასეთები ხშირად შფოთავენ და სულიერად ნადგურდებიან. იმის ნაცვლად, რომ სიკეთე აღასრულონ, პირიქით იქცევიან. მარხვისა და ლოცვის ნაცვლად, სისულელეებს ამბობენ და ამით ყოველგვარ მადლს შორდებიან. ისინი ივიწყებენ, რომ მხოლოდ დიდი ღვაწლისა და შრომის ფასად დავიმკვიდრებთ უფლისაგან მარადიულ სიმშვიდეს. წმინდა მამა ასკვნის: „ამიტომაც, ისწრაფვეთ ჭეშმარიტი ცხოვრებისაკენ, არ დაივიწყოთ სინანულისა შესახებ და სიკეთე თვალთმაქცობის გარეშე აკეთეთ".

   ის, რაც წმინდა ბერმა გვაუწყა, დამაფიქრებელია ყველა მათგანისა-თვის, ვინც სულის ცხონება გადაწყვიტა და ეშმაკი კი საპირისპიროს შეაგონებს. ამ ძნელად სავალ გზაზე ხშირად მოიგონეთ მაცხოვრის სიტყვები: არავინ დასდვის ხელი სახნველსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ ღმრთისასა (ლუკ. 6,62) და მოციქულის სიტყვები: განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამე-თუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვი-რალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა (1 პეტრ. 5,8) და არ დაგავიწყდეთ, რომ იგი არავის მოასვენებს, მითუმეტეს მათ, ვინც ღვთივსათნო გზაზე შემდგარან. გახსოვდეთ, რომ აქ დედამიწაზე, ჩვენ ვართ, როგორც მეომრები, ომში ჩაბმულნი და მუდამ გამზადე-ბული უნდა გვქონდეს იარაღი-უფლისა და მისი წმინდანების სწავლებანი და მათთან ერთად გავიდეთ მტრის მისაგებებლად. გამარჯვებულნი და ბოლომდე უფლის ერთგულნი კი მივიღებთ იმ ჯილდოს, რომელიც გამარჯვებულს აღეთქვა: რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომა ჩემ თანა საყდარსა ჩემსა (გამოცხ. 3,21). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება