მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მეზვერისა და ფარისევლის კვირა
მეზვერისა და ფარისევლის კვირა21-02-2021, 08:29 |
"ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე" (ლუკ. 18,10)
ამ ქვეყანაზე კაცის დაცემულ ბუნებას მრავალი ცოდვა სტანჯავს, მაგრამ ფარისევლობაზე უფრო საშინელი არც ერთი მათგანი არ არის, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი ისე არ მოეკიდება კაცის გულს, როგორც ფარისევლობა. არც ერთი მათგანი იმ ზომით არ მოინადირებს მის სულს და ისე ღრმად არ დაინერგება მის ბუნებაში. ყველა სხვა ცოდვა მხოლოდ ერთ დროს და ერთ ასაკში მოერევა კაცს, ფარისევლობა კი სიყრმიდან საფლავამდე მისდევს მას, ყველა სხვა ცოდვა მხოლოდ გაერევა და გამოჩნდება ზოგიერთ საქმეში, ეს კი ყოველ სიტყვასა და საქმეში. ფარისევლობა ყველა მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყველა აზრს და სიტყვას მისცემს უარყოფითად განსხვავებულ ფერს, მაგრამ ყველაზე ცუდი ფარისევლობისა ის არის, რომ იგი ატყუებს კაცს, ფარისეველი, ფიქრობს, ვითომ იგი კეთილი და სათნოა ღვთისთვის. რა არის, ძმაო, ფარისევლობა? დღეს გავეცნოთ და აღვწეროთ მისი ნიშნები. ვიცნოთ მახლობლად ეს საშინელი ჩვენი მტერი, რათა არ შემოგვეპაროს და ჩუმად არ მიიტაცოს ჩვენი გული. დიდი სიფრთხილე და მორიდება მართებს ყველა კაცს, რათა დაიცვას თავი ამ ცბიერი და მატყუარა მტრისგან, ვინაიდან იგი, როგორც ერთი მლიქვნელი და ცრუმომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება, ადამიანს გულში და მოინადირებს მის სულს... „ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას’’, ასე დაიწყო მაცხოვარმა თავისი იგავი – „ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე’’. ფარისეველი იგი წარსდგა და ამას იტყოდა თვისგან: „ღმერთო გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი’’ – ამ სიტყვებიდან შეიცანი, ძმაო, რომ პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულდიდობა. ფარისეველი შევიდა საყდარში სალოცავად და ლოცვის ნაცვლად წარსდგა, ესე იგი, წინ დადგა და დაიწყო თავის ქება. რა საშინელი ამპარტავნება და გულდიდობა უნდა ჰქონდეს კაცს, რომ იგი საყდარშიც, ლოცვის დროს, არ იქცევა თავმდაბლად, არამედ იქაც თავისი გულდიდობა ახსოვს. იქაც ეძებს პატივს და წინდგომას, იქაც იმიტომ შევა, რომ აჩვენოს სხვებს თავისი დიდკაცობა და სიმდიდრე. ახლაც არიან მრავალნი ამ ფარისევლის მსგავსნი! ახლაც ბევრი არ კადრულობს ტაძარში თავმდაბლად მოქცევას. უფრო მეტად სოფლებში, არა მარტო წინ დგომას ეძებენ, არამედ ეჯავრებათ თუ მათ სიახლოვეს დადგა ვინმე მდაბიო და ღარიბი კაცი. ლოცვის დროს მის გარშემო ქედმაღლურად იხედებიან, სახეზე გამოხატული აქვთ რაღაც ამპარტავნება, პირჯვარს მძიმედ იწერენ, ვითომ არც კი კადრულობენ პირჯვრის გადაწერას და დიდად ავალებენ ღმერთს თავისი პირჯვრის წერით. მოკლედ, ახლაც ზოგიერთი ქრისტიანი, რომლებსაც აქამდე არ შეუცვნიათ სული ქრისტესი, დაემსგავსება ძველ ფარისეველს. მაგრამ მივუბრუნდეთ კვლავ იგავს და ვნახოთ, როგორ ლოცულობდა ფარისეველი თავის გულში. ფარისეველი წარსდგა და ამას იტყოდა თვისგან: „ღმერთო გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე’’... რა ლოცვა იყო ეს ლოცვა! ლოცვისას კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღიარებდეს ღვთის წინაშე თავის უღირსებას და გამოითხოვდეს მისგან ცოდვათა შენდობას და თუნდაც მლოცველი გრძნობდეს თავის გულში, რომ მან შეძლებისდაგვარად დაიცვა ქრისტეს სჯული და არ ჩავარდნილა რომელიმე დიდ ცოდვაში, არამედ ღვთის მადლით დაუმარხავს ღვთის მცნებები, მაშინაც ამას ღვთის მადლს უნდა მიაწერდეს და მადლობას სწირავდეს ღმერთს და ითხოვდეს მისგან, რათა მომავალშიც დაიცვას იგი ცოდვათაგან. მაგრამ ფარისეველი იქებს თავის თავს და რით იქებს იგი თავს? იმით, რომ იგი არ არის ცრუ, მრუში და მტაცებელი. რანაირი ქება არის ეს? ასე თავის ქება უბოროტეს ავაზაკსაც შეუძლია. მაგრამ აქ, ძმაო, მიაქციე ყურადღება ამ სიტყვებს: „არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი’’. მე არ ვგავარ სხვებს, მე სხვებზე უკეთესი ვარ, სხვები ცუდები არიან. არ გენიშნება აქ, ძმაო, ზოგიერთი შენი ნაცნობის ნათქვამი და ნალაპარაკევი? ეს უგუნური სიტყვა ფარისევლისა არ მოგაგონებს ზოგიერთი ახლანდელი ქრისტიანის ლაპარაკს? არ გახსოვს რას ამბობენ ზოგიერთები და იქნებ შენც გითქვამს და იქნებ, ვინ იცის, მეც მითქვამს ამის მსგავსი სიტყვა? მართალია ასე პირდაპირ არ იტყვი შენ: მე სხვაზე უკეთესი ვარო, მაგრამ ზოგჯერ შენი ლაპარაკიდან ზუსტად ის აზრი გამოდის, რომ შენ არ ხარ ისეთი, როგორიც სხვა, როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად მოყვასის განკითხვას, მჭერმეტყველად აღწერ მათ შეცდომებს და სიცუდეს, დასცინი მათ საქმეებს და თვისებებს, – მაშინ შენს საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ამ ფარისევლის სიტყვებისა, თითქოს შენ იმას ამტკიცებ, რომ შენ არ ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსაც განიკითხავ, შენ ისე არ შეცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორედ ასეთი აზრი გამოდის შენი საუბრიდან. იქნებ შენ თვითონაც არ გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი. ფარისევლობა დიდად მზაკვარია. იგი ხშირად შეუცნობლად დაიბადება შენს გულში, იგი ზოგჯერ ისე, რომ ვერც შეატყობ, მიაბრუნებს შენს სიტყვას და საქმეს იქეთ, სადაც არ გსურდა... დავუბრუნდეთ კვლავ ფარისეველს... მან ასე განაგრძო თავის გულში ლოცვა: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა’’. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და შემზარავი აზრი გამოდის ამ სიტყვათაგან! თურმე მარხვა და მსხვერპლშეწირვა ორი სახის ყოფილა! თურმე მარხვა და მსხვერპლშეწირვა ზოგჯერ სინანულითა და ღვთისმოყვარებით კი არ აღესრულება, არამედ ამპარტავნებით! თურმე შეიძლება მარხვა და მსხვერპლშეწირვა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლს და ღვთისმსახურებას, არამედ მხოლოდ ცოდვას და ღვთისწინააღმდეგობას! რისთვის იქებდა ფარისეველი თავს, თუ ეს ასე არ იყოს! რა არის და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლშეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, მონანიება, შეწუხება, ტირილი და ღვთის ვედრება. როდესაც კაცი ჭეშმარიტად მარხულობს, ნიშნავს იმას, რომ იგი წუხს თავის ცოდვებზე. რით შეუძლია მას იამაყოს? არა! ამ ფარისეველმა არ იცოდა , რა არის ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლისშეწირვა. მისი მარხვა იყო ნაყოფი მისი ორგულობისა და ამპარტავნებისა. მას მხოლოდ თავის მოწონებისთვის და პატივის მიღებისთვის შეუნახავს მარხვა. აჰა, ძმაო, კიდევ ერთი თვისება ფარისევლობისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ სხვების დასანახად და საჩვენებლად. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად. მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ, მაშინ, როდესაც სხვები დაინახავენ და ასეა ყოველ საქმესა და ქცევაში. თუ ლაპარაკში იგი გარწმუნებს, რომ არის მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ, როდესაც რომელიმე ცოდვას და უსამართლობაზე მწუხარე სახით გელაპარაკება, თითქოს მას ეჯავრება უსამართლობა, ნუ ირწმუნებ. უთუოდ იგი არის პირველი მოქმედი იმ უსამართლობის. რამდენი ასეთი ადამიანია ჩვენ შორის, რომლებიც მრისხანე სახით და ფიცხელი სიტყვით განიკითხავენ თავის მოყვასს. გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზე უკეთესი კაცი არავინ არის, მას სძულსო ყოველი ცუდი საქმე. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მას არ ჰქონდა შემთხვევა, თორემ პირველი იგი გააკეთებდა იმ საქმეს, რომელსაც ასე განიკითხავს. მაგალითად, რამდენი ისეთი კაცი იქნება ჩვენ შორის, რომ არ აქვს ხელსაყრელი შემთხვევა და არ შეუძლია ქრთამის აღება, მაშინ გულმოსული და გაფიცხებული წყევლის ქრთამს და ქრთამის ამღებს, მაგრამ როდესაც მიეცემა ამის საშუალება, თვითონ სხვებზე უარესად იწყებს ქრთამის აღებას. ასეთი იყო უგუნური ფარისევლის ლოცვა და ასეთია მისი სამი ბოროტი თვისება: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხოფა და პირფერობა ანუ მოტყუება! ხოლო თუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, თუ როგორია ჭეშმარიტი ლოცვა და სინანული, მიაქციე ყურადღება მეზვერის ლოცვას: „ხოლო მეზვერე იგი შორს ჰსდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერედსა და იტყოდა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას!" მონანული მეზვერე შემუსვრილი და განადგურებული ვერ ბედავს წინ დგომას... იგი შორს იდგა... იგი ისე იყო შეწუხებული თავისი გრძნობისაგან, რომ თითქმის ეჯავრებოდა თავისი თავი. იგი ვერ ბედავდა ზემოთ ახედვას და ვერც მის გარშემომყოფთათვის შეხედვას. იგი მხოლოდ იცემდა მკერდში და იტყოდა: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას.’’ ღმერთო გვილხინე ჩვენ ცოდვილებსაც! ასე გულის სიღრმიდან ვთქვათ ჩვენც, ქრისტიანენო. ღმერთო გვილხინე ჩვენც, რომლებიც სიტყვით და საქმით ხშირად მივემსგავსებით ამ ფარისეველს, მაგრამ არ გვაქვს სინანული მეზვერისა: ღმერთო გვილხინე ჩვენცა ცოდვილთა ამათ! ამინ.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი უკან დაბრუნება |