მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > პოლიტიკოს ნ.-ს პოლიტიკური მორალის შესახებ
პოლიტიკოს ნ.-ს პოლიტიკური მორალის შესახებ23-08-2013, 00:04 |
თქვენმა წერილმა მიმახვედრა, რომ მზად ხართ აღიაროთ რაღაც განსაკუთრებული მორალი პოლიტიკაში, რომელიც განსხვავდება სხვა საქმეთა და ადამიანურ ურთიერთობათა მორალისაგან. ეს ნიშნავს, რომ (თუმც თქვენ ამის შესახებ ფრთხილად, ფაქიზად აღნიშნეთ), ყველაფერი, რაც ადამიანთა ყოველდღიურ საქმიანობაში უპატიოსნობად მიიჩნევა, პოლიტიკაში პატიოსნებად ითვლება, და ის, რაც დაუშვებელია დანარჩენ ურთიერთობებში, დასაშვებია პოლიტიკაში. ამ საშიშმა წარმოსახვამ (რომლის შესახებ არც თქვენგან მესმის პირველად და არც გუშინ გამიგია), ის მოიტანა, რომ ხალხმა პოლიტიკა მართლაც განსაკუთრებული მორალის მქონედ, ანუ ამორალურად ჩათვალა.
არ ვიცი თქვენ გაგიგიათ თუ არა, მაგრამ მე მავანთა შესახებ ხშირად მესმოდა ხალხის ამგვარი მსჯავრი: "ნუთუ შენ ფიქრობ, რომ იგი სიმართლეს ამბობს? ეს მხოლოდ პოლიტიკაა".
ხედავთ, როგორი უფსკრულია თქვენს ოცნებასა და ხალხის სამართალს შორის, ეს იმიტომ, რომ პოლიტიკა თავისი საუკეთესო არსით ხალხის მსახურებაა და ამასთან ერთი უდიდესთაგანი.
მე მესმის რაც გსურთ, თქვენ გინდათ გამოძებნოთ რაღაც განსაკუთრებული ხელოვნება, რომელიც ხალხის წინსვლას განაპირობებს და სახელმწიფოს განამტკიცებს, და ამ განსაკუთრებულ ხელოვნებას, რომელიც უცილობლად ჰგავს ბანქოს თამაშს (ან თაღლითობას) გსურთ პოლიტიკური მორალი უწოდოთ. ეჭვი არ მეპარება თქვენი განზრახვის კეთილშობილებაში, მაგრამ სხვა დანარჩენი, რაზედაც საუბრობთ, არც მორალის, არც ქრისტიანობის, არც კულტურის წრეს არ განეკუთვნება. ეს წინარეისტორიული თამაში და კეკლუცობაა ძლიერსა და სუსტს შორის, ამას თან სადაც ღიმილი ვერ უშველის, იქ კბილები და ბრჭყალები დაეხმარებიან, და პირიქით.
ამის შესახებ ხალხი ამბობს: სიმართლე ქალაქებისა და ქვეყნების საფუძველია.
თუკი თქვენ ჩვენი ხალხის ამ რკინის აქსიომას, როგორც უბრალოს, უგულვებელყოფთ, ისმინეთ, რას ამტკიცებენ კულტურული ინგლისელები: "პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა."
ინგლისის ხანგრძლივ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო დრო, როცა ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ. გამოცდილებამ მათ ასწავლა, რომ ჭეშმარიტად, პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა. ერთმა ამერიკელმა სამხედრო პოლიტიკოსმა თქვა: "ამერიკელები ისეთივე აზრებითა და გრძნობებით რომ მიდიოდნენ პარლამენტში, როგორითაც ეკლესიაში მიდიან, ჩვენი სახელმწოფო უფრო ძლიერი იქნებოდა, ხალხი კი კმაყოფილი". ძველ კერპთაყვანისმცემელთა შორისაც კი, ჩვენთან, ბალკანეთში სწორედ ის მმართველები განადიდეს, რომლებიც საერთო სახალხო საქმეებში იმავე მორალურ კანონებს ეყრდნობოდნენ რასაც პირად ურთიერთობებში. გაიხსენეთ, როგორ მოიქცა მართალი არისტიდი, როცა სამშობლოდან მის განდევნას აძლევდნენ ხმას. ერთმა უცნობმა და უწიგნურმა კაცმა სთხოვა არისტიდს მისთვის ქოთნის ნატეხზე დაწერა: "განიდევნოს არისტიდი" მანაც უყოყმანოდ დაწერა ის, რაც მისთვის საზიანო იყო.
მორალის განუყოფლობა ყველაზე მეტად ქრისტიანული რწმენითაა აღიარებული და განმტკიცებული. ამ პატარა ევროპულ კონტინენტზე დღევანდელი შფოთისა და უბედურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ორმაგი მორალია; ერთი მორალი პირადი, ხოლო მეორე საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის სჭირდებათ. ამგვარ ორპირობას ხალხისთვის სიკეთე რომ არ მოაქვს ქრისტეს წინაშე იერუსალიმელ უხუცესთა საქციელი და ისრაელის ხალხის შემდგომი ბედი გვიმოწმებს. შინაგანი კანონით ხალხის განსჯისას ისინი სიკვდილით სჯიდნენ ცრუმოწმეებს, ვიდრე თვითონ არ დაიწყეს მათი ძებნა ქრისტეს საწინააღმდეგოდ. შემდეგ ერთმანეთს ეუბნებოდენ, რომ იესო რომაელთა მომხრეა, (იოან. 11.48) რომაელ პილატესთან ამბობდნენ რომ, იესო რომაელების და კეისრის მოწინააღმდეგეა, რამეთუ თავს მეფედ აღიარებს (იოან 19.19) და პირმოთნედ უმატებდნენ: ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა.
აი, მორალის ორმაგობა. აი, პოლიტიკური მორალი, რომლითაც იუდეველთა პოლიტიკოსებს საკუთარი ხალხის გადარჩენა სურდათ, მაგრამ დაღუპეს იგი. მთელი ამ ინტრიგისა და ფარისეველთა არანორმალური ცბიერების მხილველმა უფალმა უწინასწარმეტყველა მათ: "აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათ. 23.28) ესეც თქვენ ნაყოფი პოლიტიკური მორალისა. ეს საშინელი გაკვეთილია ყველა ხალხის წინამძღოლთათვის, რომლებიც მორალს ხლეჩენ და შორდებიან ხალხურ რკინის აქსიომას: სიმართლე ქალაქებისა და ქვეყნებისა საფუძველია.
მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგანიჭოთ ღმერთმა!
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)
უკან დაბრუნება |