მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე ილარიონის (ტროიცკი) ცხოვრებიდან
მღვდელმოწამე ილარიონის (ტროიცკი) ცხოვრებიდან3-06-2017, 00:04 |
"მივეჩვიე რა ძველებურ ღვთისმსახურებას, რომელიც მთელი სულითა და გულით შევიყვარე, მეშინოდა მღვდელმთავრობისა და ყოველთვის ვსაუბრობდი ეპისკოპოსად კურთხევის აცილების შესახებ. დღეს კი ვდგავარ თქვენს წინაშე მღვდელმთავრებო თქვენს ხარისხში შემოსილი და ხშირად საპირისპიროს ვამბობ, იმიტომ რომ მტკიცეა ჩემი სასოება ღვთის მიმართ. დღეს ნათლად ვხედავ, რომ ღვთის განგება მართავს ეკლესიას და ღვთის ნების გარეშე ვერ დაადგენენ ეპისკოპოსებს ეკლესიაში.” წერდა მღვდელმოწამე ილარიონი. მეორე დღეს არქიმანდრიტი ილარიონი ქიროტონიზებულ იქნა ვერეის ეპისკოპოსად. ამ დღიდან მისი ცხოვრების წესი საერთოდ შეიცვალა. ქიროტონიამდე მას ჰქონდა დრო სწავლისა და სულიერი წიგნების წაკითხვისათვის, რაშიც დიდ სულიერ სარგებელს პოულობდა, ახლა კი ამისთვის დრო აღარ რჩებოდა. ის თითქმის ყოველდღე, დილით და საღამოთი მსახურებდა. ყოფილა შემთხვევები, დღეში ორჯერ ქადაგებდა, სახლში მხოლოდ ორი საათით მიდიოდა, რომელსაც საღამოს მსახურების წინ დასასვენებლად იყენებდა. ეპისკოპოსი ილარიონი თავის ახლობლებს წერდა: "საერთოდ დავკარგე თავისუფლება. თითქოს ტყვე ვიყო. არა მხოლოდ დღე, არამედ საათიც არ მაქვს თავისუფალი, რომელსაც ჩემი სურვილისამებრ გამოვიყენებდი. "ბუტირკაში” (მოსკოვის ციხე) მაინც შეგვიყვანონ დასასვენებლად. ეს ერთადერთი ხელმისაწვდომი აგარაკი ან სანატორიუმია ჩვენთვის. არ ვიცი სანამდე მეყოფა სულიერი მხნეობა.” აქტიური ეკლესიური მოღვაწეობის შედეგად 1922 წლის 22 მარტს მეუფე ილარიონი დააპატიმრეს. მას ბრალი დასდეს, რომ ასრულებდა პატრიარქ ტიხონის დავალებას, აწყობდა დისპუტებს, საღვთისმეტყვეოლო საკითხებში, დიდი ერუდიციით გამოირჩეოდა, მოწინააღმდეგე უღმერთო ოპონენტების დისკრედიტირებას ახდენდა. ყოველდღიური და ყოველწლიური გადატვირთვის, ეტაპირებისა და სასამართლოების შემდეგ, გადასახლება მას უეცრად შვებულებად მოეჩვენა. დიდი ქალაქი, სახლი, რომელშიც ოჯახის უფროსმა ცალკე ნათელი ოთახი გამოუყო... პირველ ხანებში ის თითქმის მთელი დღე მდინარის სანაპიროზე სეირნობდა, ტკბებოდა სუფთა ჰაერით, სიმშვიდითა და თავისუფლებით. მხოლოდ ერთი აწუხებდა - როგორც გადასახლებაში მყოფს, არ ეძლეოდა სისტემატიური ღვთისმსახურების უფლება. თავის ახლობლებს მეუფე წერდა: "ღვთისმსახურება ნაკლებად მიწევს, დღესასწაულის დღეებში ძალიან ვიწყენ ღვთისმსახურების გარეშე. ერთი სიტყვით, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მთავარია თავისუფალი დრო მაქვს და სწავლა შემიძლია. ხოლო ეკლესია სხვებმა "განაახლონ”, ჩვენ სხვა გზით მივდივართ. ეკლესიის "გაცოცხლებისათვის” მოწვეულ ყრილობაზე რა არ მოიფიქრეს: 1) ეპისკოპოსების ქორწინება 2) მონაზვნების ქორწინება ხარისხში დატოვებით, 3) მღვდლის ქვრივზე ქორწინება, 4) მღვდლის მეორედ ქორწინება. 5) ნათესავთან ქორწინება 6) ახლო ნათესავზე ქორწინება. მაშ ასე, ექვსი "ქორწინება”- და სულ ეს არის! თურმე რა იოლია! რას იზამ! მშვიდობაში! ჩვენ კი გადასახლებაში ვიმოგზაურებთ. უსინდისობის, უწმინდურობის და თავხედობის წინაშე ქედს არ მოვიხრით. ეს არ არის ღვთისათნო საქმე. ამიტომ, მას არც მომავალი აქვს. "რაც მთავარია, ამაზრზენია - სრული პოლიტიკური პროვოკაციაა. ჩვენი ლიბერალები ყოველთვის პირველები მიჰყვებიან მთავრობას.” "ცოცხალი ეკლესია” მოსკოვსა და პეტერბურგში საერთოდ თავს გავიდა ისე, რომ ძალიან VIVAA (ცოცხალი - ლათ.) აღმოჩნდა. მათი ყრილობის დადგენილება სიგიჟეს ჰგავს. "ახალგამომცხვრების” ხარისხში აღიარება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ყველა მათი დადგენილება არაკანონიერია. ამ მოსაზრებას ვიცავ. "განმაახლებლების” გზით სიარული არ შემიძლია - გვიანია, უკვე არ ვვარგივარ ამისთვის, - ”განმაახლებელი გაიქცევა”. 4 აგვისტო: "თვითონაც არ ვიცი მიზეზი ჩემი გადაყვანისა. ეტყობა ასეა საჭირო. ღვთის განგება ბოროტების მეშვეობითაც მოქმედებს. ისინი ფიქრობენ, რომ თავის ბოროტ საქმეებს სჩადიან, სინამდვილეში კი ღვთის კეთილ ნებას ასრულებენ. რაც შეეხება ეკლესიურ შფოთს, მასში ვერაფერს ვხედავ სისულელისა და უმსგავსობის გარდა. უბრალოდ უხერხულია ყველაფრის ვრცლად დაწერა. ვიცნობ ზოგიერთ "ახალ მოღვაწესაც.” მათგან სიკეთის ლოდინი და ჯინჭარში ჟოლის ძებნა ერთი და იგივეა, მრავალ ბოროტს იქმნიან და მრავლადაც ვივნებით მათგან, იმიტომ რომ აქვთ ძალაუფლება და დასჯის უფლება. მე ვფიქრობ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ახლანდელი მდგომარეობა ავადმყოფობის (იმ წლებში სიტყვა "ავადმყოფობა” დაჭერას ნიშნავდა) დასაწყისია. როგორც ჩანს, არა ერთი წელი გაივლის ტყვეობაში, გადასახლებასა და გაჭირვებაში. მაგრამ, ვიცი რა ეკლესიის ისტორია, ოდნავადაც არ ვარ უიმედოდ, მირჩევნია "ღვთის ხალხთან ერთად ვიტანჯებოდე,” ვიდრე "ფარაონის ქალიშვილის ძედ ვიწოდებოდე.” "მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიმყოფები, მოსკოვის ამბების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან კარგად ინფორმირებული ვარ. ყოველი ინფორმაცია ანადგურებს ჩემს მშვიდ ცხოვრებას. შეიძლება გულგრილი ვიყო ჩემი ცხოვრებისა და ბედის მიმართ, მაგრამ ეკლესიის საქმეები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ახლა მხოლოდ ერთს ვხედავ. ეშმაკი შეუსვენებლივ მოქმედებს და მრავალი გონიერი ადამიანიც გადაიბირა. მართალია, ახლა "მოღვაწეების” უმრავლესობა ავანტიურისტი და აფერისტია, მათგან არაფერს უნდა ველოდოთ, ღალატისა და უმსგავსოების გარდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი, ვინც წესიერ ადამიანად მიმაჩნდა, რაღაც მოსაზრების გამო ჭკუიდან შეიშალა. იმედია, არ გაიმეორებთ თქვენს რჩევას, თითქოს მათთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. უმჯობესია გადასახლებაში ცხოვრება! ეკლესიასთან და მის კანონებთან თამაში, სისულელეების თქმა ჩემთვის მიუღებელია... როგორი პირფერობაა, როგორი უსინდისობა. აშკარა დევნაა მათი, ვინც ერთგულია წმინდა მართლმადიდებლობისა.” უწმინდური დეოკლეტიანები, ნერონები, პირდაპირ ამბობდნენ: არ შეიძლება იყო ქრისტიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები. ესენი კი გაიძახიან: ჩვენთან სრული სინდისის თავისუფლებაა, ჩვენთან ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. ხოლო სინამდვილეში: აჰ, თქვენ არ გსურთ დაემორჩილოთ კრასნიცკის? მიბრძანდით "კუტუზკაში”, გადასახლებაში! მხოლოდ მოგვეცით სინდისის თავისუფლება და თქვენი "ცოცხალი ეკლესია” მოკვდება, მაგრამ ეს თავისუფლება არ გვაქვს. ვიმეორებ 136-ე ფსალმუნის სიტყვებს მათი მისამართით, ვინც გაანადგურა ჩვენი სინოდი. თქვენ გაქვთ "რჯულის კანონი”, წაიკითხეთ იგი. ნახავთ, რომ არც ერთ "წითელ” მღვდელსა და ახალ ეპისკოპოსს არ გააჩნია არანაირი ხარისხი და მათთან არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა. ამ შეხედულებებს მყარად ვიცავ, რაც არ უნდა მოხდეს სინდისის "თავისუფლების” პერიოდში. არსებობენ ადამიანები, რომელთაც შორეულ ადგილებში ასახლებენ სწორედ იმიტომ, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები არიან, ამით კი ადგილს უთავისუფლებენ ათასგვარ ავანტიურისტებს. ეს უსინდისო დაცინვაა ადამიანისა სახელმწიფო კანონებით, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უგუნური მტრობით დაბრმავებულებმა ადამიანებმა შექმნეს, განა შეიძლება ამის პატიება? "თვითმარქვიობა” ჩვენს თვალწინაა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არაა ძლიერი. ცოცხალ ეკლესიაში მთავარი ხომ მმართველობის თვითმარქვიობაა, რომელიც არავის აურჩევია, არავის დაუნიშნავს და არავის სჭირდება. ამიტომ, მადლი თვითმარქვია ეპისკოპოსებზე იმდენად გადმოდის, რამდენადაც ნებისმიერ თათარზე. მათთან ერთობაში არასოდეს შევალ, რაც უნდა მოხდეს. მაგრამ რა უნდა მოხდეს? ვიმოგზაურებ ხუთი, შეიძლება ათი წელი. მერე რა! მოგზაურობა კარგიც შეიძლება იყოს. როგორც მე ვცხოვრობ, ასე ცხოვრება კიდევ შეიძლება". მეუფე ილარიონი იმ პერიოდში მრავალ წერილს ღებულობდა. ეს გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა. მაგრამ, ეპისკოპოსის წინააღმდეგ ოქმის შედგენის დიდი სურვილის მიუხედავად ამის გაკეთება ვერ მოახერხა და მეუფე ილარიონი ამჯერად ციხიდან გაათავისუფლა.
ფრაგმენტი წმინდა მღვდელმოწამე ილარიონის ცხოვრებიდან Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |