მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან > ადამიანთა ცოდვით დაცემა
ადამიანთა ცოდვით დაცემა11-07-2012, 01:34 |
,,იყვნენ, ვითარცა ღმერთი" (დაბ. 3.2).
მიწიერ ქმნილებათა შორის ღმერთმა ადამიანი უმაღლეს საფეხურზე აიყვანა და იგი ყველაზე აღმატებული ნიჭით დააჯილდოვა. ღვთისაგან მიმადლებული სულიერი თვისებები, გონება, სიყვარული და თავისუფალი ნება, ადამიანს ზეციურ არსებებთან აახლოვებს: ,,დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა". (ფს. 8.6). ყველა მიწიერ არსებაზე გაამეფა ადამიანი ღმერთმა. დაბადებაში ვკითხულობთ: ,,... თქვა ღმერთმან: ვქნეთ კაცი ხატისამებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ, და მთავრობდეს თევზთა ზღვისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქვეყანისა, ყოველთა ქვეწარმავალთა მავალთა ქვეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღვთისა შექმნა იგი". (დაბ. 1. 26-27). როგორც ვხედავთ, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ამით კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა დედამიწაზე.
არ შევუდგებით ადამიანის თვისებათა სრულ განმარტებას. ჩვენი თემის მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ ადამიანის ცოდვით დაცემის მიზეზზე გავამახვილოთ ყურადღება.
ბიბლიურ ისტორიას მოვუსმინოთ:
,,ხოლო გველი იყო უგონიერეს ყოველთა მხეცთა ქვეყანასა ზედა, რომელნი ქმნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გველმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქვა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა და ჰრქუა დედაკაცმან გველსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ, ხოლო ნაყოფისგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდედ. და ჰქუა გველმან დედაკაცსა: არა სიკვდილით მოჰკუდედ. რამეთუ უწოდა ღმერთმან, ვითარმედ რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხვნენ თქვენ თვალნიდა იყვნენ, ვითარცა ღმერთი მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათვის ხილვად და შვენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისგან ჭამა და მისცა ქმარსაცა მისსა მის თანა და ჭამეს". (დაბ. 3. 1-6).
შესაქმეს ამ მუხლების ასახსნელად მთავარეპისკოპოს ზოსიმეს „მოსეს ხუთი წიგნის განმარტება"-ს მოვიშველიებთ:
,,უთხრა გველმა დედაკაცს... რატომ მიმართავს მაცდური ყველაზე უწინ დედაკაცს? აქ ის მზაკვრული ანგარიშია ჩადებული, რომ ღვთის მცნებას ქალი არა თავად ღვთისაგან, არამედ- ქმრისაგან ისმენდა. ამიტომაც მას უფრო ადვილად ჩაეწვეთებოდა ის აზრი, რომ მათ, ორივეს არასწორად ესმით ღვთისაგან აკრძალვა ცნობად ხესთან მიმართებაში.
...მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? სად ჩანს ამ სიტყვებში გამომცდელის ეშმაკობა? იმაში ჩანს, რომ იგი (გველი) საგულდაგულოდ ცდილობს არ მიანიშნოს თავის ცილისწამებაზე ღმერთის მიმართ - ეს ხომ ქალს თავიდანვე შეაშინებდა და მაშინვე მიხვდებოდა მისთვის ჩაფიქრებულ მზაკვრულ საქმეს. მას სურს მხოლოდ მიიზიდოს, ჩაითრიოს ქალი საუბარში. თითქოსდა უზიარებს მას საკუთარ გაოცებას და საფიქრალსა და ეჭვს უჩენს ქმარზე. გველი თითქოს ეუბნება ქალს: ,,განა შეიძლება, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთს აეკრძალა თქვენთვის სამოთხის ნაყოფის მიღება, ხომ არ ცდება ამაში შენი ქმარი?"
მიუგო დედაკაცმა გველს(2)... როგორ არ შეძრწუნდა ევა, როცა უყურებდა მოლაპარაკე გველს და არ გაერიდა მას? ცოდვთ დაცემამდე შორეული მშობელი არავითარ შიშის არ განიცდიდა ერთი ცხოველის მიმართ; ვით განმკარგულებელი და ქალბატონი მთელი დედამიწისა (ოქროპირი). ცხადია, ის ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ წინ უბრალოდ გველი არ იყო. მისი სახე მიეღო ზეციდან რომელიღაც წარმოგზავნილს. აი მას სურდა ქალისთვის აეხსნა ღვთის მცნება- ევას ნათელ და ღვთის მსგავს გონებას არ შეეძლო დაეშვა მეტყველების უნარი უბრალო ცხოველში. იგი ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ცხოველებს უკეთ შეეძლოთ გაეგოთ ღვთის ნება. მას წინ მხოლოდ ჩვეულებრივი გველი რომ დაეგულა, იგი არ მოტყუვდებოდა.
...ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ თორემ მოკვდებითო(2-3). ღმერთისაგან მიცემული მცნება წარმოთქვა ევამ და კიდევ რა სიტყვები დაუმატა მას? უფალმა მხოლოდ ცნობადი ხის ნაყოფის მიღება აუკრძალა. ევამ კი დაუმატა, რომ თითქოს ღმერთმა აუკრძალა ცნობად ხესთან მიკარებაც კი. ამ სიტყვებით, გველთან მთელი თავისი სული გამოაჩნა. გამომცდელი მიხვდამ რომ მის მიერ გადაგდებულმა ეჭვის ანკესმა უკვე მოიცვა ქალის გონება, რომ ევა შეაშინა არა იმდენად თავისი ურჩობით ღვთის შეურაცხყოფამ, რამდენადაც სიკვდილმა. ამიტომაც ეშმაკი უკვე აღარ მოერიდა ღმერთზე ცილისწამებას.
-არ მოკვდებით, მაგრამ იცის ღმერთმა... და შემდგომი (4-5).
როგორი გულისთქმები გაუჩნდა ევას თავის სულში, ვიდრე აკრძალულ ნაყოფს შეჭამდა? როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე (6), ანუ წარმოიდგინა რაღაც განსაკუთრებული, არაჩვეულებრივად სასიამოვნო გემო აკრძალული ნაყოფისა, - აი ხორციელი გულისთქმა. რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, ანუ ქალს ყველაზე უფრო მშვენივრად მოეჩვენა აკრძალული ნაყოფი,- ესაა გულისთქმა ხედვისა, ანუ განცხრომისა და ნატვრის ვნება, რამეთუ ეძლევა ცოდნას; ანუ ქალმა ისურვა, ეგემა ის უმაღლესი და ღვთიური ცოდნა, რასაც მაცდური დაჰპირდა, - ესაა სილაღე ამის ცხოვრებისა (1 ინ. 2.16).
მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა (6). რა სურვილმა გადააწყვეტინა კაცს დანაშაულის ჩადენა? რა თქმა უნდა, ეს მან არ მოიმოქმედა თავისი ცოლისადმი მოკრძალების გამო, არც დიდსულოვნებით, რომ გაეზიარებინა მისი უბედური ხვედრი; არამედ იმავე ცოდვიანი გულისთქმით, როგორითაც მისმა ცოლმა, რომელმაც უკვე მოასწრო გველთან განშორების შემდეგ ქმრისთვის თავისი აზრების მოხვევა. ქმარზე დაშვებული ღვთის რისხვისა და სასჯელიდან ჩანს, რომ მანაც ცოლის მსგავსად ისურვა ღმერთად გახდომა (22). ქალის ცოდვაზე მძიმეც კია კაცის ცოდვა, რადგან იგი მცნებას უშუალოდ ღმერთის ბაგეებიდან ისმენდა. ამიტომაც ამ მცნების მნიშვნელობაში კაცს ეჭვიც არ უნდა შეჰპარვოდა. ამის გამო მოციქული ქალს შემცდარობას მიაკუთვნებს (1ტიმ. 2.14). ხოლო ქმარს მიაწერს ცოდვას, დანაშაულს, ურჩობას (რომ 5. 12-18).
აეხილათ ორთავეს თვალი და მიხვდნენ (7). სიმართლე ხომ არ უთხრა ევას გველმა თვალის ახელაზე? (5). არა, არ არის ეს სიმართლე! თვალის ახელით მან აღუთქვა რაღაც უმაღლესისა და ღვთიურის შეცნობა - შეიქნებით ღმერთივით (5), რაც არ მოხდა სინამდვილეში. ჩვენ შორეულ წინაპრებს თვალი აეხილათ მხოლოდ იმისათვის, რათა მიხვედრილიყვნენ - შიშველნი კაცობრიობის ამ საბედისწერო ისტორიულ ეპიზოდს საინტერესოდ განმარტავს ვლადიმერ ლოსკი. მის „დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ვკითხულობთ:
,,დაბადების წიგნის გველი, ისევე, როგორც ,,ძველი გველი" აპოკალიფსისა - არის სატანა. იგი მიწიერ სამოთხეშ იმყოფება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანმა უნდა გაიაროს თავისუფლების საცდური. ღვთის პირველი ბრძანება - არ მიკარებოდა ხეს -ახდენს ადამიანური თავისუფლების პოსტულირებას, ამავე დროს ღმერთი უშვებს გველის იქ ყოფნას. რწმენა სიცოცხლეს აძლევს ცოდვას, იგი მას ამჟღავნებს, წარმოაჩენს, როგორც აღნიშნავს პავლე მოციქული: ღმერთი იძლევა ბრძანებას და იქვე სატანა შემპარავად კარნახობს ამბოხს; მართლაცდა ნაყოფი თავისთავად კარგ იყო, მაგრამ აქ საქმე მთლიანად ღვთისა და კაცის პირად ურთიერთობას ეხება. ,,და შეიქმნებით ღმერთებივით", ამბობს გველი. იგი ბოლომდე არ ატყუებს ადამიანს, რადგან ადამიანი ნამდვილადაა მოწოდებული განღმრთობისათვის. აქ სიტყვა - ,,ვითარცა" აღნიშნავს შურისმგებლური სიბოროტის გულღვარძლიანობას იმისა, ვინც წინ აღუდგა ღმერთს; ესაა მიწიერი კოსმოსის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს განუდგა."*
როგორც უკვე ვთქვით, შემოქმედმა ადამიანი თავისუფალი ნებით დააჯილდოვა. თავისუფლება კი სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანს გულისხმობს. გაამპარტავნებულმა ეშმაკმა თავი ღმერთად წარმოადგინა და ბოლოს დაკარგა ღმერთი. მსგავსი ისტორია მეორდება ადამიანში.
საფუძვლიან ანალიზს ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის თხზულებებში ვპოულობთ. ის ამბობს: „ცოდვით დაცემამდე ადამიანის გონება უფალთან იყო დაკავშირებული და აზროვნება ცხოვრებისეულ გამოცდილებას შემეცნებით გამოხატავდა, დაცემის შემდგომ სული მოკვდა, რის შედეგადაც სულის შინაგანმა სამყარომ დაკარგა ბუნებრივად ქმედების უნარი. ადამიანის გონება დაბნელდა, დაიფარა ვნებებით და უკუნი სიბნელე გაბატონდა მასზე. აზროვნებას აღარ შეეძლო გონების გამოცდილების გამოხატვა და ის (აზროვნება) გაიგივდა შემეცნებასთან. ასე აზროვნება გონებაზე ამაღლდა და დაცემის შემდეგ ის მეუფებს ადამიანში. სინამდვილეში ეს აზროვნების სნეულებაა. აზროვნება ჰიპერტროფული (ზედმეტად დიდი) გახდა და დაიმორჩილა გონება. ასეთი აზროვნება იქცა სულიერ ორგანიზმში ანომალიის წყაროდ. სწორედ მასში გაბატონდა ამპარტავნება და ეგოიზმის ყველანაირი გამოვლინება. ეს არის სწორედ ანომალია. საგულისხმოა არქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები დაცემული ადამიანის აზროვნების შესახებ. მოვიყვანთ სრულად მის ნათქვამს: „სულიერი ბრძოლა მრავალნაირია, მაგრამ ყველაზე მძიმეა ამპარტავნებასთან ბრძოლა. ამპარტავნება ღვთიური კანონის მტერია. ღვთაებრივი წესრიგის დამრღვევს (ამპარტავნებას) ყგველგან განხეთქილება და სიკვდილი მოაქვს. ის სხეულში ვლინდება, მაგრამ უფრო მეტად სულიერ საფეხურზე ჩნდება. ამპარტავნება პირველ ადგილზე დგება და იწყებს ბრძოლას ყველაფერზე გასაბატონებლად, ამ ბრძოლაში მისი მთავარი იარაღი აზროვნებაა, აზროვნება თავისი არგუმენტებით გამოდის, ქრისტეს მცნებებს, განსაკუთრებით ერთს: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (მათ. 7.1) უგულებელყოფს. ამპარტავანი აზროვნებით ადამიანს განკითხვა შეუძლია და ამით სურს ბატონობა მთელ სამყაროზე, მისი წყალობით შეუძლია იმეფოს.
იგი საკუთარი აღმატებულების დასამტკიცებლად ასახელებს თავის მიღწევებს, თავის კულტურას, მოჰყავს მრავალი არგუმენტი, თითქოსდა ისტორიული ცხოვრების გამოცდილებაზე დაფუძნებული და აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნის გადაწყვეტილების მიღებისა და სიმართლის თქმის უფლება. ის თავის თავს ასახელებს აზროვნებით წესრიგის დამამყარებლად. ამპარტავნება სინამდვილეში ადამიანური არსებობის ერთ - ერთი გამოვლინებაა, მისი ერთ-ერთი ენერგიაა. იმ შემთხვევაში თუ მას (ამპარტავნებას) მიეცემა უპირატესობა ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, აზროვნება იწყებს ბრძოლას თავის საწყისთან, ანუ პიროვნულობასთან. წარმოსახვით მაღლდება მწვერვალამდე და ეცემა უფსკრულამდე. ცდილობს, გადალახოს საზღვრები ყველაფერს თავისი (ლოგიკური)არსებობს".
ამის შემდეგ აზროვნება აგრძელებს ბრძოლას დამორჩილებისთვის და გამბედავად და ნოსტალგიით ამბობს:„ღმერთი რომ არსებობდეს, როგორ დავთახნმდები იმას, რომ ეს ღმერთი მე არ ვარ?" (გამოთქმა ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, ვინც ამ გზას დაადგა). ამგვარი აზროვნება ვერ მიაღწევს ამქვეყნიური არსებობის საზღვრებს და საკუთარ თავს უსაზღვრობას მიაკუთვნებს. ამაყად ამბობს: „მე ყველაფერი გამოვიკვლიე და ჩემზე აღმატებული ვერ ვიპოვე. ასე რომ მე ვარ ღმერთი". და სინამდვილეში, გონება - აზროვნება, თუ მასზეა ორიენტირებული ადამიანის არსებობა, მეუფებს (ადამიანზე) იმდენად, რომ საკუთარ თავზე აღმატებული არავინ მიაჩნია და აღიარებს თავის თავს ღვთიურ საწყისად.
ეს არის შემეცნებითი ფანტაზიის უკიდურესი საზღვარი და ამავე დროს უღრმესი დაცემა და სიბნელე".*
ადამმა ყოველივე მიწიერის ბატონპატრონობა ღვთის გარეშე განიზრახა, ანუ თავად ისურვა ღმერთად ყოფნა. იგი, გაამპარტავნებული, წუხდა, რომ თვითონ არ იყო ღმერთი, რომ თავად არ განაგებდა თავის ყოფიერებას და ემორჩილებოდა ღმერთს. სწორედ ასეთი შეხედულებებით იმეორებს ადამიანი დემონის ცოდვას.
მოგეხსენებათ, ეშმაკი ცდუნებას შენიღბული ფორმით ცდილობდა. ადამიანი მართლაც იმისათვის შექმნა ღმერთმა, რომ ღმერთნი (მადლით) და უზენაესი ძენი ყოფილიყვნენ: „მე ვთქუ ღმერთი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი". (ფს.8.1.). ე.ი. ადამიანს შეგნებული ჰქონდა, რომ ედემიდან უმაღლეს მდგომარეობაში ამაღლდებოდა.
ეშმაკი ცდილობდა ეცდუნებინა ადამიანი იმ სისუსტეში, რაც მას (ადამიანს) თავად სურდა გამხდარიყო ,,ვითარცა ღმერთი". ღირსი ეფრემი წერს:„მაცდუნებელი სიტყვა ცდუნებულთ ცოდვაში ვერ ჩააგდებდა, თუკი მას ცდუნებულთავე სურვილი არ დაეხმარებოდა. მაცდუნებელი რომ არც მოსულიყო, თვით ხე თავისი სილამაზით შეიტანდა ბრძოლას მათ მდგომარეობაში. თუმცა პირველმშობლები მისატევებელ მიზეზად გველის რჩევას მიიჩნევდნენ, სინამდვილეში მათ საკუთარმა სურვილმა ავნო".* წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით, ცდუნებამ გამოიწვია ის,რომ ეშმაკმა დედაკაცი დაატყვევა, მისი გონება დაიპყრო და ოცნება დააწყებინა თავისზე უფრო აღმატებულ ღირსებაზე, რათა მას, ფუჭი იმედებით გატაცებულს, ისიც დაეკარგა რაც უკვე ბოძებული ჰქონდა.*
ამდენად, ადამის ცოდვამ არა უბრალოდ ადამიანური ბუნების სისუსტე გამოავლინა, არამედ სიძულვილიც. ეს არის სწორედ ბრძოლა, ომი ღვთის წინააღმდეგ, რის გამოც ადამიანი სამართლიანად განიდევნა ედემიდან.
* - მთავარ ეპ. ზოსიმე „მოსეს ხუთი წიგნის განმარტება." გვ 52-54.
* - ვლ. ლოსკი. „დოგმატური ღვთისმეტყველება" 2007წ. გვ 80.
* - მიტრ. იერეთეოს ვლახოსი „მართლადიდებლური ფსიქოთერაპია" გვ 212
* - Толкование
на книгу Бытия." გვ 237
* - წმ. იოანე ოქროპირი „Беседы на книгу Бытия" გვ 132
უკან დაბრუნება |