მთავარი > საცდურები > რაც ხდება, რომ ცოდვილები მთელი ცხოვრების მანძილზე არანაირ შეჭირვებას არ განიცდიან ეშმაკებისგან, ხოლო ღვთისმოშიშები მათ მიერ იტანჯებიან?!

რაც ხდება, რომ ცოდვილები მთელი ცხოვრების მანძილზე არანაირ შეჭირვებას არ განიცდიან ეშმაკებისგან, ხოლო ღვთისმოშიშები მათ მიერ იტანჯებიან?!


22-05-2014, 00:01

რაც ხდება, რომ ცოდვილები მთელი ცხოვრების მანძილზე არანაირ შეჭირვებას არ განიცდიან ეშმაკებისგან, ხოლო ღვთისმოშიშები მათ მიერ იტანჯებიან?!

 

სიტყვა პატერიკიდან

 

   ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ბიწიერ ადამიანებს და მრავალი მათგანი ეშმაკისაგან თითქოს არანაირ ვნებას არ განიცდის, ხოლო ღვთისმოშიშებს თითქმის ყოველთვის აჭირვებენ ბოროტი ძალები. რატომ ხდება ასე?

   ერთმა ბერმა მოძღვარს ჰკითხა:

   -რატომ არის, რომ ადამიანები არ მარხულობენ, არ ლოცულობენ, ეძლევიან ნაყროვანებას, ერთმანეთს ატყუებენ, ქონებას სტაცებენ, ტეხენ ფიცს, იმას აკეთებენ, რაც სურთ და ამასთან, არც კი ფიქრობენ თავიანთ მძიმე დანაშაულზე და მშვიდად ეზიარებიან. თითქოს ეს ყველაფერი მათთვის არაფერს ნიშნავს! ხოლო ღვთისმოსავები მარხვით, ლოცვით იზღუდავენ თავს და თან ამბობენ, რომ მძიმედ ცოდვილები არიან და გეჰენიის ცეცხლში მოხვდებიან ამის გამო.

   მოძღვარმა ამოიოხრა და მოწაფეს უთხრა:

   -შენ კარგად თქვი, ცოდვილებისათვის ეს ყველაფერი თითქოს უმნიშვნელოა. ისინი ისე ძლიერ დაეცნენ ცოდვით, რომ ვეღარც აცნობიერებენ საკუთარ უბედურებას და შეუნანებლობის გამო ფეხზე წამოდგომაც აღარ ძალუძთ. დაფიქრდი, რაღა საჭიროა მათთან ბრძოლა,  როდესაც ისინი ისედაც მტრის ფეხთა ქვეშ არიან გართ-ხმულნი და წამოდგომაც აღარ შეუძლიათ? ეშმაკები ასეთებს არ ებრძვიან. ღვთისმოსავნი კი, მიუხედავად იმისა, რომ სცოდავენ, იმარჯვებენ კიდეც ბოროტზე, ხშირად ცოდვით ეცემიან, მაგრამ სულიერ ძალებს იკრებენ, მალე წამოდგებიან ხოლმე ფეხზე და საბოლოოდ მტერს მაინც ამარცხებენ.

   აი, ბატონებო, პასუხი კითხვაზე: რატომ არ ერჩის ეშმაკი ცოდ-ვილებს და პირიქით, რატომ ებრძვის გააფთრებით ღვთისმოშიშებს. პირველებს არ ეკარება იმიტომ, რომ ისინი განსაცდელის გარეშეც მისი მონები არიან, მის ძალაუფლებას მთლიანად ემორჩილებიან, ხოლო მეორენი უფლის ერთგულებისა და სიყვარულის გამო იტანჯებიან. ეს თავად ეშმაკმა დაუმოწმა ღვთისნიერ მარკელს, როდესაც ამ უკანასკნელმა უდაბნოში მებძოლთა ხმაური გაიგონა, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა. მაშინ კი ეშმაკი წარსდგა მის წინაშე და შეჰყვირა:

   -რას ჩაფიქრდი? აქ ჭეშმარიტი ბრძოლაა. თუ გსურს, რომ არ შეგებრძოლოთ, მაშინ დაწექი, დაიძინე და თავს არ დაგესხმებით. ზარმაცები ჩვენ არ გვაინტერესებს, მათთან ბრძოლა რა საჭიროა, ჩვენ მხოლოდ მმარხველებსა და მლოცველებთან გვაქვს საქმე.

   ამის შემდეგ, ესწრაფეთ, ძმანო და მედგრად დაუხვდით საერთო მტერს: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტა; და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ და-იდგთ და მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; და ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილო-ცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთვის იღჳძებდეთ ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყო-ველთა წმიდათათვის (ეფეს. 6, 16-18). ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება