მთავარი > კალენდარი, წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > 10 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე კირიონ II-სი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა

10 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე კირიონ II-სი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა


9-07-2021, 16:53

 

 

   ყოვლადუსამღვდელოესი კირიონის აქტიურ რელიგიურ, მეცნიერულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში მეფის რუსეთის მთავრობამ და საქართაველოს საეგზარქოსომ დიდი საფრთხე დაინახეს. ეპისკოპოს კირიონის გარშემო თავის იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოს კირიონს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს. 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს სოხუმში. სოხუმში მოღვაწეობის დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოღონიერების საქმეში, მაგრამ სწორედ ასეთი საქმიანობა იწვევდა შოვინისტი რუსი მოხელეების გაავებას. კირიონი სოხუმიდან კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს. აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით.

   1907 წლის სექტემბერში, როცა ქართველი ხალხი ეთხოვებოდა ილია ჭავჭავაძეს კირიონს, საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა კოვნოდან. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ასეთი სიმკაცრის მიზეზი უნდა ვეძიოთ კირიონის დაუცხრომელ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნის სულის ჩამდგმელი იყო.

   რუსეთის მთავრობისაგან კირიონის დევნა-შევიწროება ქართველი საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა. აკაკი წერეთელი გულისტკივილით შენიშნავდა, რომ იმპერატორთანაც მივიდოდა კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა კირიონის განთავისუფლებას არ აპირებდა, პირიქით, აძლიერებდა ცილისწამებას მის მისამართით. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობა კირიონს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. როდესაც ამ ცილისწამების შესახებ პრესის წარმომადგენელნი ევ. გეგეჭკორს (მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი) შეეკითხნენ, მან უპასუხა: ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოს კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ.კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში გაიტანა ოლივერ უორდროპმა, რომელსაც 1909 წლის 2 აპრილს წერილი გაუგზავნა ალ. ცაგარელმა, კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში ტამბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის, მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალით წაიყვანა პოლიციამ რკინიგზის მონასტერში.2 მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება, კირიონს მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. ი. ჩიჯავაძისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: "ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი... წინ ფინდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით…უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია”.3

   რუსეთის მთავრობამ 1915 წლს შეწყვიტა კირიონის დევნა-შევიწროება. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტეპსკის ეპისკოპოსად, მაგრამ, სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს.

   ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. სამშობლოსაკენ მომავალ ბრწყინვალე მღვდელმთავარსა და მეცნიერს არაგვის ხეობაში შეეგება ასოცამდე ცხენოსანი გიგო ყარანგოზიშვილის ხელმძღვანელიბით. იგი დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე, თბილისში კი ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს. მაგრამ კირიონის სამშობლოში დაბრუნება ბევრს მაინც არ გახარებიათ. კირიონი ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოსამზადებელ სამუშოებში.

   1917 წლის 9 სექტემბერს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. კრებამ განიხილა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების, საკათალიკოსო საბჭოს შექმნის საკითხები. საბჭოს მსჯელობის საგანი იყო საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა საკითხიც. შეიქმნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის თავჯდომარეობით. 17 სექტემბერს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭისყრაზე დაშვებული იქნა ორი კანდიდატი მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები ჩატარდა სიონის ტაძარში. არჩევნებში მონაწილეობდა 448 კაცი. სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად კრების მიერ არჩეულ და დამტკიცებულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი.4

   კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II არჩევის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსობაც მისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ტფილელ მიტროპოლიტად დარჩა ლეონიდე. უწმინდეს კირიონ II სიონში წირვის უფლებაც არ ჰქონდა. იქ ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე სწირავდა. კირიონი ანჩისხატში სწირავდა. დაიწყო ინტრიგები, რასაც თავის მხრივ აღვივებდნენ რუსი ეგზარქოსების ჯაშუშები, რომელთაც გულზე არ ეხატებოდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეროვნული მიმართულების კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი იგონებს - ერთ სხდომაზე წამოიჭრა საკითხი კატალიკოზის პირადი მდივნისა და საკათალიკოსო საქმეთა მმართველის ასარჩევად. კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ კანდიდატად წამოაყენეს დავით დავიდოვი! დავითაშვილი! ამის ხსენებაზე კირიონი საშინლად ცუდად შეიქმნა, აინთო, მაგრამ თავი შეიმაგრა... თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათოლიკოსის ხარისხს ავიყრიო.ეს დავიდოვი იყო ეგზარქოსების ჯაშუში და ყოველივე ეროვნულის მტერი. იგი არ აირჩიეს, მაგრამ მომხდარი ინციდენტი ფრიად დამაფიქრებელი იყო. ამ დავიდოვმა არაერთხელ სცადა კირიონ II-სთან შესვლა და მისი ფიზიკური მოსპობა. მიუხედავად ასეთი საარაკო მტრობისა, კათოლიკოზ პატრიარქმა კირიონ II შექმნა ძლიერი საკათალიკოზო საბჭო, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად საერონიც შედიოდნენ. ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ზეიმით გადაიხადა მცხეთაში კირიონი II-ის კათოლიკოსად კურთხევის დღე. ეს დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა.

   კირიონ II თავის სიტყვაში, რომელიც მან სვეტიცხოველში აღსაყდრებასთან დაკავშირებით წარმოთქვა, ხაზი გაუსვა სარწმუნოების წმინდა დაცვის აუცილებლობას, ეკლესიისა და ერის ერთიანობის აუცილებლობას. განათლების საქმეში საქართველოს ეკლესიის როლის ამაღლებას, სასულიერო პირებში ეროვნული მიმართულების სულისკვეთების ამაღლების აუცილებლობას.

   საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ეკლესიისადმი გულგრილობამ, კიდევ უფრო გააქტიურა კათოლიკოს-პატრიარქის მოწინააღმდეგეები. ყველანი დიდი და პატარა ამ ბრძოლაში ჩაება და დაივიწყეს საყოველთაო აღტაცება და თანადგომის აღთქმა, რომელიც სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდეს კირიონ II-ს მისცეს. იგი შეატოვეს წვრილმან ინტრიგებსა და პატივმოყვარე ადამიანებს შედეგმაც არ დააყოვნა.

   1918 წლის 28 ივნისს გაზეთ "საქართველო” იტყობინებოდა: სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს ს. მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში... 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში… დიახ, მტარვალის ხელმა მიუსწრაფა სიცოცხლე დიდ ქართველ საეკლესიო მოღვაწესა და მამულიშვილს. თითქოს ახლა მაინც უნდა გამოფხიზლებულიყო საზოგადოება, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? როგორც დეკანოზი ნ. თალაკვაძე იგონებს: "ხმა დაუყარეს თავი მოიკლაო! 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა?! გვერდზე დააგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა "გამოძიებამ” 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში ესვენა მარტყოფის მონასტერში უცნაურად ტყვიით განგმირული კათალიკოზი კირიონი. დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, ჯერ წარმოვთქვი მეტად აღგზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოფელური დევნა-შევიწროებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოსს”.

   კირიონ II დაკრძალეს 7 ივლისს ნაშუადღევის 4 საათზე სიონის ტაძარში.


 

 


მ. ჯავახიშვილი. მისი უწმინდესობა კირიონი. თბილისი 1917. გვ. 3.

გ. შარაძე. ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. თბილისი 1984. გვ. 851.

ე. აბრამიშვილი. კირიონის პირადი საარქივო ფონდი. თბ. 1971. კრებულში მრავალთავი გვ. 367.

გაზ. სვატიცხოველი 1917.

ი. იმედაშვილი. კირიონის გაპარტახება და მკვლელობა. გაზ. "კომუნისტი”. 1990.

 

                                 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება