მთავარი > ლოცვა > ლოცვა არა მარტო ეკლესიაში, არამედ ყველგან შესაძლებელია
ლოცვა არა მარტო ეკლესიაში, არამედ ყველგან შესაძლებელია18-04-2014, 00:01 |
იოანე ოქროპირის სიტყვა რწმენითა ყველგან ლოცვის შესახებ
ქრისტიანთაგან ბევრი ამბობს: „სიხარულით ვილოცებდი, მაგრამ დრო არ მაქვს ეკლესიაში წასასვლელად, ხან საქმე არ მიშვებს, ხან შინაურები მაბრკოლებენ". რა უნდა ვუთხრათ ამისთანებს, რა ვურ-ჩიოთ? რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად, თუ სახლში ავადმყოფი გვყავს, როგორ დავტოვებთ მარტო? რა გავა-კეთოთ, თუ შინაურები არ გვიშვებენ? ამ დროს ხშირად ვარჩევთ სახლში დარჩენას, რათა ოჯახურ უსიამოვნებას თავი ავარიდოთ. გვხვდება სხვა წინააღმდეგობებიც. და თუკი ეს დაბრკოლებანი ჭეშმა-რიტად დიდი და გადაულახავია, თუკი არ შეგვიძლია ეკლესიაში წასვლა, მაშინ როგორ მოვიქცეთ? შეგვიძლია სხვაგან ვევედროთ ღმერთს? რა თქმა უნდა. ლოცვა ყველგან არის შესაძლებელი. იტყვით-„ვერ ვახერხებ!"-ეს არ არის მართალი. შენი ხელები თუ დაკავებულია, ბაგეებით შეგიძლია ისაუბრო, თუ ბაგე დაკავებულია, გონებითა და გულით ილოცე. ამ ლოცვას ღმერთი შეისმენს და შინ აღვლენილი ლოცვა ეკლესიაში ლოცვის ტოლფასი შეიქმნება. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „მოციქული პავლე ეკლესიაში კი არ ლოცულობდა, არამედ დილეგში, ფეხები დაბორკილი ჰქონდა, არ შეეძლო მუხლი მოეყარა, ამიტომ მწოლიარე ლოცულობდა. მისმა წრფელმა ლოცვამ საპყრობილე შეძრა, გაათავისუფლა ტუსაღები და ქრისტეს რჯულზე მოაქცია თვით საპყრობილის მცველნიც. არც ეზეკიას შეეძლო ტაძრად ლოცვა, არც ფეხზე დგომა და მუხლმოდრეკა ხელეწიფებოდა, მაგრამ რადგანაც იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, უფალმა სამართლიანად განსაჯა, სიკვდილი აარიდა და ცხოვრება გაუხანგრძლივა. ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა სასუფეველი დაიმკვიდრა, იონა ვეშაპის მუცლიდან ევედრებოდა უფალს, ბევრმა სხვამაც ლოცვით აარიდა მოსალოდნელი უბედურება, უფალი შეეწია მათ. ამჟამად ბევრი თავისუფლდება უამრავი უბედურებისა და ბოროტისაგან. ამიტომაც, ძმანო, ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ ადგილს ლოცვისათვის და ლამაზი სიტყვებით ვერაგულად ნუ ვიხელოვნებთ, უბრალოდ ვთქვათ-„უფალო შემიწყალე". თუმცა მოკლეა ეს ლოცვა, სამაგიეროდ უფლის უსაზღვრო მოწყალებას მოგვაპოვებინებს, ხოლო სადაც უფლის წყალობაა, იქ ყოველგვარი სიკეთეა, ამიტომ სადაც არ უნდა იყო, ასე ილოცე: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". თუ არ შეგიძლია, ხმამაღლა წარმოსთქვა ეს სიტყვები, მაშინ გულსა და გონებაში გაიმეორე. უფალი ასეთ ლოცვასაც შეისმენს და ამგვარად, საკუთარ თავში ტაძარს ააგებ. მაშ, ნუღარ ეძებ სალოცავად განსაკუთრებულ ადგილს. როდესაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, წინ ზღვა იყო, უკან ფარაონი, შუაში კი მოსე. უდიდეს გასაჭირში იყო მოსე, აბორგებული ხალხის შუაგულში. თითქოს მას ლოცვის დროც არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ უფალს შეჰღაღადებდა. ასევე ლოცულობდა სამი ყრმა გახურებულ ბრძმედში, მათმა ლოცვამ ცეცხლი ჩააქრო, დაამტვრია ბორკილები და ანთებული ღუმელიდან ცოცხლები გამოვიდნენ. იობი სასკორეზე იყო, ევედრებოდა ღმერთს და უფალმა თავისი წყალობა მოუვლინა. ამიტომ განსაცდელის ჟამს მიეახლე უფალს, შეევედრე და აუცილებლად დაგიხსნის. უფალი ყველგან და ყოველთვის ჩვენ-თანაა. როდესაც წარმოვთქვამთ ლოცვას, ის გვეუბნება: აქ ვარ! და დამთავრებულიც არ გვექნება ლოცვის სიტყვები, რომ შვებას ვიგრძ-ნობთ, უფალი შეგვიმსუბუქებს გასაცდელს. ამგვარად, ყველგან შეიძლება უფალი შეგვეწიოს და როგორც ყველგანმყოფი, ყველგან შეისმენს ჩვენს ლოცვას. ამიტომ-მცდარია ის აზრი, რომ ეკლესიის გარდა ლოცვა არსად შეიძლება. განა ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც არ არსებობს უფლის ტაძარი? სულელის გარდა ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ იქ არავინ ლოცულობს და არავინ ცხონდება. ქრისტიანობის პირველ საუკუნეში განა ბევრი ეკლესია იყო? მაშინ ქრისტიანები ხან სახლში, ხან კატაკომბებში ლოცუ-ლობდნენ. მაშ, თქვენც იქ ილოცეთ, სადაც უფალი მიგიყვანთ. გაქვს ტაძარში ყოფნის საშუალება? იჩქარე იქ მისვლა, რათა უფლის სიახლოვე და მადლი უფრო განსაკუთრებულად იგრძნო. იქ შენი ლოცვა ჭეშმარიტად უფრო გულისმიერი და მხურვალე იქნება. ღვთისმსახურება დაგეხმარება ამაში, მაგრამ თუ არ შეგიძლია ეკ-ლესიაში წასვლა-შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად (მათ. 6,6). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |