მთავარი > სხვადასხვა > სამი მეგობარი

სამი მეგობარი


16-04-2014, 06:19

სამი მეგობარი

 

თქმული ბარლაამ ბერისა და სამი მეგობრის შესახებ

 

   მიუხედავად იმისა, რომ უფალი, უპირველეს ყოვლისა, გვასწავლის ვეძიოთ უფლის განგება და სამართალი (მათ. 6,33), მიუხედავად იმისა, რომ იგი გვარწმუნებს, თუკი მთელი გულით ვეძიებთ უფალს, ყოველივე-ამქვეყნიური ცხოვრებისათვის გამოსადეგი-თავისთავად შეგვეძინება, ჩვენ თითქოს ყურს არ ვუგდებთ მაცხოვრის სიტყვებს და სასუფევლის დასამკვიდრებლად, კეთილ საქმეთა ნაცვლად, დროებით კეთილდღეობაზე, ხორციელ პატივზე ვზრუნავთ და მთელ იმედებს მასზე ვამყარებთ. მრავალი ჩვენთაგანი ამბობს: „მე მყავს ცოლ-შვილი, ჩემი სიკვდილის შემდეგ რას დავუტოვებ მათ, რითი იარსებებენ, რითი გამოიკვებებიან, თუკი არ უზრუნველვყოფ?" და ადამიანი ფიქრს იწყებს ფულზე. ღვიძავს-ფულზე ოცნებობს, სძინავს-ფული ესიზმრება, მხოლოდ ფულში ხედავს ნეტარებას. მისთვის სინდისზე და სულის უკვდავებაზე ფიქრი, კეთილი საქმეების კეთება, ყველაზე უკანასკნელი საზრუნავია. ამასობაში, რითი მთავრ-დება ყველაფერი? კვდება ვერცხლისმოყვარე და მისი ავლა-დიდება განსასვენებელს იქით რჩება, ვინაიდან მიცვალებულს საიქიოს ფული არაფერში სჭირდება, მისთვის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი სწორედ ის იქნება, რასაც ყველაზე მცირე ყურადღებას ვუთმობთ. სინამდვილეში კი ყველაზე მეტად კეთილ საქმეებზე უნდა ვიზ-რუნოთ.

   ბარლაამი ერთ-ერთ იგავში ამბობს. ერთ კაცს სამი მეგობარი ჰყავდა. ორი განსაკუთრებით უყვარდა და მათთვის მზად იყო თავი გაეწირა. მესამეს აგდებით ექცეოდა, არ სწყალობდა, მაგრამ შეხედეთ რა მოხდა? ერთხელ ამ კაცთან მეფის მხედრები მივიდნენ და მუქარით უბრძანეს მეფესთან წასვლა, რათა მევალისთვის 10000 ვერცხლის ტალანტი დაებრუნებინა. კაცს ამდენი ფული არ ჰქონდა. მან მიაკითხა პირველ მეგობარს, უამბო თავისი გასაჭირი, მაგრამ საყვარელმა მეგობარმა ასე უთხრა:

   -მე რა შენი მეგობარი ვარ?! არც კი ვიცი, ვინ ხარ. შენს გარდაც ბევრი მყავს მეგობარი და ახლა მათთან ერთად სამხიარულოდ მივდივარ. აჰა, აიღე ფლასი და შეიმოსე, ჩემგან მეტს ნურაფერს ელი.

   მიხვდა საბრალო კაცი, რომ მეტს ვერაფერს მიიღებდა და წავიდა მეორესთან. დასევდიანებულმა ასე მიმართა მას:

   -მეგობარო, გაიხსენე, თუ რა ძვირფასი იყო ჩემთვის შენთან მე-გობრობა, როგორ გცემდი პატივს, ახლა დიდი უბედურება მეწვია, მიჭირს, დამეხმარე.

   მან უპასუხა:

   -დღეს დაკავებული ვარ, თანაც თავადაც მიჭირს, თუ გსურს, მეფესთან ცოტას გაგაცილებ, მეტს ჩემგან ნურაფერს მოელი.

   -გამობრუნდა საბრალო ხელცარიელი თავისი საყვარელი მეგობრე-ბიდან და უიმედო სახით მესამესთან წავიდა. დარცხვენილი მივიდა მასთან და უთხრა:

   -ვერ ვბედავ პირის გაღებას, რომ ჩემი გასაჭირი გაუწყო, რადგან შენთვის სიკეთე არ გამიკეთებია, არც პატივი მიცია, მაგრამ შენს გარდა ახლა დამხმარე არავინ მყავს. დიდი უბედურება მეწვია, ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა უარი მითხრეს დახმარებაზე, გთხოვ, დაივიწყე ჩემი შენდამი აგდებული დამოკიდებულება და თუ შეგიძლია, რაიმეთი დამეხმარე. მეგობარმა მიუგო:

   -მე შენ ჭეშმარიტად ჩემს ახლობლად მიმაჩნიხარ და თუკი რამ სიკეთე მახსოვს შენგან, ახლა უანგაროდ დაგიბრუნებ. ნუ სჭმუნავ და ნუ გეშინია, მე შევევედრები მეფეს და მტრის ხელში არ ჩაგაგდებს. გამაგრდი ჩემო ძვირფასო, ნუ დარდობ.

   მაშინ თვალცრემლიანმა კაცმა შესძახა:

   -ვაიმე, ახლა ვტირი, რადგან უმადური მეგობრები მიყვარდა, პატივს ვსცემდი მათ, ვისაც არ ვუყვარდი, ხოლო ვისაც აგდებით ვექცეოდი, თურმე ის ყოფილა ნამდვილი მოყვასი.

   რაზე მიგვითითებს ეს იგავი? პირველი მეგობარი არის დამ-ღუპველი სიხარბე და ამქვეყნიური სიმდიდრე, რომელიც პატრონს სიკვდილისთანავე მიატოვებს. ადამიანს ამ სიმდიდრიდან მხოლოდ სუდარა და პერანგი ერგება დასამარხად. მეორე მეგობარი-ოჯახის ახლობლებია, რომლებიც ხშირად ისე გვიყვარს, რომ უფალს ვივიწ-ყებთ. სიკვდილის შემდეგ მათგანაც არ გვაქვს რაიმე განსაკუთ-რებული სარგებელი, ისინი მიცვალებულს მხოლოდ სასაფლაომდე მიაცილებენ, შემდეგ კი მის არსებობას ივიწყებენ, საკუთარი სადარდებლისა და საზრუნავის გამო. მესამე მეგობარი კი ჩვენი კეთილი საქმეებია, რომლებიც აუცილებლად შეგვეწევიან და წინ გაგვიძღვებიან უფლისაკენ მიმავალ გზაზე. როდესაც ჩვენი სული ხორცს გაეყრება, ისინი შეავედრებენ ღმერთს ჩვენს სულს და დაგვეხმარებიან საზვერეების თავისუფლად გავლაში. კეთილი საქმეები ჩვენი ჭეშმარიტი მეგობრები არიან, რომელნიც ახსოვს უფალს და გაღებულ სიკეთეს უანგაროდ დაგვიბრუნებს.

   ამრიგად, არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ამქვეყნიური აქვე, სამარის კართან დაგვრჩება, საიქიოს კი ჩვენი კეთილი საქმეები წარგვიძღვება, რაც ფასდაუდებელი საგანძური შეიქმნება ჩვენთვის. ამიტომ, ნუ ვებღაუჭებით იმას, რაც ადრე თუ გვიან სამუდამოდ უნდა დავტოვოთ, არამედ ვიზრუნოთ იმ სიმდიდრეზე, რომელიც სამუდამო სამყოფელში წაგვადგება. წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს: „ნეტარია ის კაცი, ვინც მთელ იმედებს უფალზე ამყარებს. გულით ნუ მიეჯაჭვები ამქვეყნიურ სიმდიდრეს, ვინაიდან მალე განგეშორება ის, გძულდეს მსწრაფლწარმავალი და გიყვარდეს მა-რადიული, რომელიც წინ წარგიძღვება იესო ქრისტესკენ მიმავალ გზაზე". ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება