მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მდაბიონიც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს

მდაბიონიც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს


14-04-2014, 00:01

მდაბიონიც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს

 

სიტყვა პატერიკიდან, მამა სამოელის ხილვის შესახებ

 

   თქვენ მოგმართავთ, მდაბიონო და აი, რას გეტყვით.

   ერთხელ ღირსი მამა სამოელი ძმებთან ერთად იჯდა. უეცრად პირქვე დაემხო, საკმაო ხნის შემდეგ წამოდგა და ატირდა. ძმები ევედრებოდნენ, ტირილის მიზეზი ეთქვა. დიდი ხანი არაფერს ამბობდა, ბოლოს კი თქვა:

   -მე, ძმებო, ატაცებული ვიყავი საშინელ სამსჯავროზე და ვიხილე უამრავი ადამიანი, რომელიც სატანჯველად მიდიოდა და დიდძალი მდაბიონი, რომლებიც ზეციურ სასუფეველში შედიოდნენ.

   აი, თქვენ მდაბიონო, დამამშვიდებელი გაკვეთილი ღირსი მამისაგან, აი, დიდი იმედი იმისა, რომ თქვენც დაიმკვიდრებთ სასუფეველს. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტყვით, მე არაფერი ვიცი, უვიცი ვარ და მდაბიო, არ ვიცი, როგორ დავიმკვიდრებ სასუფეველს, რანაირად მოვხვდები იქ? ძალიან იოლად, ძმებო, ისე მოიქეცით, როგორც გასწავლით და ზეციურ სასუფეველს აუცილებლად დაიმკვიდრებთ.

   აი, რა წავიკითხე ერთ წმინდა მამასთან: გსურს, ცათა სასუფევლის დამკვიდრება? ყოველთვის და ყველაზე მეტად გიყვარდეს უფალი. გქონდეს მის მიმართ მამაშვილური მოწიწება და რიდი. ავ საქმეებს განერიდე და ლოცვით განაგდე მჭმუნვარე ფიქრები. კეთილი საქმეებით ნუ იამაყებ, საკუთარი თავი უმაქნის მონად ჩათვალე, გამუდმებით ადიდე უფალი, სიკეთე აკეთე არა საკუთარი თავის საქებრად და ყველას სახილველად, არამედ საიდუმლოდ, უფლის დიდებისათვის, მართლმადიდებლობით შემოიზღუდე საკუთარი თავი და იყავი ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი, იმოქმედე წმინდა მოციქულთა და წმინდა მამათა ანდერძის მიხედვით. ის, ვინც ასე იცხოვრებს, დიდებული ჯილდო ელოდება, მას ელის უსასრულო ნეტარება-მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ერთად.

   ახლა, მითხარით, არის ამაში რაიმე განსაკუთრებული სიძნელე? არის რაიმე ამაში შეუძლებელი? რა თქმა უნდა, არა. აქ ნათქვამი ორი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: იცხოვრეთ უფლისმიერად და გადარჩებით. მიუძღვენით უფალს თქვენი გულები და თქვენი მდაბიოობის მიუხედავად ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებთ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება