მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რასაც ღატაკებს ვუწყალობებთ, უფლისაგან უკან დაგვიბრუნდება

რასაც ღატაკებს ვუწყალობებთ, უფლისაგან უკან დაგვიბრუნდება


11-04-2014, 00:01

რასაც ღატაკებს ვუწყალობებთ, უფლისაგან უკან დაგვიბრუნდება

 

სიტყვა ფილოსოფოს ევაგრესა და ეპისკოპოს სინესიაზე, რომელმაც ევაგრეს შენდობის წერილი უბოძა

 

   უფალი ამბობს: ღარიბ-ღატაკის გამკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღვავს სამაგიეროს (იგავ. 19, 17). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღატაკთა საშუალებით მადლს ჩავდი-ვართ უფლის წინაშე. ნათელია, რომ ჩვენგან გაღებული მოწყალება უკან დაგვიბრუნდება. მაგრამ, დაგვიბრუნდება კი? როგორ უნდა დავრწმუნდეთ ამაში?

   ისმინეთ, ძმანო, ვფიქრობთ, შემდეგი მონათხრობი ამ ჭეშმარი-ტებაში დაგარწმუნებთ. სინესია კირინეოს ეპისკოპოსმა დიდი ცდისა და შეგონების წყალობით ქრისტეს რჯულზე მოაქცია ცეცხლთაყვა-ნისმცემელი ფილოსოფოსი ევაგრე და მისი ოჯახი. როგორც ჩანს ევაგრე ჯერ კიდევ ეჭვობდა ქრისტეს ზოგიერთი სწავლების ჭეშმარიტებას. ნათლისღებიდან ერთი წლის შემდეგ მივიდა სინესიასთან, მისცა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა, რათა ღატაკებისთვის დაერიგებინა იგი, სამაგიეროდ კი სთხოვა, მისთვის მიეცა ხელწერილი, რომ უფალი გაცემულ მოწყალებას აუცილებლად დაუბრუნებდა საიქიო ცხოვრებაში. ეპისკოპოსმა ევაგრეს ხელწერილი გადასცა, ოქრო კი ღარიბებს დაურიგა. მას შემდეგ ევაგრემ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და ბოლოს სასიკვდილო სარეცელზე დაწვა. სიკვდილის წინ მან თავის შვილებს მოუხმო და სინესიას ხელწერილი გადასცა. ევაგრემ მემკვიდრეებს სთხოვა, განსასვენე-ბელში ხელწერილი ჩაეყოლებინათ. შვილები ანდერძის ასრულებას დაჰპირდნენ. ევაგრე გარდაიცვალა, შვილებმა დანაპირები აუსრუ-ლეს. დასაფლავებიდან ორი დღე გავიდა, მესამე დღეს სინესიას სიზმარში გამოეცხადა ევაგრე და უთხრა:

   -მოდი ჩემს განსასვენებელთან და წაიღე შენი ხელწერილი. როგორც შენ მარწმუნებდი, ვალი უკვე გადამიხადეს, ამის ჭეშმარიტ დასტუ-რად, ახლა ჩემს ხელწერილს გიტოვებ.

   გაიღვიძა სინესიამ, მოიხმო ევაგრეს შვილები და იკითხა, ჩააყოლეს თუ არა ევაგრეს განსასვენებელში რაიმე. მათ უპასუხეს:

   -არაფერი მეუფეო, მხოლოდ ერთი ქარტია, რომელიც მამამ გვთხო-ვა, ჩაგვეტანებინა.

   მაშინ სინესიამ მათ თავისი სიზმრის შესახებ მოუთხრო, მოიწვია რამდენიმე ღვთისმსახური, მრავალი კეთილშობილი პირი და ევაგრეს განსასვენებელთან წავიდნენ. როდესაც იგი გახსნეს, დაინახეს, მიცვალებულს ხელთ წერილი ეპყრა, მაგრამ იგი უკვე ევაგრეს ხელწერილი იყო, სადაც ეწერა:

   -მე, ფილოსოფოსი ევაგრე, გესალმები შენ, ღირსეულო ეპისკოპოსო სინესია. შენ მე უკვე დამიბრუნე ვალი, რომელიც შენი ხელით ქრისტე ღმერთსა და მაცხოვარს მივეცი. ამიერიდან აღარ მოგთხოვ ანგარიშს იმ ოქროს შესახებ, რაც შენი მეშვეობით უფალ ღმერთს მივართვი.

   ვინც ეს სასწაული იხილა, გალობით ადიდა ღმერთი: მლოცველები დიდხანს გალობდნენ „უფალო შეგვიწყალენს".

   ნუ გეშინიათ, ძმანო, უფლისადმი მიძღვნილი თქვენი სიკეთე არასოდეს დაიკარგება, იგი მთესველს მარცვალსა და პურს აძლევს საჭმელად და, რაღა თქმა უნდა, უფალის მიერ უდანაკარგოდ დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ დათესილი სიკეთე, გამრავლდება თქვენი სიმართლის ნაყოფი. ის დაგიბრუნებთ ყოველივეს, რადგან მის ხელთაა მთელი ქვეყნიერების სიმდიდრე და დიდება. თავადვე ამბობს, რომ ღარიბებისათვის გაღებული წყალობა, მისთვისაცაა მიძღვნილი; თავადვე ამბობს: მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა (მათ. 25, 35-36).

   მაშ, მივაპყროთ ჩვენი სმენა ღარიბთა ვედრებას, დახმარების ხელი გავუწოდოთ გლახაკებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ვიცით, რომ ჭეშმარიტად ღარიბები არიან და ზოგიერთებივით არ იგონებენ ამას. ჩამოდენილი ცრემლი მოვწმინდოთ და გვახსოვდეს უფლის სიტყ-ვები, რომ ის, რასაც ღატაკებისთვის აქ, მიწაზე გავცემთ, ზეცაში დაგვიბრუნდება. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება