მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > "ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს"

"ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს"


27-04-2014, 06:13

"ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს"

 

   რა მშვენიერი ნუგეში მისცა, ძმანო ქრისტიანენო, მოწაფეებს უფალ-მა იესო ქრისტემ, როდესაც მათ წინაშე ზეცად ამაღლდა. თუმცა მისი საყვარელი მოციქულები და მოწაფეები იმ დღიდან მის ხორციელად ხილვას მოაკლდნენ, მაგრამ მაცხოვარმა მათ უთხრა, რომ იგი მარად მათ შორის იქნება, ვიდრე სოფლის აღსასრულამდე. მოციქულებმა კარგად გაიგეს,რა დიდი ნუგეში იყო ამ სიტყვებში, ისინი არათუ არ შეწუხდნენ, როცა  საუკუნოდ მიეფარა მათგან მათი საყვარელი მოძღვარი, არამედ როგორც სახარებაშია ნათქვამი: ,,სიხარულითა დიდითა მოიქცეს იერუსალიმად და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა’’. იფიქრებდი, რომ ქრისტეს ამაღლება მისი მოწაფეების გულში დიდ მწუხარებას გააჩენდა, რადგან ისინი ობლად დარჩნენ ქვეყანაზე, მრავალ მტერთა, ჭირთა და განსაცდელთა გარემოცვაში. მაგრამ არა! ისინი დიდი სიხარულით მოვიდნენ იერუსალიმში; გულის სიღრმეში ისინი გრძნობდნენ, რომ  ქრისტე მათ შორის არის და იქნება, თუმცა ხორციელი თვალით ვეღარ იხილავენ მას. ისეთი მტკიცე  და დიდი სასოება ჰქონდათ გულში, რომ როცა ქრისტე მიეფარა მათ, მაშინ გულში უფრო მეტი სიყვარული და სარწმუნოება გაუჩნდათ მისდამი. მათი გული  ცოცხლად გრძნობდა, რომ ქრისტე მათ შორის უხილავად არის. სიცოცხლის განმავლობაში არსებული გარემოება მათ უმტკიცებდა, რომ წრისტე მათ შორის უხილავად არის და არათუ არის მათ შორის, არამედ უფრო ახლოს არის მათთან. ადრე, როცა უფალი მათ შორის ცხოვრობდა, ისინი მხოლოდ ხორციელი თვალით ხედავდნენ, მაგრამ როცა იგი ამაღლდა და ხორციელად მიეფარა, მაშინ მათ იგრძნეს, რომ მაცხოვარმა უხილავად დაიმკვიდრა მათ გულსა და სულში. მაშასადამე არათუ არ განეშორა, არამედ უფრო მეტად მიუახლოვდა მათ.

   აჰა, საკვირველი მოქმედება ცოცხალი რწმენისა და მხურვალე სიყ-ვარულისა! მოწაფეები გრძნობდნენ, რომ როცა მაცხოვარი  მათთან იყო, ისეთი სიყვარული არ ჰქონდათ, როგორიც მაცხოვრის ამაღ-ლების შემდეგ გაუჩნდათ. მაგრამ, ძმანო ჩემნო, ქრისტემ არა მარტო მოწაფეებს აღუთქვა მათ შორის ყოფნა ,,ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე  სოფლისა’’, არამედ ჩვენ ყოველთა მორწმუნეთა. რა სახით სრულდება ეს აღთქმა ქრისტესი? სრულდება ასე:

   პირველი, ქრისტე არის იქ სადაც მისი სიტყვა არის, სახარება ანუ სიტყვა ქრისტესი არის თვით მისი აზრი და სული, ერთი სიტყვით მისი  არსების ნაწილი. მაშასადამე, სადაც სუფევს სახარების სიტყვა, იქ იმყოფება თვით უფალი იესო ქრისტე. თუ შენს გულში, ძმაო, შევიდა სიტყვა სახარებისა, თუ ქრისტეს მცნება სუფევს შენს გულში, მოქმედებს, შენს აზრს ანათლებს, შენს გულს ცოტ - ცოტა ცვლის, ერთი სიტყვით, შენს ხასიათს აუმჯობესებს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ქრისტე არის შენს გულში. მეორე ქრისტე არის იქ, სადაც მისი მადლი და სიწმინდე სუფევს. ქრისტე იმ ზომით არის, ძმაო, შენს გულში, რა ზომითაც მისი მადლი მოქმედებს იქ. თუ ქრისტეს მადლი არის შენს გულში, მაშასადამე, სულიერი სიცოცხლე და სინათლე იქნება იქ. იგი შენს გულში მუშაობს: თავის დროზე შენ გაძლევს  იგი ნუგეშს, თავის დროზე შეგიყვანს მწუხარებასა და სინანულში; ზოგჯერ შენს გულში უზომო სიყვარულს გააჩენს. თუ ჭიდაობა და ბრძოლა  კეთილსა და ბოროტს შორის მიმდინარეობს შენს გულში, ჩანს, რომ იქ მუშაობს მადლი ქრისტესი. მაგრამ თუ ყოველ ცუდ საქმეს და ცოდვას ისე ადვილად აღასრულებ, რომ სინდისი საერთოდ არცკი გამხელს და არ შეგაწუხებს, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში არც ქრისტე და არც მისი მადლი ყოფილა შენს გულში. თუ ოდესმე განსაცდელმა ცოდვისამ მოგიტაცა შენ ისე, ახლოს და მზად იყავი ცოდვის ჩასადენად, მაგრამ უცებ გაგიჩნდა გულში შიში და ძრწოლა, გული გაიმაგრე და წინ აღუდექი ცოდვას და განეშორე, მაშინ უთუოდ ქრისტე იყო შენს გულში, თორემ შენ საკუთარი ძალით ვერ სძლევდი ცოდვას.

   ქრისტე ყოველთვის  ჩვენ შორის არის  უხილავად, ძმანო ჩემნო, მაგრამ მის სიახლოვეს და მის  არსებობას  გრძნობენ მხოლოდ ისინი,  რომლებიც  ქრისტეს  მოწაფეთა და მოციქულთა მსგავსად აქვთ ცოცხალი და განუზომელი სურვილი და გრძნობა მისი. ძალით და იძულებით იგი არავის არ მიეახლება და არავის არ შეატყობინებს თავის არსებობას. მას შეეძლო, რომ მარად უკუნისამდე  ხილულად ყოფილიყო მოწაფეთა შორის და ასევე ჩვენ შორის, მაგრამ როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის უმჯობესი არის, რომ იგი ხილულად არა არის ჩვენ შორის. რატომ? იმიტომ, რომ თუკი იგი ხილულად იქნებოდა ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და მისი სიყვარული იქნება არა თავისუფალი, არამედ იძულებითი; ხოლო ახლა, როდესაც არ ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისდამი არის თავისუფალი და ფასდაუდებელი. გაიხსენე რა უთხრა  უფალმა თომა მოციქულს, როდესაც მან ხელი შეახო მას და იძულებულმა თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! რამეთუ მიხილე მე და გრწამს, ნეტარ იყვნენ, რომელთა არ უხილავ და რწმენეს". თუ შენ ახლა, უხილავად, გულწრფელად გწამს ქრისტე და გიყვარს იგი, ცხადია, რომ  თვით მადლი მისი შესულა შენს გულში და იქ დამკვიდრებულა, რომელიც ყველა ჩვენგანს მოგვცეს ქრისტემ. ამინ.

                                                                                                          

 

 

 

  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი  


უკან დაბრუნება