მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > იარაღი მტრის წინააღმდეგ
იარაღი მტრის წინააღმდეგ2-04-2014, 00:01 |
სიტყვა, „ლიმონარიდან" ავაზაკის შესახებ, რომელმაც ხუცესი გაძარცვა
პავლე მოციქული ამბობს: ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (რომ. 12, 21). რაზე მიუ-თითებს ეს სიტყვები? იმაზე, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა არ შეიძლება, ე. ი. ბოროტებას ბოროტებით ვერ აღკვეთ. იმ მტრობის შეჩერება, მტრებისაგან რომ ვითმენთ, მხოლოდ სიკეთით არის შესაძლებელი. რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ სიკეთით ვძლიოთ ბოროტებას? პირველი საშუალება: სიკეთის გაკეთება მტრისათვის. ერთხელ ერთ ბერთან ყაჩაღები მივიდნენ და უთხრეს: - რაც სენაკში გაქვს, ყველაფერი უნდა წავიღოთ. და ასეც მოიქცნენ. მაგრამ ყაჩაღებს ერთი ტომრის წაღება დაა-ვიწყდათ. დაეწია მათ ბერი, მიაწოდა ტომარა და უთხრა: - შვილნო ჩემნო, აი, ეს დაგავიწყდათ. ამ ნაბიჯმა ისე იმოქმედა ყაჩაღებზე, რომ ხუცესს ყველაფერი დაუბრუნეს, მოინანიეს და უთხრეს: - ჭეშმარიტად ღვთის კაცი ხარ შენ. მეორე საშუალება: მტერთან საქვეყნოდ შერიგება. ორი ეპისკოპოსი ერთმანეთს წაეკიდა. ერთი მათგანი მდიდარი იყო, მეორე ღარიბი. მდიდარი შემთხვევას ეძებდა ღარიბისათვის ემტრო. ეს რომ ღარიბმა შეიტყო, თავის საძმოს უთხრა: - ჩვენ დავამარცხებთ მას. მათ უპასუხეს: - ვის შეუძლია მასზე გამარჯვება? - მოითმინეთ და ნახავთ! - მიუგო ღარიბმა ეპისკოპოსმა. ერთხელ, როდესაც მდიდარი ეპისკოპოსი ხალხით გარემოცული მოდიოდა, ღარიბი ეპისკოპოსი თავის სამღვდელოებასთან ერთად ფეხებში ჩაუვარდა და შესძახა: - შეგვიწყალე მეუფეო, შენი მონები ვართ. ამით შეძრწუნებულმა ეპისკოპოსმა იგივე გააკეთა. ღარიბს მუხლი მოუყარა და უთხრა: - შენა ხარ ჩემი მეუფე და მამა. მას შემდეგ მათ შორის უდიდესმა სიყვარულმა დაისადგურა. მესამე საშუალება: გულში დაიდანაშაულე თავი მტრის წინაშე. ძმისაგან შეურაცხყოფილი ერთი ბერი მასთან შესარიგებლად მივიდა, მაგრამ შეურაცხყოფილმა არ მიიღო და კარი არ გაუღო. უარყოფილი ბერი გამოცდილ ხუცესთან წავიდა და ყველაფერი უამბო. ხუცესმა ჰკითხა: - იცი, რა არის მიზეზი იმისა, ძმამ შენთან შერიგება რომ არ ისურვა? როდესაც ძმასთან მიდიოდი, საკუთარ თავს სულის სიღრმეში ამართლებდი, მას კი ადანაშაულებდი. ერთს გირჩევ, მიუხედავად იმისა, რომ ძმამ შენთან შესცოდა, დაირწმუნე თავი, თითქოს თავად შესცოდე მის წინაშე და არა პირიქით; თავი დაიდანაშაულე და ის გაამართლე. ბერმა დაუჯერა ხუცესის რჩევას და ასეც მოიქცა. წავიდა ძმასთან და მისი სენაკის კარზე ხელიც არ ჰქონდა შევლებული, რომ ძმამ კარი გაუღო და გადაეხვია. მეოთხე საშუალება: მორჩილებითა და თავმდაბლობით ვძლიოთ მტერს. ალექსანდრიაში ერთი დიდებული ცხოვრობდა, რომელსაც მოწ-ყალე მღვდლის, იოანეს დარიგების მიუხედავად, მტერთან შერიგება არ სურდა. ერთხელ მღვდელმა იგი საკუთარი სახლის ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მიიწვია. დიდებული მივიდა და ნახა, რომ იქ სხვა მლოცველთაგანი არავინ იყო. სამგალობლოში მხოლოდ ერთი მგალობელი იდგა. გალობის დროს დიდებული მას მიეხმარა, როდესაც მათ „მამაო ჩვენოს" გალობა დაიწყეს, მღვდელი სიტყვებზე - პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. - გაჩუ-მდა და მგალობელიც შეაჩერა. ამრიგად, მხოლოდ დიდებულმა წარმოსთქვა სიტყვები: და მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. ამ დროს მღვდელმა მას უთხრა: - დაფიქრდი, შვილო ჩემო, ასეთ საშიშ დროს რას ევედრები ღმერთს - მომიტევე ისე, როგორც მე მივუტევებ! განა მართალს ამბობ? განა ჭეშმარიტად მიუტევებ? ამ სიტყვებმა ისე შეაძრწუნა დიდებული, რომ მღვდელს აცარემლებული ჩაუვარდა მუხლებში და შესძახა: - რასაც მეტყვი, ყველაფერს შევასრულებ. - და ასეც მოიქცა, იმავე დღეს შეურიგდა თავის მტერს და მთელი გულით შეუნდო წყენა. დაბოლოს, მეხუთე საშუალება: ეს არის დათმენა. ერთი ბერი თანაცხოვრებულთა მონასტერში ცხოვრობდა. ხუთ ძმას იგი უყავრდა, ერთი კი გამუდმებით შეურაცხჰყოფდა. ბერმა ვერ აიტანა შეურაცხყოფა და სხვაგან წავიდა, რათა სიმშვიდე მოე-პოვებინა. იქ რვა ძმა სიხარულით ექცეოდა მას, ხოლო ორი მუდმივად ანაწყენებდა. ახლა მესამე მონასტერში გაიქცა, აქ შვიდმა შეიყვარა, ხოლო ხუთმა შეიძულა. რაღა უნდა ექნა? ბერმა იფიქრა, წავალ კიდევ სადღაც, სადაც უკეთესად ვიქნები და მეოთხე მონასტერში წავიდა. - რა გამოდის? - თქვა მან, თუკი ადგილიდან ადგილზე ვირბენ, ვერასოდეს მოვიპოვებ სულიერ სიმშვიდეს, ამიტომ, სჯობს დავითმინო. ამ სიტყვებით აიღო ქარტია და დაწერა: - ყველაფერს მოვითმენ იესო ქრისტეს, ძე ღმერთის გამო. ეს ნაწერი ქამარზე დაიმაგრა და იქვე დარჩა საცხოვრებლად. აქაც ისე მოხდა, როგორც სხვაგან, ცოტა ხანში ბერი ისევ გაანაწყენეს, მაგრამ იგი აღარ გაქცეულა. როგორც კი ვინმე გაანაწყენებდა, იმავ წამს კითხულობდა ქარტას და მშვიდდებოდა. მისმა მოთმინებამ საბოლოოდ იზეიმა. შეურაცხმყოფელებმა პატიება სთხოვეს ბერს და მას შემდეგ აღარავის გაუნაწყენებია. ვგონებ, რომ მტრის დასამარცხებლად საკმარისი საშუალებები ჩამოგითვალეთ. რას გვიჩვენებენ ისინი, რას გვასწავლიან? იმას, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ. მისი დამარცხება მხოლოდ სიკეთეს, უშურველობას და სიყვარულს შეუძლია. წმინდა მამები საღვთო სწავლების მიმდევრობით გვმოძღვრავენ: - მას, ვისაც გულში მრისხანება და შური აქვს, მტერი ყოველთვის ძლევს. გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, კეთილი მიუზღეთ მას მტრობის სანაცვლოდ და მისი ბოროტება სიკეთედ დაგიბრუნდებათ, მრისხა-ნება - სიყვარულად (წმ. დიმიტრი როსტოველი). ხოლო წმიდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: - მართალი კაცის იარაღი მოთმინებაა, ვინაიდან მოთმინებითა და სიყვარულით მტრობას ამარცხებს. აქ დასამატებელი არაფერია, რადგან თავადვე იცით, რომ უფალიც ამას გვასწავლის. ისღა დაგვრჩენია, ვევედროთ ღმერთს, რომ ჩვენი გულებიდან წყენა და მრისხანება აღმოფხვრას, ვევედროთ, რომ ყოველთვის შევძლოთ მშვიდად ცხოვრება და არავისთან გვქონდეს მტრობა, ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |