მთავარი > სხვადასხვა > სად იმყოფებიან ცოდვილთა სულები სხეულთან გაყრის შემდეგ

სად იმყოფებიან ცოდვილთა სულები სხეულთან გაყრის შემდეგ


28-03-2014, 00:01

სად იმყოფებიან ცოდვილთა სულები სხეულთან გაყრის შემდეგ

 

 

 

სიტყვა ვინმე ტაქსიოტზე, რომელიც მკვდრეთით აღდგა

 

   საინტერესოა, ძმანო, სად იმყოფებიან ცოდვილთა სულები სხეულთან გაყრის შემდეგ? ტაქსიოტი ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ კართაგენში ეპიდემიამ იფეთქა, რის გამოც მრავალი ადამიანი დაიღუპა. ტაქსიოტი უფლის მიმართ მოიქცა და ცოდვები მოინანია. მან ცოლთან ერთად ქალაქი დატოვა და თავი ერთ სოფელს შეაფარა, სადაც კეთილგონივრულ ცხოვრებას მიჰყო ხელი. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ერთ გლეხის ცოლთან შესცოდა. მალე იგი გველმა დაგესლა და გარდაიცვალა. იმ ადგილთან ახლოს მონასტერი იდგა. ტაქსიოტის ცოლი მონასტერში მივიდა და ბერებს შეევედრა, რომ მიცვალებული ეკლესიის ეზოში დაეკრძალათ. მიცვალებული დღის 3 საათზე დაასაფლავეს. როდესაც 9 საათი დაიწყო, საფლავიდან შემაძრწუნებელი ყვირილი მოისმა:

   - შემიწყალეთ, შემიწყალეთ!

   ბერები მივიდნენ საფლავთან და მიცვალებულის ყვირილი გაიგონეს. მაშინვე სამარე გათხარეს და ტაქსიოტი ცოცხალი იხილეს. თავზარდაცემულნი გაოცებით ეკითხებოდნენ, თუ რა დაემართა მას, მაგრამ ტაქსიოტს ძლიერი ტირილის გამო პასუხის გაცემა არ ძალუძდა, მხოლოდ ერთადერთს ივერდებოდა, ეპისკოპოს ტარასისთან წაეყვანათ. იგი წაიყვანეს ეპისკოპოსთან, რომელიც სამი დღის განმავლობაში სთხოვდა მას, მოეთხრო, თუ რა ნახა საიქიოს. მხოლოდ მეოთხე დღეს ალაპარაკდა ტაქსიოტი და შემდეგ უამბო:

   - როდესაც ვკვდებოდი, ვიღაც ეთიოპელები დავინახე, ისეთი საშინელი სანახავები იყვნენ, ჩემი სული შეძრწუნდა; შემდეგ ვიხილე ორი ლამაზი ჭაბუკი, ჩემი სული მათკენ მიილტვოდა და თითქოს იმავწუთს ზეცაში ავფრინდი. გზად მრავალი განსაცდელი გვხვდებოდა, რაც სულს აბრკოლებდა და თითოეული რომელიმე კონკრეტული ცოდვის გამო იყო მოვლინებული ჩემზე. ერთი სიცრუის, მეორე შურის, მესამე ამპარტავნების გამო და ასე, ყველა ცოდვას ზეცაში საკუთარი გამომცდელი ჰყავდა. და, აი, ვიხილე ანგელოზები, მათ ხელთ კიდობანი ეპყრათ, რომელშიც ყველა ის კეთილი საქმე იყო, რაცკი ოდესმე ჩამიდენია და ეს ცოდვები კეთილმა ანგელოზებმა ჩემს მიერ ჩადენილ ბოროტ საქმეებს შეადარეს. ასე გავიარეთ უამრავი სატანჯველი. როდესაც ზეციურ კარიბჭეს მივუახლოვდით, მივედით მრუშებისათვის განკუთვნილ სატანჯველში. მცველებმა შემიპყრეს და მაჩვენეს ჩემს მიერ ჩადენილი ყველა ხორციელი ცოდვა ბავშვობიდან - სიკვდილამდე. ჩემმა მეგზურმა ანგელოზებმა მითხრეს:

   - შენს მიერ ჩადენილი ყველა ხორციელი ცოდვა ამ ქალაქშია, უფალმა შეგინდო ისინი, რადგანაც შეინანე, მაგრამ ბოროტმა სულებმა გვითხრეს - როდესაც ქალაქიდან წახვედი, შენ გლეხის ცოლთან შესცოდე და ეს არ მოგინანიებია. რადგან ანგელოზებმა ვეღარ მონახეს რაიმე კეთილი საქმე, რომელსაც ჩემს ამ ცოდვას დაუპირისპირებდნენ, ამიტომ დამტოვეს და წავიდნენ. მაშინ ბოროტმა სულებმა ცემა დამიწყეს, წამიყვანეს ქვემოთ: მალე მიწა განიხვნა და ვიწრო გასასვლელით ბნელ და მყრალ ჯურღმულში ჩავედი, ასე ჩავაღწიე ჯოჯოხეთის უფსკრულამდე. იქ საშინელ წყვდიადში იმყოფებოდნენ ცოდვილთა სულები, მათ სამუდამო სატანჯველი ჰქონდათ, იქ არავინ დაამშვიდებდა მოტირალს, იყო კბილთა საშინელი ღრჭენა, მუდმივად ისმოდა სასოწარკვეთილი ყვირილი და ვაი, ჩვენ უბედურებს! შეუძლებელია გადმოგცეთ იქაური ყოფა, ვერ აღგიწერთ იმ საშინელ ტანჯვა - ვაებას, სნებას, განსაცდელს, რაც ვიხილე: წყვდიადის სიღრმიდან გმინავდნენ სულები და არავინ იბრალებდა მათ, ტიროდნენ და არავინ ამშვიდებდათ, ივედრებოდნენ და მათ სატკივარს ყურად არავინ იღებდა, არავინ ათავისუფლებდათ. შემდეგ მეც გამომამწყვდიეს იმ საშინელ ჯურღმულში, დამწუხრებული ვტიროდი და მწარედ მოვთქვამდი 3-დან 9 საათამდე. ცოტა ხნის შემდეგ ვიხილე ოდნავი ნათელი და ჩემსკენ მომავალი ანგელოზებიც. მე დაჟინებით ვევედრებოდი მათ ამ უბედურებიდან ხსნას, რათა მოეცათ საშუალება, ჩადენილი დანაშაული მომენანიებინა. ანგელოზებმა მითხრეს, ამაოდ ღაღადებ, არავის შეუძლია აქედან ამოსვლა, ვიდრე არ მოვა მეორედ მოსვლისა და საყოველთაო აღდგომის ჟამი, მაგრამ მე კიდევ უფრო დაჟინებით დავიწყე ვედრება და მათ ცოდვების მონანიებას დავპირდი. მაშინ ერთ - ერთმა ანგელოზმა მეორეს ჰკითხა: თავდებად დაუდგები მას, რომ იგი მთელი გულით შეინანებს, ისე, როგორც გვპირდება? თავდებად ვუდგებიო, უპასუხა მეორე ანგელოზმა. მაშინ ამომიყვანეს უფსკრულიდან დედამიწაზე და მიმიყვანეს განსასვენებელთან, სადაც ჩემი სხეული იმყოფებოდა და მითხრეს: შეუერთდი მას, რასაც განშორდი და მე დავინახე, რომ ჩემი სული გაბრწყინდა, როგორც მარგალიტი, ხოლო საკუთარი სხეული, გაშავებული იყო და მყრალ სუნს გამოსცემდა. აღარ მსურდა იქ დაბრუნება, მაგრამ ანგელოზებმა გამაფრთხილეს, რომ ამ სხეულის გარეშე ცოდვათა მონანიება შეუძლებელია. მე ვევედრებოდი მათ, არ დავებრუნებინე საკუთარ სხეულში. ანგელოზებმა მომიგეს: „შედი, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ დაბრუნდები, საიდანაც წამოგიყვანეთ". მაშინ შევედი სხეულში, გავცოცხლდი და ყვირილი დავიწყე: „მიშველეთ, შემიბრალეთ".

   თხრობის დამთავრების შემდეგ წინამძღვარმა ტარასიმ მას უთხრა:

   - მიიღე საჭმელი!

   ტაქსიოტს საჭმელი არ სურდა, დადიოდა ეკლესიიდან ეკლესიაში, მიწაზე ემხობოდა და ცრემლითა და ოხვრით აღიარებდა ცოდვებს. იგი ყველა შემხვედრს ეუბნებოდა:

   - ვაი მათ, ვინც სცოდეს, სიმწარე ელით ცოდვილებსა და სამუდამო ტანჯვა - წამება; გამწარდება ის, ვინც დროულად არ შეინანებს და ვაი მათ, ვინც წაბილწავენ საკუთარ სხეულს.

   ტაქსიოტმა მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცი დღე იციცხლა და ღრმა სინანულით განიწმიდა. სამი დღით ადრე მან თავისი აღსასრული იხილა, იგი მიეახლა მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთს, რომელიც ყველას მხსნელია და რომელსაც საუკუნოდ ვადიდებთ.

   ამრიგად, ცხოველია ღმერთი, არსებობს საიქიო ცხოვრება და საშინელია ცოდვილთა სატანჯველი. გაფრთხილდით ცოდვილნო, თქვენც ასე არ დაგჭირდეთ მოთქმა: შემირალეთ! შემიწყალეთ! და ნურასოდეს გაიგონებთ აბრაამის სიტყვებს: და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რათა რომელსა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ - ეწიფოს, არაცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად(ლუკ. 16, 26). ილოცეთ, რათა უფალმა აღსასრულამდე შეგინდოთ, გამოასწორეთ საკუთარი ცხოვრება და კეთილად წარმართეთ, ვიდრე გვიანი არ არის.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II

 

 

 


უკან დაბრუნება