მთავარი > სიკვდილი > სიკვდილისათვის მზადება ყველას მართებს: ახალგაზრდასაც და მოხუცსაც

სიკვდილისათვის მზადება ყველას მართებს: ახალგაზრდასაც და მოხუცსაც


22-03-2014, 00:01

სიკვდილისათვის მზადება ყველას მართებს: ახალგაზრდასაც და მოხუცსაც

 

წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა საყოველთაო განსჯის დღისთვის

 

   ჩვენ რატომღაც ცოტას ვფიქრობთ, ძმანო, სიკვდილზე და არ ვემზადებით მის შესახვედრად. „ჩვენ უკვე დავბერდით, ჩვენს ლოცვას რაღა ძალა აქვს?!" - ამბობენ ასაკოვანი ადამიანები. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მონანიებას კიდევ მოასწრებენ, - „ჯერ ჩვენი დრო არ წასულა". ასე ფიქრობენ მოხუცები და ახალგაზრდები. მაგრამ მართებულია თუ არა ამგვარი მსჯელობა?

   წმიდა იოანე ოქროპირი მიმართავს ყველა მათგანს და აი, რას ამბობს: „მამებო და ძმებო, დედანო და დანო, ნუ იტყვით: ჩვენ ჩვენი დრო გავლიეთ და აღარ გვაქვს ძალა მუხლთმოდრეკისა! ჰოი, მოხუცებო, თქვენ იცით, რომ უფალი მალე თავისთან გვიხმობს განსასჯელად, ამიტომ, ნუ გეზარებათ პასუხისგებისთვის მზადება! ჰოი, ჩემო ახალგაზრდა ძმანო და დანო, თავს ნუ მოიტყუებთ ასეთი სიტყვებით: „ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ამიტომაც, შეგვიძლია დავლიოთ, ვიქეიფოთ და ვილხინოთ, მოვა დრო, როცა მოვინანიებთ ცოდვებს". ნუ დაივიწყებთ ძმებო, რომ როგორც მზის სხივი აშრობს ნამს, ისევე სწრაფად უფერულდება და ჭკნება თქვენი ახალგაზრდობაც. „ჰოი, ადამიანო, როდესაც გძინავს, გესმის როგორ შემოდის ქურდი შენს სახლში?" ასევე ვერ გაიგებ, როდის მოვა ანგელოზი შენი შეუნანიებელი სულის წასაყვანად, ხოლო როდესაც სინანულში ჩავარდები, უკვე გვიანი იქნება. ამიტომ, ვიდრე დრო გაქვს, გაიმშვენე თავი კეთილი საქმეებით, აღასრულე უფლის მცნებანი და ამით საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრე, გამოდის რომ, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც არასწორად მსჯელობენ, როცა ერთნი ამბობენ, რომ მუხლთმოდრეკა არ შეუძლიათ, ხოლო მეორენი, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო სინანულისათვის. ნუთუ მათთვის არ არსებობს სულიერი ლოცვა? ლოცვის არსი მარტო მუხლთმოდრეკით არ გამოიხატება, ამ დროს ხომ ჩვენ უფალს ვუძღვნით ჩვენს გონებასა და გულს. ახალგაზრდებიც თავს იტყუებენ, როდესაც ფიქრობენ, თითქოს მოასწრებენ ცოდვათა მონანიებას. ვინ მოახსენათ, რომ მოასწრებენ, ნუთუ მათ თვალწინ თანაბრად არ ეწვევა ხოლმე ახალგაზრდას, მოხუცს, მდიდარსა და ღარიბს სიკვდილი? ნუთუ მათ თვალწინ არ მიასვენებენ ათეულობით მიცვალებულს სასაფლაოზე? ნუთუ მათი თანდასწრებით არ ამბობენ ყოველდღიურად „იქ ვიღაც მომკვდარა, აქ კი ვიღაც?" რა, ისინი სხვაგვარად არიან შექნილები? ნუთუ სიკვდილი იგივეს არ მოუვლენს მათ, რასაც სხვებს? სამწუხაროა ასეთი აბდაუბდა საუბარი.

   ამიტომ, ისე არ უნდა ვიმსჯელოთ, როგორც ის მოხუცები და ახალგაზრდები, რომელთა შესახებაც ახლახან ვსაუბრობდით. მუდამ გვახსოვდეს უფლის სიტყვები:ამისთვის თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაი მოვიდეს(მათ. 24, 44). გულში დავიმარხოთ ეს სიბრძნე და ჩვენი ცხოვრების გზაზე კეთილის ქმნით და ღვთისმოშიშებით ვიაროთ, რათა უფლის სამსჯავროზე წარსადგენად მუდამ მზად ვიყოთ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება