მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ბოლომდე მოთმინების შესახებ

ბოლომდე მოთმინების შესახებ


20-03-2014, 00:01

ბოლომდე მოთმინების შესახებ

 

წმიდა მოწამე ფოტინე სამარიელი. ქრისტეს დამოძღვრა წმიდა მოწამე ფოტინესა და მასთან ერთად წამებულთა მიმართ

 

   ერთხელ წმიდა მოწამე სებასტიანეს და მასთან ერთად წამებულებს უფალი გამოეცხადა და უთხრა: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ (მათ. 11, 28), შემდეგ კი წმინდა სებასტიანეს მიმართა: „ნეტარია იგი, ვინც ღვაწლს ბოლომდე აღასრულებს" და ამ სიტყვებით ცად ამაღლდა.

   შევჩერდეთ, ძმანო, უფლის ბოლო სიტყვებზე და თანმიმდევ-რობით მივყვეთ, თუ რას გვასწავლის იგი.

  მაცხოვრის სიტყვა: „ნეტარია იგი, ვინც ღვაწლს ბოლომდე აღას-რულებს", უეჭველად ბოლომდე დათმენას შეგვაგონებს და, რაღა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს. ხალხური სიბრძნე ამბობს: ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ თუნდაც სულის ხსნისა და კეთილი საქმეების შესახებ. რა სარგებელს მოგიტანს დღეს ჩადენილი კეთილი საქმე, თუკი მას ხვალ უწმინდურებით შებილწავ, თუკი დღეს დაიწყებ ლოცვას, მარხვას, საღვთო წერილის კითხვას, ხვალ კი ყველაფერს მიატოვებ, წახვალ საროსკიპოში და გარყვნილ მეგობრებთან ერთად ღრეობას მოაწყობ? აი, ჩვენს წინაშეა ახალგაზრდა, იგი ეკლესიაში ყველაზე ადრე მოდის და ყველაზე გვიან გადის იქიდან, სახეზე უმანკოება, თვალებში კი რიდი ეხატება, მოკრძალებულად იქცევა, საუბრობს მხოლოდ უფალსა და ხსნაზე. რა უნდა იყოს ამაზე კარგი, სასიამოვნო და სასიხარულო? მაგრამ ბოროტს არ სძინავს! გადის ხანი და ახალგაზრდა კაცის კეთილი საქმეები და ზრახვანი ქრება, მის მიერ აღსრულებული სათნოებანი ემსგავსება ქვიშით ნაგებ ტაძარს, რომელიც ქარის პირველ დაბერვაზევე დაიშლება (მათ. 7, 26-27). და რას ვხედავთ: ის ახალგაზრდა, რომელსაც ანგელოზის სახე ჰქონდა, დაემსგავსა ეთიოპიელს, სახე ნახშირივით გაუშავდა, თვალები ჩაულურჯდა და შეუშუპდა, დაივიწყა უფლის ტაძარი და ღვთივ-სათნო საუბრები, იგი მიატოვა უფალზე ფიქრმა და ახლა ლოთობს, უსამართლოდ იქცევა, ქურდობს, საკუთარი მშობლებისა და ნათესავ - მეგობრების ტირანად იქცა, მის მიერ დაწყებული ღვაწლი გაუკე-თურდა, რადგან ბოლომდე ვერ მიიყვანა.

   ასეთი რამ არასოდეს დაემართება მას, ვინც სრულად აღასრულებს ღვაწლს. ამგვარი უფლის სასუფეველს მოიპოვებს, საკუთარი ზნეო-ბით შეებრძოლება ბიწიერებას, უკეთურსა და მაცდურს ისე გაექცევა, როგორც დამღუპველ სნეულებას. აი, ასეთია იმ ადამიანის სახე, ვინც თავის ღვაწლს ბოლომდე აღასრულებს.

  დავიმახსოვროთ ძმანო, რომ არავის მართებს ორთა უფალთა მონება (მათ. 6, 24) და არავინ დასდვის ხელი სახნეველსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა (ლუკ. 9, 62). მართლაც, ნეტარია ის, ვინც ბოლომდე აღასრულებს საღვთო ღვაწლს, ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება