მთავარი > საცდურები > ავმეხსიერების წინააღმდეგ

ავმეხსიერების წინააღმდეგ


19-03-2014, 00:01

ავმეხსიერების წინააღმდეგ

 

სინას მთის იღუმენ ანასტასის სიტყვა ურისხველობის შესახებ

 

   ზოგიერთი, ვინც ცდილობს უმტროსს მოყვასს, ყურადღებას თითქმის არ აქცევს იმ ფაქტს, რომ ბოროტება უკიდურესად მავნებელია მისი სულის ხსნისთვის. ადამიანები საკუთარი ძმის წინააღმდეგ აღიძვრიან და ამასთან, დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ, ეზიარებიან, გასცემენ მოწყალებას და ამგვარად, თითქოს კეთილ საქმეებს აღასრულებენ. ფიქრობენ, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს: მტრობა მტრობის წილ, სიკეთე სიკეთის წილ, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მაგრამ ასეთები სასტიკად ცდებიან. უფალი გულში ბოროტის ჩამდები ადამიანების ლოცვას არ შეისმენს, მათ გაღებულ შენაწირს არ მიიღებს და ცოდვებს არ მიუტევებს მანამ, ვიდრე გულიდან არ აღმოიფხვრიან ღვარძლს და მოყვასს არ შეურიგდებიან. მოვუსმინოთ, თუ რას გვასწავლის ურისხველობის შესახებ წმინდა ანასტასი, სინას მთის იღუმენი.

   იგი ბრძანებს: „საშინელი ცოდვაა, როდესაც ვინმე ეკლესიაში მიდის და ამ დროს ახლობლის მიმართ გული რისხვით აქვს სავსე. იგი ფარისევლურად წარმოთქვამს სიტყვებს: „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ჰოი, ადამიანო, თუკი გულში მტრობის შხამი გაქვს, რატომღა წარმოსთქვამ ასეთ სიტყვებს, რატომღა ლოცულობ და ტყუილ-უბრალოდ რატომღა ირჯები, ფარისევლურად რად შეღაღადებ ღმერთს - მომიტევე, როგორც მე მივუტევებო? - სალოცავად მოხვედი თუ სიცრუის სათქმელად? მადლის მოსაპოვებლად თუ მრისხანების დასაკმაყოფილებლად? სახსნელად თუ სატანჯველად? ნუთუ არ გესმის, რომ უფლის მსახურებისას ნათქვამია - ვიყვარებდეთ ურთიერთას! და ამ დროს ყოველგვარი უსამართლობა და ბოროტება უნდა დავივიწყოთ. დაფიქრდი, ადამიანო, როგორ შეგიძლია, მტრობით აღსავსე გულით იდგე ღვთისმსახურებაზე მაშინ, როცა ანგელოზები მსახურებენ და ექვსფრთიანი სერაბიმნი წმიდა სამებას უგალობენ, ყველანი მოშიშად დგანან და ღვთისმსახური კი კაცთათვის ლოცულობს? სულიწმიდა გადმოდის მლოცველებზე და შენ კი კვლავ დაუნდობლობით ხარ შეპყრობილი? ნუ დაგავიწყდება, რომ თუკი არ მიუტევებ ძმას, ვინც შენს წინაშე სცოდა, თავადაც არ იქნები შეწყალებული. უფალი მოგიტევებს მხოლოდ მაშინ, როცა თავად შეძლებ მიტევებას. ალბათ იტყვით, ბევრჯერ მივუტევე ჩემს ძმას, მაგრამ მან მაინც მიმტრო და მიბოროტა, ამიტომ აღარ ძალმიძს ეს გავაკეთო! ნუ ამბობთ ასე, საყვარელნო, არამედ ეცადეთ, მიბაძოთ სტეფანესა და იაკობს, უფლის ძმებს, თქვენი მტერი უფალს შეავედრეთ, მაცხოვარს მიბაძეთ, რომელიც ჩვენი გულისთვის ევნო, მოითმინეთ მტრობა და ყვედრება და უფალი მრავალ ცოდვას მოგიტევებთ. განვერიდოთ, ძმანო, გულღრძოობის საშინელ სენს, რადგან ყოველგვარი ცოდვა წარმავალია, ხოლო ავმეხსიერება ხშირად გადადის ვნებაში, რომელიც გულს იპყრობს. ასეთი ადამიანი დადის თუ წევს, საკუთარი სხეულით ასპიტის შხამს დაატარებს; ამგვარი ვნებით შეპყრობილი ცოდვილი ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, შენდობას ვერ ეღირსება და ვერცერთი ღვაწლი - მარხვა, მოწყალება, მას სარგებელს ვერ მოუტანს. ავმეხსიერება ყველაფერს ღუპავს. ასე რომ, უკეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ - ძჳრ რაიმე არს შენთვის, დაუტევე შესაწირი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შესწირე შესაწირავი შენი (მათ. 5, 23, 24).

   ამგვარი დამოძღვრის შემდეგ პირადად მე სათქმელი აღარაფერი მრჩება, თავადაც ხედავთ, რაოდენ ძლიერი და ღრმაა წმიდანის სწავლება, თავადაც უწყით, რაოდენ ღარიბი და უსუსური იქნება ჩემს მიერ თქმული სიტყვები ამასთან შედარებით. მოდით, წმინდანის სწავლების შემდეგ, უფლის შეგონებით დავასრულოთ საუბარი, რომელიც გვაუწყებს:უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი (მათ. 6, 14, 15). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება