მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 2 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა (+1944)

2 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა (+1944)


2-02-2024, 09:24
 

2 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა (+1944)

 

   იღუმენი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ - თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლდა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს" სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).
   ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.
   1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას.
   მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთ-საცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას", რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით. 
   1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.
   XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. 
   წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. 1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.
   მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების" რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.
   მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.
   ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.
   1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას. 
   1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული. 
   დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელმონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!" ამბობდა წმიდა მამა.
   1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.
   1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.
   მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადატანა. 
   ამ პერიოდში მღვდელმონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.
   1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.
   თბილისის „მეტეხის" მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტრისკენ გაეშურა.
   შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. 
   1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან. 
 
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ. 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება