მთავარი > საცდურები > მოდა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით

მოდა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით


3-08-2012, 22:57
   "ზნეობრივი და განათლებული ქალი, ოჯახის დედა, უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოების მორალურ ცხოვრებაზე. რაც მეტად ზნეობრივია ქალი, მით კეთილშობილურია საზოგადოება და პირიქით" (მღვდელი შჩუკინი). გვაგონდება ერთი კარგი ქართული სიმღერის სიტყვები: `გახსოვს გიკრეფდი იებს, კრძალვით გიბნევდი თმაში~. ყველა ქალიშვილი ოცნებობს ნამდვილ სიყვარულზე, ყველა ნატრობს, რომ სიცოცხლის ბოლომდე პატივისცემითა და კრძალვით ეპყრობოდეს მას თავისი რჩეული მამაკაცი. თუ ყურადღებით დავაკვირდებით თანამედროვე ახალგაზრდების ურთიერთდამოკიდებულებას, შევამჩნევთ მამაკაცების მხრივ ქალებისადმი ინტერესების დაქვეითებას, ინდეფერენტულობას, მომრავლდნენ დაუქორწინებელი ახალგაზრდები, გახშირდა გაყრა. ყოველ მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ჩვენი აზრით, სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, აღნიშნული მოვლენების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ჩაცმის მოდა, შესაბამისად _ ქცევა. რადგან თანამედროვე მოდაში იგრძნობა ადამიანის ფიზიოლოგიის, მისი ფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლობა, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედება, რასაც, რასაკვირველია არ მოაქვს სასურველი შედეგი.
  გვინდა მოგაწოდოთ ზოგიერთი ცნობა ადამიანის ფიზიოლოგიის შესახებ, რომლის ცოდნა ყველასათვის აუცილებელია. ადამიანის ფიზიოლოგია სიტყვასიტყვით ნიშნავს მოძღვრებას ადამიანის ბუნების შესახებ. იგი შეისწავლის როგორც Mმთლიანი ორგანიზმის, ასევე ცალკეულ ორგანოთა სისტემების მუშაობის მექანიზმებს, მათ თვისებებს. ადამიანისთვის გარემოსთან კავშირის დასამყარებლად აუცილებელია თავის ტვინი, რომელსაც თავისი თვისებები გააჩნია. თავის ტვინის ერთ-ერთ ძირითად თვისებაზე გვსურს შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. ამ თვისებას შეგუება ანუ ადაპტაცია ეწოდება. იგი ვლინდება იმაში, რომ ქვეითდება მგრძნობელობა. ამ თვისებას თავდაცვითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუდმივი აღგზნება ნერვული უჯრედების გამოფიტვას გამოიწვევდა.
  როდესაც გონების თვალს ვავლებთ, ვფიქრობთ, როდის და როგორ დაიწყო ჩვენში ეს ყოველივე? ეს დაიწყო ჩვენი საუკუნის 70-იან წლებში. თავდაპირველად სათნოებათაგან ერთ-ერთი კარგის _ მოკრძალებულობის, მორიდებულობის აბუჩად აგდება დაიწყეს. შეამკეს იგი დამამციერებელი ეპითეტებით. სინამდვილეში მოკრძალებულობა, კდემამოსილება, თვინიერება სამკაულია ქალისა. მამაკაცს მოსწონს ასეთი თვისებების ქალი ცოლად, რადგან ერთი პიესის გმირისა არ იყოს, არავის უნდა `ფრონტის გახსნა~ ოჯახში. მორიდებულობა ხომ გარშემომყოფთა პატივისცემას გულისხმობს. ახლა რომ ვაანალიზებთ, ირკვევა, მოკრძალებულობის დაკარგვა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ადამიანებს მიეღოთ ჩაცმის ის მოდა, რაც შესთავაზეს.
  თავდაპირველად დაიწყო მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის ფერის გათანაბრება. მანამდე მამაკაცს არ ეცვა წითელი, ყვითელი, ღია მწვანე ფერის ტანსაცმელი, რადგან ეს ფერები სინაზეს აძლევს სახეს. შემდეგ ქალებმა ჩაიცვეს შარვალი. ცნობილია, რომ ტანსაცმელი თანდათანობით გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე. ამიტომ შეიცვალა მათი ქცევაც. შარვალმა ქალი გაახუშა. იგი სიარულისას მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს ადგამს. შეეცვალა ჯდომისა და დგომის მანერა. ადრე თუ სიგარეტს ერთეული ჩუმად ეწეოდა, ახლა მრავალი მოურიდებლად აბოლებს. გახშირდა მეტყველების ცუდი, არალიტერატურული სიტყვების ხმარება. ყოველივე ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ინდიფერენტულობა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩათ მოდელიორებს. თითქოს შეცდომის გამოსწორება მოინდომესო, ახლა ქალებს გამომწვევი ტანსაცმლის მოდა შესთავაზეს: კაბა მუხლებს ზემოთ, გულისპირი ღრმად ამოჭრილი, იღლიები შიშველი, მაისური ძალზე შემოტმასნილი, ქვედა ბოლო გრძელი, მაგრამ ღრმად ჩაჭრილი და სხვა. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცთა თავდაპირველი ინტერესი ისევ ინდიფერენტულობამ შეცვალა, რადგან ასეთია ადამიანის ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია.
  რატომ ითვლება გამომწვევად, სიურცხვედ მუხლების გამოჩენა, ღრმად ამოჭრილი გულისპირი, შიშველი იღლიები? იმიტომ, რომ სხეულის ამ მიდამოების კანში არის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, რომელთა შეხებაც მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებას (აღგზნებას) იწვევს. ასეთივე შედეგს იძლევა მათი შეხედვაც, მაგრამ განსაზღვრული დროის შემდეგ, როდესაც ასეთი გაღიზიანება გრძელდება ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში (ქუჩაშიც, სამსახურშიც, სახლშიც), მგრძნობელობა თანდათან სუსტდება თავის ტვინში ე.წ. შეგუების, ანუ ადაპტაციის გამო. ეს თავდაცვითი რეაქციაა და ორგანიზმს გამოფიტვისაგან იცავს. მსგავსი გაღიზიანებისგან მხოლოდ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ხდება მისი აღდგენა.
  მიმბაძველობის გამო ქმრებს ტყვიასავით ეშინიათ ცოლებმა `ძველმოდური,~ `ჩამორჩენილი~ არ უწოდონ. არ შევცდეთ და არ ვიფიქროთ, რადგან ბევრი, ე.ი. უმრავლესობა ასე იქცევა, ის სწორია. აი, რას წერს მსოფლიოს დიდი მოძღვარი ბასილი დიდი პირველი ფსალმუნის განმარტებისას: `არ გინახავს როგორ დასცინიან უმანკოებს მეძავნი, რომელნიც სავაჭრო მოედნებზე სხედან, საკუთარ სამარცხვინო საქმეებსა და თავგადასავლებს, თავიანთი დაცემის შემთხვევებს ისე ჰყვებიან და ისე ჩამოთვლიან, ვითარცა საგმირო, სასახელო ღვაწლს? ეს უსჯულონი ცდილობენ, რომ საკუთარი ბიწიერება ყველას გადასდონ, ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი დაიმსგავსონ, რათა ცოდვა საერთო გახდეს და ყვედრებასა და ლანძღვას ამ გზით დააღწიონ თავი. Aამას კი  მართლა უნდა ვერიდოთ, რადგანაც ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუწორებელი ჩვევები ყალიბდება, ხშირად ხდება, რომ ეს ჩვევები კაცის ბუნებად იქცევა. ხოლო დაძველებული ვნება, სულისა და დროით განმტკიცებული ფიქრები ბოროტებაზე ან ძნელად განიკურნება, ან კიდევ სრულიად განუკურნებელია~.
  თანამედროვე ჩაცმის მოდა უბიძგებს ადამიანებს უზნეო ყოფაქცევისაკენ. ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის გათანაბრების, გამომწვევ ჩაცმასა და ქცევას ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს: იზრდება ვენერიული დაავადებების, ნევროზების რიცხვი. თანამედროვე ჩაცმულობა ხელს უწყობს პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას, ჰომოსექსუალიზმს. იზრდება დაუოჯახებელი მამაკაცების რიცხვი, რადგან მათში ეჭვს ბადებს ასე ჩაცმული ქალის უღალატობა და ერთგული მეგობრობა.
  ივანე ბერიტაშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქართული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სკოლები მთელ მსოფლიოშია აღიარებული. აღნიშნულ დარგებში ცოდნის გასაღრმავებლად ყოველი კუთხიდან ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან მეცნიერები საქართველოში. მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილი ფაქტები მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას როდი ემსახურება. დაგროვილი ცოდნა ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს. თუ ჩვენი საუბრის თემას შევეხებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანთა განსხვავებული ანატომიური აგებულება მათ ჩაცმულობშიც უნდა აისახოს. ამაში არის დიდი სიბრძნე. არასწორი ჩაცმულობა თანდათანობით ცვლის ადამიანის ბუნებას, ხელს უწყობს პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას.
  სჯულის კანონი ბრძანებს: `თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისთვის შეიცვალა სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებული იყოს~. თუკი ღმერთი შეგაჩვენებს, სიხარულს როგორღა ეღირსები?
  დასაფიქრებელია მე-17 საუკუნეში მოღვაწე ნილოს მირონმდინარე ათონელის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ.: `ვეღარ მოხერხდება ურთიერთისაგან ქალისა და მამაკაცის გარჩევა, იმდენად შეურაცხი იქნება ფორმა მათი სამოსისა და ვარცხნილობისა~.
  ზნეობრივი კანონები ითვალისწინებს ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას. იგი ადამიანისათვის ფარია, ჯავშანია. განამტკიცებს ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას, იცავს მათ ღირსებას. ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან ადამიანის სასარგებლოდ არის მიმართული.
   ადამიანის ქცევასა და მიდრეკილებებზე დიდი ზეგავლენის გამო ჩაცმულობა არ არის უმნიშვნელო რამ. ამიტომ ტანსაცმლის მოდელის შექმნა მოითხოვს სათანადო სამედიცინო განათლებასაც და იგი სამედიცინო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
  საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, ალბათ, სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ეს ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სასურველია განათლება აისახოს ჩვენი ცხოვრების წესში, ქცევაში. ამით არ დავარღვევთ კანონს ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც კრძალავს გარშემო მყოფთა საზიანოდ მიმართულ ქმედებას.
  ქართველი ქალი სინამდვილეში სიყვარულისკენ ისწრაფვის, მაგრამ მდარე დონის ფილმებისა და სხვა უსახური გადაცემების გავლენით, მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებების აღძვრას სიყვარულს უწოდებს, თავს იტყუებს. თუმცა ქართველმა ქალმა კარგად იცის, რომ `სიყვარული სხვა რამეა, არა სიძვის დასადარი~, რომ ასეთმა ქცევამ ადამიანებს არ მოუტანა სულიერი სიმშვიდე და სიხარული, პირიქით.
  შენ, ჩემო გულკეთილო, ჭკვიანო, თვალებმზიანო ქართველო ქალო! ასი ათასი მოწამის, თამარისა და ქეთევანის შთამომავალო! ჯერ შენ ურცხვი არ გამხდარხარ. შენში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა. შენ უზნეო ქალის მხოლოდ ნიღაბი გიკეთია, მრავალი თქვენგანი მას სულიერი ტკივილის ფასად ირგებს, რათა `თანამედროვე~ გამოჩნდეს. მთავარია მოსალოდნელი საფრთხე შეიგრძნოთ. ნიღბის მოხსნა კი ადვილია, თუ ადამიანი ამას მოისურვებს. მაშინ კრძალვით ჩაგიბნევენ იებს თმაში.
                                   ციცინო სუქნიძე
                      ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

უკან დაბრუნება