მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უფლის რჩეულნი აღბეჭდილნი არიან განსაკუთრებული ნიშნებითა და მათთანაა მადლი ღვთისა
უფლის რჩეულნი აღბეჭდილნი არიან განსაკუთრებული ნიშნებითა და მათთანაა მადლი ღვთისა15-03-2014, 00:01 |
მჭვრეტელი სერგის შესახებ თქმული
ღვთის სათნომყოფელნი, ეკლესიაში უფლის მიერ მსახურები-სათვის შერჩეულნი, ხშირად არიან მატარებელნი არა მხოლოდ მაღალი სულიერებისა, არამედ იმ განსაკუთრბული ნიშნებისაც, რაც მომავალში მათი დიდებული მსახურებისაკენ მიუთითებს. ამის დასადასტურებლად შემდეგ მაგალითს მოვიხმობთ. სვინაქსარის მარტის მე-15 დღის საეკლესიო საკითხავში წერია: „ბერი გიორგი არმევინი ყვებოდა - „ამბა გრიგოლი, ფარანის ლავრის იღუმენი, ხშირად მთხოვდა, წამეყვანა მეუდაბნოე სერგისთან, რომელიც მკვდარ ზღვასთან ახლოს მოღვაწეობდა. მე ავუსრულე წადილი და ერთხელ ბერთან წავიყვანე. მან ძალიან ტკბილად მიგვიღო, მოიტანა წყალი და სტუმარს ფეხი დაბანა. მთელი დღე საუბრობდნენ სულის ხსნის საკითხებზე და მხოლოდ მეორე დღეს გამოუშვა მეუდაბნოემ გრიგოლი. წამოსვლისას მე ვუთხარი ბერს: - იცი თუ არა, მამაო, რომ გუშინ დამაბრკოლე? - რით? - როგორ თუ რით? მე შენთან ხშირად მომიყვანია ეპისკოპოსნი და ხუცესნი, მაგრამ არცერთი მათგანისთვის ფეხები არ დაგიბანია, ხოლო გრიგოლის დაბანე. რას ნიშნავს ეს? - ვერ ვხვდები, რას მეუბნები ძმაო, მე მხოლოდ ეს ვიცი, რომ გრიგოლი ჩემს სენაკში შემოვიდა და მე, სერგიმ, მივიღე იგი, როგორც პატრიარქი, ვინაიდან ვიხილე იგი მღვდელმთავრის ომფორით შემოსილი, ხელთ კი სახარება ეპყრა. ჩვენ სახეს არ ვუყურებთ, ადამიანის გულში ვიხედებით". მართლაც, ხუთი წლის შემდეგ ღმერთმა ღირსყო გრიგოლი ანტიოქიის პატრიარქი გამხდარიყო და აღსრულდა სერგის წინას-წარმეტყველება. ასეა, ძმანო, უფალი ჭეშმარიტად განაცხადებს დიდებულ ნიშნებს, რაც მის სათნომყოფელთა მაღალ და დიდებულ მსახურებაზე მიუთითებს. გრიგოლის მაგალითი ერთადერთი არ არის. წაიკითხეთ წმინდა ნიკოლოზ მღვდელთავარის ცხოვრება და ამაში დარწმუნ-დებით. I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მან შეარცხვინა ერეტიკოსი არიოზი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით - სახეში სილა გააწნა. კრებაზე დამსწრე მამები განრისხდნენ და გადაწყვიტეს, იგი მღვდელმთავრობიდან დაეყენებინათ, მაგრამ თავად უფალმა და ქალწულმა მარიამმა გაამართლეს წმიდანის საქციელი, შეაქეს მისი თავგამოდება. კრების ზოგიერთმა წევრმა იხილა იგივე ხილვა, რაც თავად წმინდა ნიკოლოზმა, ვიდრე მას მღვდელმთავრად გამოარ-ჩევდნენ. მათ გამოეცხადათ წმიდა ნიკოლოზი, რომლის ერთ მხარეს თავად ქრისტე იდგა, ხელში სახარებით, ხოლო მეორე მხარეს, დედა ღვთისა - ომფორით და იმას აძლევდნენ მღვდელმთავარს, რაც საეკლესიო კრებაზე ჩამოართვეს. მამები მიხვდნენ, რომ მღვდელ-მთავრის სითამამე უფლის ნება იყო. კრების მონაწილეებმა შეწ-ყვიტეს ყვედრება და წმიდანს, როგორც უფლის სათნომყოფელს, კვლავ პატივი დაუბრუნეს. რა ვთქვათ კიდევ? სჯობს კვლავ უფლის სიტყვას მივმარ-თოთ:რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაისწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რამეთუ იყო იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა (რომ. 8, 29). მაშასადამე, უფალმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ერთნი კეთილად ისარგებლებდნენ თავისუფალი ნებით, ხოლო სხვანი - ბოროტად. ამიტომ, მხოლოდ ზოგიერთ რჩეულს ელის სახელი და დიდება, სხვები კი განისჯებიან. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 2.
უკან დაბრუნება |