მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > აღმსარებლობა - სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი

აღმსარებლობა - სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი


21-01-2014, 17:59

აღმსარებლობა - სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი

 

 

 

„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ" 

(იოან. 15. 20) 

 

   უფალმა ჩვენმა - იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უწინას-წარმეტყველა: „თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთი-სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ წუთი-სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლისაგან, ამიტომაც სძულხართ წუთისოფელს". (ინ. 15. 19).

   ყველანი ვხედავთ, როგორ სრულდება ეს სიტყვები დღესაც ისევე, როგორც ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე, ახლაც ქრისტეს მიმდევართა დევნის მხოლოდ ფორმები იცვლება - ის უფრო ფაქიზი და დახვეწილი ხდება.

   ღვთივსათნო ცხოვრების გულწრფელი მოსურნენი, წმიდა მამათა თქმით, არ ესათნოება სამყაროს. ის (სამყარო), თუნდაც მრავალი არ აცნობიერებდეს ამას, ღრმადაა ჩაფლული ბოროტებაში. „ქრისტეს გზით მავალნი არასდროს იყვნენ და არც დღეს არიან სასურველნი, - ამბობს მღვდელმთავარი ამბერკი (ტაუშევი), - ისინი ხომ ფეხდაფეხ არ მიჰყვებიან დროის სულს, უშლიან ბოროტებას თავის საქმეთა აღსრულებაში. ამიტომაც იწყება ქრისტიანთა ყოველმხრივი შევი-წროება. ხშირად მათ გასაქანს არ აძლევენ, ჩაგრავენ და ბოლოს აშკარადაც დევნიან. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქრისტიანები მდუმარედ არ სხედან, პირიქით, ცდილობენ ყველას აუხილონ თვალი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და ამხილონ მოზეიმე ბოროტება".1

   ბევრი ასეთი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიაში - მწყემსმთავრებიც იყვნენ მაშ შორის და რიგითი მორწმუნეებიც.

   სწორედ ამიტომ ბრძანა წმ. პაისი ათონელმა: „ქრისტიანად ყოფნა უკვე აღმსარებლობაა. შესაძლოა, ვინმე უფრო მეტად შეგვეწიოს თავისი ლოცვით, მაგრამ... მისი დუმილით ისარგებლებენ და იტყვიან: მავანს და მავანს არ გამოუთქვამს პროტესტი, მაშასადამე, ის ჩვენს მხარესაა, ჩვენ გვეთანხმება. თუ ქრისტიანი ბოროტებას არ შეებრძოლა, თუ არ ამხილა ის, ვინც აცდუნებს მორწმუნეთ, მაშინ ბოროტება უფრო გამრავლდება".2

   მორწმუნე ქრისტიანმა არა მხოლოდ შინაგანად უნდა სცეს პატივი სახარებისეული სწავლების ჭეშმარიტებას, არამედ სიტყვითაც და საქმითაც, სხვათა წინაშე ღიად დაამოწმოს თავისი დამოკი-დებულება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამას ითხოვს ვითარება, ე. ი. თუკი ჩვენი დუმილით შეურაცვყოფთ ღმერთს ან მორალურ ზიანს ვაყენებთ მოყვასს. მაცხოვარმა ბრძანა: „რამეთუ რომელსა - იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისათა ანგელოზთა თანა წმიდათა." (მარკ. 8. 38).

   აღმსარებლური ღვაწლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სარწმუნოების აშკარა დევნისას. ვით მეომარი აღიჭურვება გან-საკუთრებული სიმამაცით ომის ჟამს, ასევე ქრისტიანსაც, ვით „იესო ქრისტეს კეთილ მეომარს", (2 ტიმ. 2. 3) მართებს აღიჭურვოს აღმსარებლური ღვაწლით სარწმუნოების დევნის დროს.

   სწორედ, ჭეშმარიტების ერთგულება, ენთუზიაზმით თავდა-დებამდე ამაღლებული, იყო სარწმუნოების თესლი, რომლითაც ვრცელდებოდა ქრისტიანობა კაცობრიობაში. ამის მაგალითები უხვადაა პირველი საუკუნეების მოწამეთა ცხოვრებაში. ის იყო დევნის პირველი ფორმა. პირველ საუკუნეთა ქრისტიანებს აშკარად დევნიდნენ. ისინი საქვეყნოდ აცხადებდნენ: „მე ვარ ქრისტიანი!" მათ იცოდნენ, რომ ასეთი აღიარებისთვის სასტიკი ტანჯვა და მოწამეობრივი სიკვდილი ელოდათ. ყველა მოციქულმა, იოანე ღვთისმეტყველის გარდა, ამქვეყნიური ცხოვრება მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. ისინი პავლე მოციქულის მსგავსად ამბობდნენ: „... არცა სიკუდილმან, არც ცხოვრებამან... არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არც ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა." (რომ. 8. 39).

   მსგავსი სულისკვეთებით იყვნენ განმსჭვალულნი იმდროინდელი ქრისტიანები. მდევნელები ამბობდნენ, რომ ქრისტიანები ადამი-ანთმოძულენი არიან, რომ ისინი საკუთარ თავსაც და სხვებსაც ართმევენ ცხოვრების სიხარულს. ქრისტიანული დოგმატების ერთ-გულებას წარმართები ფანატიზმად მიიჩნევდნენ.

   სისხლიანი დევნა ხშირად არც ჰუმანისტური თუ ლიბერალური პოზიციების ერთგულებს უთაკილიათ. ქრისტიანებისთვის ყველაზე საშინელი იმპერატორ დიოკლეტიანეს ეპოქა იყო. ამ დროს ბეთანიის მმართველმა ფელიქსმა დაწერა წიგნი, რომლითაც იგი შეეცადა დაერწმუნებინა ქრისტიანები, რომ მათსა და წარმართებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. მისეული კომპრომისული გადაწყვე-ტილების მიხედვით, ქრისტიანებს თაყვანი უნდა ეცათ „ქრის-ტესთვისაც და წარმართული ღმერთებისთვისაც". როდესაც მმართველი დარწმუნდა, რომ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოდიოდა, იგი ქრისტიანების ყველაზე საშინელი მდევნელი გახდა.3

   აღმსარებლურ - მოწამეობრივი ღვაწლი მარტო პირველ საუკუნეებს არ ახასიათებდა. დროთა განმავლობაში დევნის ფორმები იცვლე-ბოდა, რადგან აშკარა დევნის მიუხედავად, ქრისტიანობა უფრო ვრცელდებოდა და ძლიერდებოდა. მაცხოვარი ბრძანებს, რომ არა ეკლესიის ორგანიზაციაზე, არამედ აღმსარებლურ სარწმუნოებაზე დააფუძნა ეკლესია, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან" (მათ. 16. 18). გავიხსენოთ მნიშვნელოვანი მომენტიც: აღმსარებლები და მოწამეები, რომლებიც სიკვდილის შემდგომ წმინდანად ირაცხნენ, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც უდიდესი პატი-ვისცემით სარგებლობდნენ.

   შემდეგ და შემდეგ აშკარა დევნა უფრო დახვეწილი, მრავალთათვის შეუმჩნეველი, მაგრამ გონებაგანწმენდილთათვის საკმაოდ მკაფიო შეიქნა: მდევნელები ქრისტიანებისაგან არა ქრისტეს უარყოფას, არამედ ერესის (ცრუ სწავლების) მიღებას მოითხოვდნენ. ეს ისეთივე დამღუპველი იყო, როგორც ქრისტეს უარყოფა. ამ პერიოდს წმიდა მამები ტრინიტარული ერესების ეპოქას უწოდებენ, რაც წმიდა სამების პირთა შესახებ არასწორი სწავლების ქადაგებას გულისხმობს. დედაეკლესიამ შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით დაგმო ყოველგვარი ცრუ სწავლება და მართლმადიდებლური სწავლება დაადასტურა. ამ ხნის მანძილზე მრავალი წმიდა მამა (ათანასე დიდი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი, თეოდორე სტუდიელი და სხვები), აგრეთვე, ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლის წარმომადგენლები, შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

   საგულისხმოა ერთი რამ: მდევნელების მიზანი იყო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ რელიგიურ - ზნეობრივადაც გაენადგურებინათ პიროვნება. ამიტომ ბნელმა ძალებმა დაასკვნეს, რომ უხეში დევნის ეტაპი დასრულდა და ისინი სხვაგვარად ამოქმედდნენ.

   დევნის შემდგომ ეტაპზე ქრისტიანული რწმენა, შეგნება თავის ნებაზე იქნა მიშვებული. დაე, ვისაც როგორც სურს, ისე სწამდეს, ხოლო ქრისტეს მცნებებით ცხოვრება - უარვყოთ. მართლმა-დიდებლური სარწმუნოებისადმი ძველებური ერთგულება გულგ-რილობამ შეცვალა. არცთუ იშვიათად გავიგონებთ ასეთ საუბარს: „განა სულ ერთი არაა, რომელ სარწმუნოებას ვირწმუნებთ? ყველა კარგია, მთავარია ღვთის ერთადერთობას აღიარებდე; სარწმუნოების გამოცვლა სირცხვილია, ვინც რომელ სარწმუნოებაში დაიბადა, იმაში იცხოვროს!" (საუბარია უცხო კომფესიებზე. ავტ.) და ა. შ.

   მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი გულგრილობა სრულიად ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს სწავლებას. თავისი შედეგებით ის დამღუპველია. აზრი, რომ ყოველი სარწმუნოება კარგია, შეუთა-ვსებელია ღვთის გაგებასთან. განა სულერთია, ებრაელების მსგავსად რომ უარვყოთ ძე ღვთისა და ქრისტიანებივით ვაღიაროთ იესო ქრისტე? განა ერთი და იგივეა ქრისტიანულად ვიცხოვრებთ თუ წარმართულად? ვითომ სულერთია ჩვენი ხსნისათვის აუცილებელ წმ. საიდუმლოებებს ვაღიარებთ თუ უარვყოფთ?

   თუკი ყოველი სარწმუნოება კარგი და მაცხონებელია, რატომ განკაცდა ამქვეყნად მხოლოდშობილი ძე ღვთისა? რატომ გაგზავნა მან დედამიწის სხვადასხვა მხარეს მოციქულები და მისცა ასეთი მცნება: „ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ" (მათ. 28. 20). მაცხოვარმა ასევე ბრძანა, რომ „ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება." (მათ. 16. 16); ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია და ვინც ჩემთან არ აგროვებს საუნჯეს, ის აბნევს (მათ. 12. 30). ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, უარყოფილ იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე". (ლუკ. 12. 9). იგივე გვესმის მოციქულთა ბაგეებიდან: „თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებთ, შეჩვენებული იყოს იგი" (გალ. 1. 8). „სხვა არავისში არ არსებობს ხსნა. არც არის ცისქვეშეთში ხალხისთვის მოცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით" (საქ. 4. 12). მსგავსი ამონარიდების გაგრძელება კიდევ შეიძლება.

   ასე და ამგვარად მკვიდრდება მართლმადიდებლობის საპირისპირო ცხოვრების წესი. ამის შედეგად კი სარწმუნოება ვერა და ვერ ხდება ქმედითი, ცოცხალი ანუ სულიერი. სარწმუნოება თვინიერ საქმეებისა ანუ დოგმატების, კანონების, მცნებების აღუსრულებლად, მკვდარია.

   მდევნელთა ახალი ტაქტიკა ითვალისწინებს, არ დაანგრიონ ტაძრები, მაგრამ... ადამიანის გულის ტაძარი ისე უნდა შემუსრონ, რომ უუნარო შეიქნეს მადლის მისაღებად, ეკლესიაში საიდუმლო-ებებთან ზიარებისას რომ გადმოდის. თუ აშკარა დევნისას ხალხი სალოცველად ტაძრის ნანგრევებში იკრიბებოდა, თუ ძალადობის, თვით სიკვდილსაც კი, არ შეეძლო დაენგრია ქრისტეს სიყვარულით აღვსილი გული, ამჟამად ფორმა სხვაა - ხან ჯიქური, ხან შენიღბული.

   „ადრე, თვით გულგრილი ადამიანებიც კი, ომის ან განსაცდელის გაგონებაზე, იმ წამსვე გონს მოდიოდნენ, - ამბობს წმ. პაისი ათონელი, - და ცვლიდნენ თავიანთ ცხოვრებას. ასეთები ახლა მცირედნი არიან". წარსულში ჩვენი ერი სულიერად ცხოვრობდა, ამის გამო ღმერთი აკურთხებდა მას და წმინდანებიც გვმფარველობდნენ. ჩვენ ვიმარჯვებდით მტერზე, მიუხედავად იმისა, რომ ის რიცხობრივად მუდამ ჩვენზე მეტი იყო. ახლა ვამბობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ არ ვცხოვრობთ შესაბამისად.

   XXI საუკუნეში ვიმკით იმას, რაც მანამდე დავთესეთ. თითქოს ის ასწლეული „უმტკივნეულოდ", დაიწყო - „თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა!" ჰუმანისტურმა ლოზუნგებმა, თანამედროვე იდეოლო-გიებმა - თეოსოფიამ, ლიბერალიზმმა, ეკუმენიზმმა თუ პანეკუ-მენიზმმა, რომელთათვისაც ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს, ქრისტიანობა არა ყველა ერის ჭეშმარიტებად, არამედ რეგიონულ რელიგიად გამოაცხადა. ამან მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე. „ჭეშმარიტება არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია" (ნიცშე) - ასეთი ლოზუნგით შეაბიჯა „განვითარებულმა კაცობრიობამ" XX საუკუნეში. განივრცო და დაიხვეწა ადამიანთა უზნეო, გარყვნილი ცხოვრების წესი, ლეგიტიმური სახე მიეცა მას. შედეგებსაც ვიმკით. ამდენად, დევნის ეს ფორმა სულ უფრო საშიში ხდება და საშინელ ქარიშხლად მოვარდნით გვემუქრება.

   უნდა ვიცოდეთ, რომ ამა სოფლის სული არის ყოველივე წმინდის, ზეციერისა და ღვთაებრივის დევნისა და შევიწროების სული. ღვთისადმი მტრულად განწყობილ სამყაროს არ შეუძლია იმის ატანა, რაც ღვთაებრიობის ბეჭედს ატარებს, რაც ღმერთს ახსენებს. ამიტომაც იგი ავიწროებს, ზღუდავს და თავისი მიწაწყლიდან დევნის რწმენის, ღვთისმოსაობის გამოვლინებას.

   თანამედროვე „ქრისტიანების" ნაწილი ამბობს: ნუ ვეტყვით ერეტიკოსებს, რომ ცდებიან, - ამით სიყვარული ვაჩვენოთ; ნუ ვიტყვით, რომ აბორტი თავისი ნაირსახეობებით (ჩასახვის საწინა-აღმდეგო საშუალებებით და ა. შ.) ჩვილთა კვლას ნიშნავს; ნუ ვიტყვით, რომ სინჯარაში განაყოფიერებით უნდა იცხოვროს ერთმა... მრავალი ჩასახული ჩვილის ფასად. ასეთ ქრისტიანებს პირველ საუკუნეებში რომ ეცხოვრათ, დღეს არც ერთი წმინდანი არ გვეყოლებოდა. საერთოდ, ვიარსებებდით კი?!

   თანამედროვე ადამიანი კომფორტული ცხოვრებისკენ მიილტვის, ცდილობს გაექცეს პრობლემებს, სანერვიულოს, რომ მყუდროება არ დაერღვეს, სამსახური არ დაკარგოს და ა. შ. ის ხშირად ათასნაირ მცდარ, მიუღებელ აზრს თუ საქმეს აჰყვება ხოლმე. ეს გულგრილობის ნიშანია. სულიერი სიმშვიდე ერთია, გულგრილობით გამოწვეული დათმობა კი - მეორე. ზოგი ამბობს: მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ მშვიდი და მხიარული უნდა ვიყო, მშვიდად ავიტანო სარწმუნოებისა და ზნეობის შელახვა. არადა ეს არ არის ქრისტიანობა! სულიერი მშვიდობა და სიხარული, რომელსაც სულიერი ადამიანი განიცდის, სულაც არ არის ისეთი, როგორსაც დღეს მრავალი მიელტვის. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ეს მდგომარეობა ერთმანეთში. სულიერი ადამიანი თხემით ტერფამდე ტკივილია, მას სტკივა, რაც ირგვლივ ხდება: ერი ტელევიზორთან და კომპიუტერთან რომ ირყვნება; რომ ხმას იმაღლებენ უმსგავსობით დამძიმებულნი, რომლებსაც, სადაც სამართალია, სირცხვილეულ უნდა იქნენ. სტკივა მას ადამიანის ყველა სატკივარი, მაგრამ ამ ტკივილის გამო ღვთაებრივი ნუგეში და სიმშვიდე ეუფლება. ამიტომაც ის ხარობს, როდესაც სიმართლისთვის იდევნება - ამბობენ წმიდა მამები.

   ამსოფლისაგან შეურაცხყოფა და ცილისწამება სულიერ ადამიანს არ ანაღვლებს - პირიქით, ქება - დიდება ამ წუთისოფელში მისთვის არაფერია.

   ასე და ამრიგად ახლა პარადოქსის წინაშე ვდგავართ: მართლ-მადიდებელ ქვეყანაში მართლმადიდებლებს დევნიან. ეს ფაქტია, ეს ცხადია. მდევნელი კი არ არის ცხადია, ის არ ჩანს.

 

 

 

 

 

1მთეპ. ამბერკი (ტაუშევი). ციტ. „ლიმონარი" №1. გ. აროშვილი.

2პაისი ათონელი. ციტ. „Духовное Пробуждение” 1999. M. გვ. 37.

3Арх. Рафаил (Карелин). О Вечном и Преходящем. М. 2007.

 

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 


უკან დაბრუნება