მთავარი > საცდურები > მათ მიმართ, ვინც ავადმყოფობისას გრძნეულებს მიმართავს
მათ მიმართ, ვინც ავადმყოფობისას გრძნეულებს მიმართავს9-03-2014, 00:01 |
თქმული იოანე ოქროპირისა - მათ მიმართ, ვინც ავადმყოფობას ჯადო-თილისმით მკურნალობენ
ძალიან სამწუხაროა, ძმებო, რომ ჯერ კიდევ გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ავადმყოფობის ჟამს უფლისა და ჩვეულებ-რივი ექიმების დახმარების იმედს კარგავენ და კურნებას ე.წ. მისნებთან ეძიებენ. მძიმე სანახავია, როდესაც გონებით ბრმა ადამიანი მოწიწებით მიდის ჭეშმარიტად ბოროტ ძალებთან შეკრულ მისანთან, აძლევს უკანასკნელ კაპიკს, თავს იმცირებს და თითქმის აღმერთებს მას. ყოველივე ამის შემდეგ სად არის უფალი - ყოვლისშემძლე, განსაცდელში მყოფთა მწყალობელი და ყოველთა მფარველი? სად არის ნათლობის ჟამს დადებული აღთქმა იმის შესახებ, რომ განვაგდებთ სატანას და განვეშორებით მის ბოროტ საქმეებს? ამის შემდეგ რაღა ქრისტიანები გვეთქმის?! წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ჰოი, რამდენგზის უმჯობესია მოვკვდეთ, ვიდრე უფლის მტრებთან მივიდეთ?! რა შვებას მოგვცემს ის, რომ სხეული გამოვაჯანმრთელოთ და სული დავღუპოთ?! რა სარგებელია, თუკი სააქაოს ოდნავ შევიმსუბუქებთ ყოფას და საიქიოს მარადიულ ცეცხლში, ეშმაკებთან განვეწესებით?! მისმინეთ, რა მოხდა. მეფე ოქოზია ავად გახდა, მან დაუტევა უფლის სასოება და მკურნალად მოგვები იხმო. გზად მიმავალ მსახურებს ელია წინასწარმეტყველი შეხვდათ, რომელმაც უბრძანა მათ: გაბრუნდით უკან და აუწყეთ თქვენს ხელმწიფეს - რადგანაც დაუტევებია უფალი თვისი და ჯანმრთელობას ეშმაკთ ავედრებს, უზენაესმა ასე განსაჯა, ვეღარ ადგება იგი სარეცელიდან და ნაადრევად გარდაიცვლება. ასევე ნაადრევი სიკვდილი ემუქრებათ მათაც, ვინც მისნებთან და მჩხიბავებთან გააბავს კავშირს. წმიდა მოციქულებმა დაგმეს და დაწყევლეს მისნობა, წმიდა მამებმა ტაძრებიდან განაგდეს და ზიარების უფლება წაართვეს მათ, მკაცრი სასჯელი დააწესეს იმ ადამიანებისათვის, ვინც მისნებთან დადიოდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი განაგრძობს: „მოეშვით ძმანო დაწყევლილ მისნობას, რათა არ მოგესაჯოთ სამუდამო სატანჯველი. მაგრამ თქვენ მეტყვით, აუტანელია მძიმე ავადმყოფობაო. მაშინ გაიხსენეთ იობი, რომელიც საშინელი წყლულებით იტანჯებოდა შვიდი წელი, მას არ მოუხმია მისნები, მხოლოდ ამბობდა: „სჯობს მოვკვდე, ვიდრე შეურაცხვყო უფალი ღმერთი ჩემი!" გაიხსენეთ სახარებისეული დავრდომილი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი არ ითხოვდა ექიმს, იგი ჯადოქ-რებთან არ წასულა და მხოლოდ ღვთის წყალობას ელოდა. გაიხსენეთ ლაზარე, რომელმაც ავადმყოფმა და მშიერმა მთელი ცხოვრება მდიდრის კარიბჭესთან მიგდებულმა გაატარა, შეურაცხყოფასა და ლანძღვაში, მაგრამ მისნებთან არ გაქცეულა. თუკი მათ ასეთი საშინელი ავადმყოფობა უდრტვინველად გადაიტანეს, ჩვენ რა წყალობას უნდა ველოდოთ უფლისაგან, როდესაც ოდნავ შეუძლოდ მყოფნი მჩხიბავებსა და მკითხავებს მივმართავთ?! როგორც ცეცხლი გაწმედს ოქროს წიდებისაგან, ასევე ავადმყოფობა ათავისუფლებს ჩვენს სულს ცოდვებისაგან. გაიხსენეთ მოწამენი, მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, თუ როგორ იღებდნენ ისინი განსაცდელებს. არ დაივიწყოთ, რაც მეტ განსაცდელსა და ტკივილს დაითმენთ სააქაოს, მით უფრო უხვად დასაჩუქრდებით სამუდამო სასუფეველში. მისანი მაინც ვერ განგკურნავს ავადმყოფობისაგან, მათთან მისვლით კი ბოროტად სცოდავთ. უფალთან განშორებით ეშმაკებს იახლოვებთ და ყოველივე ამის შემდეგ რაღა მოწყალებას მიიღებ ან როგორღა მოუხმობ მაცხოვარს ლოცვის დროს? რატომ იღუპავ სულს, როგორღა ეზიარები წმიდა საიდუმლოს ან როგორღა შეისმენ უფლის სიტყვას? ასე რომ, სჯობს თავი დაანებო მკითხავებს, უფლის მიმართ მადლიერებით დაითმინე ავადმყოფობა და ოდესმე წამებულთა გვერდით დაიმკვიდრებ სასუფეველს". როგორღა დავასრულო ჩემი ქადაგება, ძმანო, წმიდა იოანე ოქროპირის ამ ქადაგების შემდეგ?! მხოლოდ ვიკითხავ: თქვენ გესმათ, რაოდენ დამღუპველია ადამიანის სულისთვის მისნებთან სიარული, მიიღებთ კი რაიმე ხორციელ შვებას ამ სატანის მსახურთაგან?! გულმოდგინედ მიმოიხედეთ ირგვლივ და მითხარით, - ვინმე თუ გინახავთ მისნებთან მოსიარულეთა გარდა - მრუშე სახით, ბრმა თვალებით, უძლური სხეულით? ნუთუ ეს არ არის უფლის სასჯელის აშკარა ნიშანი? და ის ფაქტი, რომ ვერ განიკურნენ, არ ამტკიცებს ბნელი ძალების უუნარობას? რატომღა უნდა ვეძებოთ დახმარება მათთან, რატომ უნდა განვარისხოთ ღმერთი? მოდით, დავთმოთ ბოროტი ჩვეულება და განსაცდელის ჟამს ჩვენს შემოქმედს და სულთა მკურნალს ვუძღვნათ ჩვენი სულიცა და ხორციც, ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |