მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მათ მიმართ, ვინც მოწყალებას ითხოვს და მწყალობელთა ხარჯზე ცხოვრობს

მათ მიმართ, ვინც მოწყალებას ითხოვს და მწყალობელთა ხარჯზე ცხოვრობს


7-03-2014, 00:01

მათ მიმართ, ვინც მოწყალებას ითხოვს და მწყალობელთა ხარჯზე ცხოვრობს

 

სიტყვა მოსაგრეზე

 

   ჩვენს შორის, ძმებო, საკმაოდ ბევრი უსაქმურია, ვინც სხვის ხარჯზე ცხოვრობს. იპოვის ასეთი კაცი ვინმე კეთილს, მიეტმასნება მას და სარგებლობს მისი სიკეთით. ამ დროს იგი თავისი კეთილის-მყოფელის მიმართ მოვალეობას ვერ გრძნობს, არც ფიქრობს იმაზე, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი კაცის უსაქმოდ ყოფნა და სხვის ხარჯზე ცხოვრება, დიდი ცოდვაა. ამ უკანასკნელზე ქვემოთ ვიმსჯელებთ, ახლა მოდით, ვკითხოთ ასეთ უსაქმურებს, როდესაც ახლობლების ხარჯზე ცხოვრობენ, აქვთ თუ არა მათ მიმართ რაიმე პასუხისმგებლობა, აღასრულებენ თუ არა რაიმე მოვალეობას მწყალობელთა წინაშე? ასეთი ხალხისაგან ამ კითხვებზე დადებითი პასუხის მიღება ძნელია, ამიტომ ჩვენ თავად შევეცადოთ ვუპასუხოთ დასმულ კითხვას და სამომავლოდ უსაქმურებსა და მუქთამჭამელებს მაგალითი ვაჩვენოთ.

   ერთ მონასტერში მოსაგრე ბერი ცხოვრობდა. მისი ღვაწლი სამაგალითო იყო ყველა სასულიერო პირისათვის. ბერს წესად ჰქონდა, არავისგან არაფერი აეღო, მაგრამ აი, ერთხელ, მონასტერში ქალაქის მმართველი მოვიდა, მან ყველას ვერცხლი დაურიგა და დაყუდებულ ბერს შეევედრა, ერთი ოქროს დრაჰკანი მაინც მიეღო მისგან. ბერს მოერიდა პატივსაცემი სტუმრის განაწყენება და ფული აიღო. ქალაქის თავის წასვლის შემდეგ, ბერმა ილოცა, იგალობა და, ჩვეულებისამებრ, ჭილოფზე დასაძინებლად დაწვა. და რა მოხდა? მან საკუთარი თავი უსახური ბალახით დაფარულ ველზე იხილა. იქვე იდგნენ იმ მონასტრის ბერები, სადაც იგი ცხოვრობდა. ბერების გვერდით მრისხანე ჭაბუკი წარდგომილიყო, რომელმაც მათ შხამიანი ეკლების მომკა უბრძანა. შემდეგ თვით დაყუდებულ ბერს მიადგა და მიმართა:

   - სარტყელი შემოირტყი და მომკე ეს შხამიანი ბალახი.

   ბერს სურდა ბრძანება გადაეთქმევინებინა, მაშინ ჭაბუკმა სიტყვა გააგრძელა:

   - უფლება არ გაქვს, ამ საქმეს თავი აარიდო, რადგან შენ და შენმა ძმებმა ფული გამოართვით ქალაქის თავს და მიქირავდით მას. ასე რომ, დაიწყე მკა.

   ბერს მეყსეულად გაეღვიძა და მიხვდა ხილვის არსს. მან თავისთან მიიწვია ქალაქის თავი და ევედრა, უკან წაეღო ნაწყალობევი. როდესაც ქალაქის თავმა უარი განაცხადა, ბერმა უთხრა მას:

   - არ მსურს ვიტვირთო სხვისი ცოდვები, რადგან საკუთარიც ბევრი მაქვს.

   ამ სიტყვებით ოქრო გადააგდო და სენაკის სარკმელი ჩაკეტა.

   მკაცრად მოიქცა ბერი, როდესაც უარი თქვა წყალობაზე. და ეს იმიტომ, რომ ამ ცოდვებზე პასუხისგებისა ეშინოდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათი მიტევებისათვის არ ლოცულობდა იგი. რაღა გითხრათ თქვენ, ვინც მოწყალებას ითხოვთ, სხვის ხარჯზე ცხოვრობთ და ივიწყებთ, რომ სულაც არ ხართ პასუხისმგებ-ლობისაგან თავისუფალნი უფლისა და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც წყალობას გაძლევთ. განა გაგაჩნიათ მცირედი მადლიერების გრძნობა მწყალობელთა მიმართ? ოდესმე გილოციათ მათთვის? გაგიღიათ რაიმე სიკეთის სანაცვლოდ? იფიქრეთ ამაზე! წინააღმდეგ შემთხ-ვევაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგიხდებათ პასუხისგება უფლის წინაშე და სიმწარეს იგემებთ, როდესაც მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში უსახური ბალახის მკა მოგიწევთ, ამინ.

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება