მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


17-01-2014, 22:34

   გიორგის შეკითხვა: დამლოცეთ მამა კონსტანტინე! საუფლო ლოცვისას ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს: "... და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა...", ამავდროულად ეკლესია გვასწავლის ჭირთა დათმენას, განსაცდელის ღირსეულად შეგებებას. როგორი შინაგანი მზაობა და განწყობა უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს მამაო, უნდა გაურბოდეს და ერიდებოდეს განსაცდელებს თუ უშიშრად უნდა მიიღოს რაც შეემთხვევა? რომელი მიდგომაა სწორი და მართებული? მადლობა წინასწარ პასუხისთვის...

   პასუხი: საუფლო ლოცვის ამ სიტყვებში ეშმაკისეული განსაცდელი იგულისხმება და არა ჩვენთვის სასიკეთოდ დაშვებული განსაცდელი და მწუხარება.

 

 

   გიორგის შეკითხვა: დაგვლოცეთ მამაო! გთხოვთ განგვიმარტოთ ერთი საკითხი:  მეფე ჰეროდეს მიერ 14 000 მოკლული ჩვილის ხსენების დღე ამას წინებზე აღნიშნა მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ. მიჩნდება შეკითხვა: ეს 14 000 ჩვილი არ იყო მონათლული, რადგან ნათლობის ცერემონიალი ქრისტეს ნათლობით დამკვიდრდა დედამიწაზე. ხოლო 14 000 ყრმის უბედურ შემთხ-ვევამდე ქრისტე ჯერ არც იყო იოანე ნათლისმცემლისგან მონათლული და შესაბამისად ვერც მონათლული იქნებოდნენ ჩვილი ყრმები.  არადა ეკლესია გვასწავლის, რომ მოუნათლავი ადამიანი ვერ ცხონდება და მაშ რატომ აღნიშნავს ეკლესია მათ ხსენებას? ან  რა დააშავეს მოუნათალვად გარდაცვლილმა დანარჩენმა ჩვილებმა რომელთაც წესს არ უგებს ეკლესია? თუნდაც აბორტით გარდა-ცვლილებს, ან თუნდაც უბედური შემთხვევით მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილების ბედს რა მოელის? მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

   პასუხი: ჰეროდეს მიერ მოკლული 14 000 ჩვილი მოწამეობრივად ქრისტესთვის აღესრულნენ. მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს სწავლება: როდესაც წარმართი მონათვლამდე ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღესრულება, თავისი სისხლით ინათლება. ასეთი მაგალითი მრავლადაა ეკლესიის ისტორიაში. მოწამეების ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან 14 000 ჩვილიც.

   რაც შეეხება მოუნათლავად გარდაცვლილებს. აქ სულ სხვა ვითარებაა. ისინი არ არიან მოწამეები. მაგ ლოგიკას რომ გავყვეთ, აბორტი სათნო საქმე გამოდის. საკუთარი შვილის მკვლელობით თურმე სიკეთეს აკეთებს - „სასუფეველში" აგზავნის მოკვ-დინებულებს. ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში მყარი სწავლება გააჩნია: მოუნათლავი ვერ ცხონდება.

 

 

 


 

 

 

  

 


უკან დაბრუნება