მთავარი > თანამედროვე მამები > თავმდაბლობა

თავმდაბლობა


14-01-2014, 19:09

თავმდაბლობა

 

 

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

   ადამიანი რთული არსებაა. შეიძლება მან უკიდურესადაც კი დაიმ-დაბლოს თავი. ამის მაგალითია დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც თქვა: „გულზე დამადგით ფეხი ყოველმან!" ასეთი სიტყვები არ უთქვამს არა თუ რომელიმე სხვა მეფეს, ჩვეულებრივ ადამიანსაც კი!

   აი, კიდევ ერთი მაგალითი თავმდაბლობისა: ვაჟა-ფშაველა ამბობს - „მე მინდა ვიყო ბალახი, მე არ მწადიან ცელობა". ე.ი. მას ურჩევნია, რომ იგი მოცელონ, ვიდრე თავად შეიქნეს ცელი!

   საოცარი სათნოებაა თავმდაბლობა! ეს არის ღვთისაგან ბოძებული მადლი, რომელსაც ადამიანი სასუფეველში აჰყავს! თავმდაბალ ადამიანს უფალი ყველაფერს უსრულებს, ყოველივეს ანიჭებს.

   ჩვენ ყველას სწორედ ეს სათნოება გვაკლია და ამის საპირისპირო სენი - სიამაყე და ამპარტავნება გვაწუხებს. ქართველი ადამიანი ამპარტავანია და ჩვენ უნდა გავთავისუფდეთ ამ მძიმე ცოდვისაგან!

   მახსენდება სემინარიაში სწავლის დროს ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში, არდადეგებზე; შემიყვანეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III - სთან. ვინც ცოტა ხანდაზმული ბრძანდებით, ალბათ გახსოვთ ეს დიდი პატრიარქი! უწმინდესისა და უნეტარესი მელქისედეკის შესახებ არსებობს მოგონებები: მან ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დაამთავრა ყაზანის სასულიერო სემინარია; ცოლი ადრე გარდა-ეცვალა და შვილები მამის იმედად დარჩა. მათ ბინაში თურმე ისე ციოდა, თითქმის ყინავდა და ამიტომ ჯერ თავად ჩაწვებოდა ხოლმე ლოგინში, რომ გაეთბო იგი და მერე შვილებს აწვენდა...

   როდესაც მასთან ლოცვა - კურთხევაზე მიმიყვანეს, ასეთი სიტყვები მითხრა: „გახსოვდეს, ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მიანიჭებს მადლსა". და ეს რატომღაც რუსულად მითხრა. მგონი იმიტომ, რომ ეგონა, ასე უფრო კარგად გავიგებდი. იმდენად ღრმად ჩამწვდა გულში მისი სიტყვები, დღესაც მასზე ვფიქრობ, ალბათ მან ჩემში ამპარტავნება დაინახა და ამიტომ გამაფრთხილა...

   „რომელმაც აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რო-მელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს."

   თავმდაბლობა - ეს არის რჩეულთა ხვედრი და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს რჩეული უფლისა!

   ღმერთმა მოგანიჭოთ სიმდაბლე და მორჩილება! ღმერთმა მისცეს ჩვენს ერს ეს უდიდესი ნიჭი, რათა ყოველი ადამიანი ცხონდეს და ყოველი ჩვენგანის სახელი ჩაწერილი იყოს წიგნსა მას ცხოვრებისასა!

   ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა! ღმერთმა მისცეს მშვიდობა და მთლი-ანობა სრულიად საქართველოს!

   მართალია, დღეს უჭირს საქართველოს, დარღვეულია ჩვენი ტერი-ტორიული მთლიანობა, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ! სწორედ ეს თვისებები - თავმდაბლობა, მარხვა, ლოცვა, სიკეთის კეთება დაგვიბრუნებს აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც! ღმერთმა ინებოს!

 
 
 
 
 
 
 
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II 

უკან დაბრუნება