მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მართალს მხეციც ემორჩილება

მართალს მხეციც ემორჩილება


4-03-2014, 00:01

მართალს მხეციც ემორჩილება

 

 

ღირსი მამის გერასიმე იორდანელის მაგალითი ჩვენს გულისხმისაყოფად

 

   გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად, ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს (შესაქ. 1, 26), მაგრამ ცოდვათა გამო დავკარგეთ ეს ძალაუფლება. ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ თუკი საკუთარი წმიდა ცხოვრებით აღვადგენთ ჩვენში უფლის ხატებას, კვლავ მოგვენიჭება მეუფება ყოველ დაბადებულზე. ამის შესახებ თუ აქამდე არაფერი გსმენიათ, ახლა გეტყვით.

   ღირსი გერასიმე იორდანელის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ მას გულში ისე მტკიცედ ჰქონდა დამარხული ხატება და მსგავსება ღვთისა, რომ მხეცებიც კი ემორჩილებოდნენ. ერთხელ მასთან უზარმაზარი ლომი მივიდა და მონასტრის ვირს, რომელიც ძმათათვის წყალს ეზიდებოდა, მოვლა - პატრონობა დაუწყო. ლომი მწყემსავდა ვირს, გაჰყავდა იგი მონასტრიდან და უკანვე აბრუნებდა. მაგრამ ერთხელ, პაპანაქება სიცხით გათანგულ ლომს დაეძინა; ამ დროს მარცვლეულით მოვაჭრეებმა ჩამოიარეს, ვირი წაიყვანეს და მიიმალნენ. გაიღვიძა ლომმა და როცა ვირი ვერსად იპოვა, დარდისაგან ბრდღვინვა დაიწყო, იგი დიდხანს ეძებდა მას, მაგრამ ამაოდ. როდესაც ეკლესიის მსახურმა ლომი მარტოდ მომავალი იხილა, იფიქრა, რომ მხეცმა ვირი დაგლიჯა და ეს ამბავი წმიდა მამას აუწყა. ხუცესმა დასაჯა მხეცი და აიძულა წყალი მას ეზიდა. ლომი მორჩილად ემსახურებოდა. ერთხელ, როცა საპალნეაკიდებული ლომი მონასტერში ბრუნდებოდა, დაინახა უკან მომავალი ვაჭრები და აქლემების ქარავანზე მიბმული ვირი. მარცვლეულით მოვაჭრენი ლომის დანახვაზე თავზარდაცემულნი მიმოიფანტნენ. ლომი კი ვირთან ერთად სამყოფელში უვნებელი დაბრუნდა. ამ საოცარი ამბის შემყურე ღირსმა მამამ ღიმილით უთხრა ერთ - ერთ მოწაფეს:

    - ასე უსამართლოდ რისთვის დავსაჯეთ ლომი? გაუშვი, დაე წავიდეს, სადაც სურს.

   ნადირი ნაცნობ ხეობებს დაუბრუნდა და კვირაში ერთხელ ხუცე-სთან მოდიოდა, რათა მიალერსებოდა მას. მაგრამ ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული. დადგა ბერის ამსოფლიდან გასვლის ჟამიც და იგი მიიცვალა. როცა ლომი, ჩვეულებისამებრ, მონასტერში მივიდა და თავისი კეთილისმყოფელი ვერ იპოვა, მხეცმა ღრიალი მორთო. დასამშვიდებლად ბერებმა ლომი წმიდა მამის საფლავზე მიიყვანეს, ნადირმა საბრალოდ ამოიღმუვლა და მოკვდა. ასე დამთავრდა ეს ამბავი. ჭეშმარიტად, უფალი განადიდებს თავის ხატსა და მსგავსს.

    ჩვენ კი დავურთავთ, რომ ადამიანს, რომელსაც წრფელი გული აქვს, აღადგენს საკუთარ უფლის ხატებას. დავით მეფსალმუნე ამბობს: ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი (ფსალმ. 90. 13), რადგან წრფელი გულის ადამიანი მუდამ უფალთანაა და უფალი მასთან. ამგვარი არა მარტო ლომსა და გველს დაიმორჩილებს, უფრო საშინელ ბოროტებასაც არ შეუშინდება, რადგან, როგორც ფსალმუნი იტყვის: ...უფალი ჩემთანა, ვისა მეშინოდის.

    მაშ, ვესწრაფოთ ძმანო, წმიდა ცხოვრებით მოვიპოვოთ გული წმიდა, საკუთარ თავში გავაცოცხლოთ და აღვადგინოთ წარწყმე-დილი ხატი ღვთისა, მაშინ კი ჭეშმარიტად დავიბრუნებთ მეუფებას - ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე და ყოველ ცხოველზე, რაც კი დედამიწაზე დახოხავს (შესაქ. 1, 28). ამინ.

„სვინაქსარი". ტომი 2.


უკან დაბრუნება