მთავარი > სხვადასხვა > ცოდვაა განსაჯო ახლობლები
ცოდვაა განსაჯო ახლობლები2-03-2014, 07:52 |
წმიდა ათანასეს სიტყვა იმის შესახებ, რომ არ უნდა განსაჯო ცოდვილი
უფლება არ გვაქვს განვსაჯოთ ადამიანი, პირველ რიგში იმიტომ, რომ კაცის გული ზღვასავით ღრმაა და თუ რა ხდება მასში, ეს მხოლოდ ერთმა, უფალმა უწყის; მეორე მიზეზი ისაა, რომ ახლობლების განსჯისას ჩვენ თითქმის ყოველთვის ვცდებით და ბოლოს, მესამე - ჩვენი ჭეშმარიტი მსაჯული უფალია, ჩვენ კი, ყველანი, განსასჯელები. წმიდა ათანასე ამბობს: დავფიქრდეთ, ძმანო, უფლის სიტყვებზე, „არა განსაჯოთ და არ განისჯებით". მრავალმა მართლაც რომ შესცოდა, მაგრამ საიდუმლოდ მოინანია, რის გამოც უფალმა შეიწყალა და სულიწმიდა ეზიარა. უმეტესი მათგანი, ვინც ჩვენ ცოდვილი გვგონია, პირმართალია უფლის წინაშე. ჩვენ ამ ადამიანთა ცოდვები ვიხილეთ, თუმცა მათი სინანულის შესახებ არაფერი ვიცით. ალბათ გსმენიათ ეგვიპტელი სალოსის, ფილიმონის შესახებ. ის ცოდვილად ითვლებოდა, მაგრამ ერთხელ ისეთი დიდებული საქმე აღასრულა, რომ ამის გამო წმიდა მაკარისთან გათანაბრდა. ამიტომ, ნუ განვიკითხავთ ცოდვილებს, შეიძლება, სულ რაღაც ათი ნაბიჯის გავლის შემდეგ ამგვარ ადამიანთა სულებმა სასიკეთო ცვლილებები განიცადონ. მოღალატე იუდა ვნების კვირის ხუთშაბათს ქრისტესთან და მოციქულებთან ერთად იყო, ავაზაკი კი - მკვლელებთან. მიუხედავად ამისა, იუდა სამუდამო წყვდიადმა შთანთქა, ავაზაკის სულმა კი, ქრისტესთან ერთად, სამოთხეში განისვენა. ამიტომაც, არ ეგების ცოდვილთა განსჯა, რათა ამ გზით ჩვენს სულებს ქრისტესმიერი მადლი არ მოვაკლოთ. ცოდვილს ხშირად ანტიქრისტეს ვადარებთ, მაგრამ თუ ჩვენ დაგვადანა-შაულებენ, მაშინ სხვა საქმეა, ვამბობთ: უდანაშაულოდ ვართ დასჯილები და უფლისაგან შევინდობით. უცოდველი არავინ არის, ძმანო, უფლის გარდა. ვინ იფიქრებდა, რომ უფალი ისეთ ცოდვილებსაც შეუნდობდა, როგორებიც იყვნენ: უძღები შვილი, ფარისეველი და მეფე მანასე, რომელიც 52 წელი კერპებს ეთაყვანებოდა და ისრაელს უსჯულოებას ასწავლიდა? დიახ, ასეთ ცოდვილებსაც მიეტევათ, რადგან დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარეს. მოდით, ძმანო, საკუთარი თავი განვსაჯოთ და არა სხვანი, საკუთარ თავს შევხედოთ და არა სხვებს. სხვა როგორ უნდა განვსაჯოთ, როცა თავით ფეხებამდე ცოდვით ვართ დაწყლულებულნი და უპირველესად, თავად ჩვენ ვართ გაკიცხვის, სასჯელისა და უფლის სახლიდან გაგდების ღირსნი? გვაქვს კი უფლება განვიკითხოთ ვინმე, როდესაც უფლის მართლმსაჯულების მახვილი ჩვენს თავს ზემოთაა აღმართული, როდესაც ჩვენ ათჯერ და შესაძლებელია ასჯერაც უფრო ცოდვილნი ვართ სხვებთან შედა-რებით? არა, ჩვენ სხვა კი არა, საკუთარი თავი უნდა განვსაჯოთ, რათა უფლის ჭეშმარიტი განკითხვის ჟამს სასჯელი ავიცილოთ. ვიფიქროთ საკუთარ ცოდვებზე და ასე შევთხოვოთ ღმერთს შეწყალება: მომეც მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 2.
უკან დაბრუნება |