მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის სიკვდილის ხსოვნას

თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის სიკვდილის ხსოვნას


27-02-2014, 00:03

თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის სიკვდილის ხსოვნას

 

 

 

წმ. ოქროპირის ქადაგება სიკვდილის შესახებ

 

   უფლის სიტყვაცა და წმ. მამებიც გვასწავლიან, რომ სიკვდილზე ფიქრებს ჩვენთვის უდიდესი სარგებლობა მოაქვს. ბრძენთაბრძენი ზირაქი გვეუბნება:ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და აღარასოდეს ჩაიდენ ცოდვას (ზირ. 7. 36). წმ. ოქროპირი კი გვასწავლის: „მუდამ თვალწინ გედგათ სიკვდილი: თუკი მასზე იფიქრებთ, აღარ შეცოდავთ."

   ამას შეგვაგონებს უფლის სიტყვაცა და წმ. მამაც. მართალია თუ არა?

   წმ. ოქროპირი გვეუბნება: „გემუდარებით, ძმანო, სიკვდილი მუდამ თვალწინ გქონდეთ! მასზე ფიქრისას თქვენ არ შესცოდავთ. ჩვენ არ ვიცით, უფლის სამსჯავრო როდის მოგვეწევა. მის წინაშე მოუმზადებელნი და ცოდვათაგან განუწმენდელნი ხომ არ უნდა წარვსდგეთ?! აბა, დაფიქრდით: სად არიან ჩვენი მამები, ძმები და ნათესავები? ისინი ხომ ყველანი მარადისობას შეუერთდნენ, სადაც, დღეს თუ არა ხვალ, შენც მოგიწევს გადასვლა. ამ მარადიული გზისათვის ცოდვათა შენანებით უნდა მოვემზადოთ, ცოდვების გამო ტირილი და უფლისათვის პატიების თხოვნა გვმართებს. დღეს, აი, ახლა გვაქვს დრო ამისათვის, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. გახსოვდეს, რომ როდესაც სული სხეულს გაეყრება, ჩვენს წინაშე ანგელოზნი და ეშმაკნი წარსდგებიან და ჩვენს ყველა იმ ცოდვას ახდიან ფარდას, რომელნიც დღისით თუ ღამით, ღიად თუ უჩუმრად ჩაგვიდენია. ყველაფერს შეგვახსენებენ, რაც ბავშვობიდან მოყო-ლებული, ჩვენს ბოლო ამოსუნთქვამდე შეგვიცოდავს საქმით, სიტყვითა თუ გულისხმისყოფით. მათ ყველაფერი აღნუსხული ექნებათ და როგორც დახელოვნებული მხატვრები, ყოველივეს ცოცხლად და ნათლად გვიჩვენებენ. ეშმაკები ჩვენს ცოდვებს წარმოგვიდგენენ - როგორ ვმრუშობდით, ვქურდობდით, ან რაიმე სხვა უკეთურებას ჩავდიოდით და ამგვარად გვამხილებენ. ჩვენ კი ჩვენს ცოდვებზე, რომლებიც თვალწინ გვექნება, უარს ვეღარ ვიტყვით, თუ თავის დროზე ცრემლებითა და სინანულით არ გვექნება ჩამორეცხილი. რასაც გეუბნებით, სრული სიმართლეა, ამიტომ ნუღარ დაიზარებთ გარჯას თქვენი საკუთარი ხსნისათვის, გახსოვდეთ - ვინც დასთესს, ის მოიმკის კიდეც."

   დიახ, ძმანო, ზირაქისა და წმ. ოქროპირის სიტყვებშიც ბევრი სიმართლეა. ჭეშმარიტად, სიკვდილზე დაფიქრებას ადამიანისათვის მეტი და მეტი სარგებლობა მოაქვს. სადღა ექნება იმის თავი, რომ შესცოდოს, როცა სიკვდილზე დაფიქრებულს თვალწინ საშინელი სამსჯავრო და თავისი ცოდვები წარმოუდგება, ყრმობის ასაკიდან საქმით, სიტყვითა და გულისხმისყოფით ჩადენილი? ჰოი, უფალო, რარიგი ძრწოლა შეუდგებათ მაშინ აგიზგიზებული ცეცხლის წინაშე შენი საშინელი სამსჯავროს მოშიშთ! დიახ, ძმანო, ჭეშმარიტად, სიკვდილზე დაფიქრება უფლის შიშს ნერგავს ჩვენს გულებში, ცოდვებისაგან განგვაშორებს და სათნოებებში მოშურნეობას გვიღ-ვიძებს.

   გვახსოვდეს ეს ყველაფერი, როცა სიკვდილზე ვიფიქრებთ.ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და აღარასოდეს ჩაიდენ ცოდვას. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 


უკან დაბრუნება