მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სარგებელი, რომელსაც უფლის სიტყვის შესმენით ვიღებთ

სარგებელი, რომელსაც უფლის სიტყვის შესმენით ვიღებთ


22-02-2014, 00:01

სარგებელი, რომელსაც უფლის სიტყვის შესმენით ვიღებთ

 

ამბავი ჯამბაზისა, რომელიც თავის ორ ცოლთან ერთად ცხონების ღირსი შეიქნა

 

   ცნობილია, რომ იესო ქრისტემ, თავის მიწიერი ცხოვრების ხანაში, თავისი ღვთაებრივი სიტყვით მრავალი ცოდვილი მოაქცია. ასეთები არიან: მათე მეზვერე, მარიამ მაგდალელი, ზაქე, სამარიელი დედაკაცი და სხვანი მრავალნი. ახლა რაღა ხდება? აგრძელებს დღემდე უფლის სიტყვა თავის მაცხოვნებელ ზემოქმედებას? კიდევ ცოცხლობს უფლის სიტყვაში ის ძალა, რომელიც უშუალოდ მის ბაგეთაგან წარმოთქმისას გააჩნდა? რა თქმა უნდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.აგრეთვე იმ მაგალითებიდანაც, რომლებიც გვიჩვენებს, რაოდენ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს უფლის სიტყვა ადამიანთა გულებზე მისი ამაღლების შემდგომაც.

   კილიკიის ტარსიში ერთი მასხარა, სახელად ბაბილა ცხოვრობდა. მას, კანონის დარღვევით, ორი ცოლი ჰყავდა და თავისი საქმეებით ნამდვილ ეშმაკის ჭურჭლად ქცეულიყო. ერთხელ, შემთხვევით, ეკლესიაში სახარების კითხვისას იმყოფებოდა და სიტყვებმა: (მათე 4, 17), მასზე ენითაუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მაშინვე ღრმა სინანული იგრძნო, ცრემლები წამოსცვივდა, თავისთავს განვლილი ცხოვრების გამო ყვედრება დაუწყო და იქვე დადო პირობა, რომ გამოსწორდებოდა. სახლში დაბრუნებულმა ორივე ცოლს მოუხმო და უთხრა: „თქვენ ხომ კარგად იცით, თქვენთან ერთად რა გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდი. ახლა მსურს, ცოდვები ჩამოვირეცხო, სოფელი დავტოვო და ბერად აღვიკვეცო. ჩემს ქონებას თქვენ გიტოვებთ, თანაბრად გაიყავით, მე კი მონასტერში მივდივარ." ცოლებმა რაღა უპასუხეს? ჭეშმარიტად, სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა (რომ. 10. 17). მათ ერთხმად მიუგეს: „როდესაც შენთან უწესოდ ვცხოვრობდით, შენ ჩვენთვის ზურგი არ გიქცევია, ახლა რატომ გვტოვებ? თუ მარტო შენ გინდა ცხონება? არა, თუ უწესობაში ვიყავით შენი თანამზრახველები, გვინდა ცხონების საქმეშიც ვიყოთ. უარს ნუ გვეტყვი, რომ შენს კეთილ განზრახვაშიც თანაზიარნი გეყოთ." მართლაც, ბაბილა აღიკვეცა და სვეტზე დაეყუდა, მისმა ცოლებმა კი ჯერ მთელი ქონება ღატაკებს დაურიგეს, შემდეგ თავადაც აღიკვეცნენ და ერთ კელიაში ჩაიკეტნენ. და აი, გადმოცემა გვამცნობს, რომ ბაბილა, ყოფილი მასხარა და უდიდესი ცოდვილი, შეიქმნა გულჩვილ, თვთისმოშიშ, თავმდაბალ და მორჩილ, მრავალთათვის სიკეთის მომტან ადამიანად და ღვთის გულის მომგებელმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ მარადიულ ცხოვრებაში გადაინაცვლა.

   განა კიდევღა საჭიროა, ვამტკიცოთ, რომ უფლის სიტყვას დღესაც იგივე ძალა აქვს, რაც უშუალოდ უფლის ბაგეთაგან წარმოთქმისას ჰქონდა? და განა ნათელი არ არის, რომ მისი მადლიანი შუქი დღემდე ყველას გვინათებს და გვაბრწყინებს ქრისტეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში? და რომ მისი მოსმენით სული უფლამდე მაღლდება, ჩვენში მონანიების სურვილი იღვიძებს და ძლიერდება, რწმენასთან, იმედთან და სიყვარულთან ერთად, რომ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი (ლუკ. 11, 28)! და ბოლოს, ნეტარ იქმნებით თქვენც, თუკი მოწიწებით მოისმენთ, დაემორჩილებით და დაიცავთ უფლის სიტყვას თქვენს აზრებში, გულისთქმებში, სიტყვასა და საქმეში. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  


უკან დაბრუნება