მთავარი > ლოცვა > იესოს ლოცვის სახეობები - გულისმიერი ლოცვა

იესოს ლოცვის სახეობები - გულისმიერი ლოცვა


10-01-2014, 00:01

იესოს ლოცვის სახეობები - გულისმიერი ლოცვა

 

   ადის რა შემდგომ ხარისხში, ადამიანი იხვეჭს გონებრივ - გულისმიერი მოღვაწეობით ლოცვას. გონებრივ - გულისმიერი იმიტომ ეწოდება, რომ გონებასთან ერთად გულიც ლოცულობს, ანუ ლოცულობს ადამიანის მთელი შინაგანი სამყარო. მოღვაწეობრივი იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანის ნება კვლავაც განაგრძობს ლოცვაში ქმედებას და საკუთარი თავის იძულებასა და საქმეებში ვლინდება. ადამიანი ჯერ არ შედგომია ღვთის ნების მთლიანად ასრულებას, მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს მას. დანარჩენი იგი საკუთარ ღვაწლსა და ნებას ახორციელებს. უბიწოება ჯერ არ არის მიღწეული.

   როგორც სიტყვიერ ლოცვას მიჩვეული გონება ყურს უგდებს ლოცვის სიტყვებს, თანდათან იძირება ლოცვაში, იძენს ჩვევას, ასევეა გონებით ლოცვისას. ლოცვა გონებაში ფესვს რომ გაიდგამს, ამ შრომის პასუხად გული თანდათან თბება. სხვაგვარად რომ ვთქვათ: როცა გონება მუდმივად ლოცვითაა დაკავებული და ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას აქეთკენ წარმართავს, მაშინ შინაგანი გრძნობები ლოცვისათვის განეწყობიან და მასში იძირებიან. ისინი ლოცვაში გონებასთან თანამონაწილეობენ და, ღვთის სახელით დატყვევებულნი, მეტად აღარ განდრეკენ გონებას ლოცვისაგან. გული თანაგრძნობით ეხმაურება გონებას და მისი თანაგამცდელი ხდება...

   როცა ადამიანის გული ლოცვაში მონაწილეობას იწყებს, სატანას ესმის, რომ სულზე ხანმოკლეა მისი მოქმედება. იგი ბრაზობს, კბილებს აღრჭენს, რადგან კარგად უწყის ადამიანის გულით ლოცვის შესაძლებლობები და ყველაზე მეტად ამისი ეშინია. თუ ლოცვაში გული გონებასთან ერთიანდება, მაშინ ვნებების საშუალებით ბრძოლა ადამიანთან მეტად უმძიმს სატანას - გონება გულთან ერთად უკვე ძლიერად და სრული უფლებამოსილებით მოქმედებს. ის ღვთის მადლით ამარცხებს განსაცდელებს.

   როცა გული განწმენდას იწყებს, ეშმაკი კარგავს გავლენას ადამიანზე და ყოველგვარ შესაძლო საცდურს იგონებს... გონებით გულისმიერად მლოცველის გონებას იგი ხან მარცხნიდან მოუვლის, ხან მარჯვნიდან. ამ მლოცველმა შესაძლოა მხეცთა მსგავსი არსებებისა და წარმოუდგენლად საშინელი ურჩხულების თავდასხმებიც კი იწვნიოს - ისინი თავს ესხმიან სათითაოდ თუ ერთობლივად. მათ ერთი მიზანი აქვთ - შიშით მოცელონ ადამიანი და ლოცვას ჩამოაშორონ...

   გონებით გულისმიერად მლოცველი ადამიანი ღვთისაგან წყალობას იღებს. ეს იმაში მჟღავნდება, რომ ლოცვის მოქმედება იხვეწება, გონება სიბნელისაგან თავისუფლდება, გულისთქმანი იმუსრება და სულ უფრო მეტად იწმინდება გული ვნებისა და ცოდვებისაგან. ამასთანავე, ასეთი ლოცვა მოღვაწეობრივი რჩება და აი რატომ: ადამიანი თუმცა კი ებრძვის ეშმაკს, დემონებს, ვნებებსა და თავის თავს ღვთის ნებას მიანდობს, მაგრამ ამას ჯერ მაინც ნაწილობრივ აკეთებს, ეს გრძნობა გულს ჯერ მთელი სისავსით არ დაუფლებია, გულის თვისებად არ ქცეულა, რადგან, გულის სიღრმეს ჯერ ისე ჩაჰკვრია ფესვთა ფესვი - ამპარტავნება... საბოლოოდ მხოლოდ მოუკლებელი, შეუნელებელი ყურადღების შემწეობით მიაგნებს გონება თვით ფესვთა ფესვს, ყველა უბედურების სათავეს - ამპარტავნებას.

   ღვთის შეწევნით, როგორც კი ბოროტების ფესვი გამოაშკარავდება, მთელი ბრძოლა წარმიმართება ამპარტავნების წინააღმდეგ, რომელიც მადლის ძალით საბოლოოდ აღმოიფხვრება გულიდან. ბოროტების ფესვის აღმოფხვრასთან ერთად გული საბოლოოდ თავისუფლდება ყველა დანარჩენი ვნებისაგან...

   მას შემდეგ, რაც გონება თავად უფლის მიერ დაივანებს გულის სიღრმეში, ადამიანი მზადაა თვითქმედი ლოცვის ხარისხში აღსასვლელად. მასწავლებელი მას აღარ სჭირდება, რამეთუ მასთან თვით უფალია.

   ღვაწლის ამ ეტაპიდან მოღვაწეობრივი ლოცვა შემდგომ საფეხურზე ადის და თვითქმედი ხდება. აქ გადის ზღვარი მოღვაწის ცხოვრების ძირითად პერიოდებს შორის. სრულდება განწმენდის მოღვაწეობრივი პერიოდი და დგება გონების განთლების - მჭვრეტელობის ხანა...

   ამიერიდან ლოცვა გულის მთელ სიღრმეს მსჭვალავს და ადამიანი სულიწმიდის მიერ მოქმედი გულით ლოცულობს. გულში ღვთის წინაშე იგი გონებით წარდგება. შერცხვენილი და განიარაღებული ეშმაკი მეტად აღარ ესხმის თავს ადამიანს, მაგრამ სხვათა, გარეშე მყოფთა მეშვეობით იწყებს მოქმედებას - შურსა და სიძულვილს აღვივებს მათში. ადამიანები ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის დევნას იწყებენ და მრავალ ბოროტებას მიაგებენ მათ.

   ასეთია ბრძოლის ზოგადი მიმდინარეობა.1

 

 

 

 

 

 

 

1მიტრ. ანტონი (გოლინსკი - მიხაილოვსკი). „იესოს ლოცვა და ღვთაებრივი მადლის შესახებ". თბ. 2013 წ. მთარგმნ. ნინო გულიაშვილი. გვ. 26-61.

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 


უკან დაბრუნება