მთავარი > ლოცვა > იესოს ლოცვის სახეობები - გონებით ლოცვა

იესოს ლოცვის სახეობები - გონებით ლოცვა


9-01-2014, 00:08

იესოს ლოცვის სახეობები - გონებით ლოცვა

 

   გონებრივ - მოღვაწეობრივ იესოს ლოცვას იმიტომ ეწოდება გონებრივი, რომ გონებით იკითხება, მოღვაწეობრივი კი არის იმიტომ, რომ ღვთის ნებისადმი საბოლოო დამორჩილებამდე ადამიანის მიერ არა თვითმოქმედებით, არა სულიწმიდით, არამედ მიზნობრივად აღესრულება.

   როგორც წმიდა მამები ამბობენ, სიტყვიერი ლოცვის ჩვევაშეძენილი გონება, გაცილებით თბილად, გულმოდგინედ უგდებს ყურს წაკითხული ლოცვის სიტყვებს. ამ ყურისგდებით იგი თავადვე სიამოვნებით იძირება ლოცვაში. საბოლოოდ გონება, შეიყვარებს რა ასეთ ლოცვას, გულიდან გამომავალ ვნებებში ტრიალის ნაცვლად თავად იწყებს ლოცვას. ამიერიდან არა ბაგეზე, არამედ გონების სიღრმეში ნაშობი ლოცვა უფრო გონებით გაიაზრება, ვიდრე ენით გამოითქმის. არიან ადამიანები, რომლებსაც ისე აქვთ განვითარებული გონება, რომ ზემოთხსენებული ვარჯიშის გარეშეც ბუნებრივად სიტყვიერი ლოცვის გვერდის ავლით შეუძლიათ შეუდგნენ გონებით ლოცვას.

   ამ ეტაპზე უკვე ნათლად შეინიშნება მტრული გულისთქმები. გონებით წარმოშობილი ლოცვა ბუნებითად გონების თანაარსია. ამიტომ ყოველი მოსული გულისთქმა, როგორც უცხო, იოლად ამოიცნობა და მოიკვეთება. გონებისთვის გაცილებით მოსახერხებელია ყურადღების შეჩერება ლოცვის აზრზე, რომელიც ამ ლოცვის წიაღშია შობილი...

   ადამიანი, რომელმაც გონებით ლოცვის ჩვევა მოიხვეჭა, დაამოწმებს მასზე გაცხადებულ ღვთის წყალობას, ანუ იმას, რომ უფალი იწირავ მის სინანულს. ეს არის ღვთის უწყება იმის შესახებ, რომ შემდგომშიც, საკუთარი გულის განწმედის ღვაწლისათვის ადამიანი სრული მიტევების მადლს მიიღებს. მაშინ ყველა ვნება შემუსვრილი და განდევნილი იქნება.

   ამიერიდან გულისთქმები აღარ არის უწინდელივით უხეში, ისინი უფრო დახვეწილი ფორმით ვლინდება... გონება, რომელიც უწინ ვერც ამჩნევდა გულში მოქმედ დახვეწილ განსაცდელებს, ახლა მათ აღმოჩენასა და გონებით ლოცვის მახვილით მოცელვას იწყებს...

   გონებით ლოცვას, მსგავსად სიტყვიერისა, თავდაპირველად სიმრავლე სჭირდება. რიცხოვნობის გაზრდა იმისათვის არის საჭირო, რომ გონება მოძლიერდეს ღვაწლში, რომ ღვთის ნებისადმი მინდობით გონებას ჩვევად ექცეს აზრობრივი საქმიანობა. ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა გონებით ლოცვის ჩვევა შეიძინა, არის ის, რომ გამოღვიძებულ გონებაში, უწინარეს ყოვლისა, ლოცვა ჩნდება. გონების წარმტაცი ყოველი საქმის შემდგომ ლოცვა თავად იწყებს ჟღერას აზრებში, ხოლო ყურადღება თვითონვე იხრება ლოცვისაკენ. ლოცვა არ ტოვებს ადამიანს არც საზრდელის მიღებისას, რაც რაიმე საქმის კეთებისას. კიდევ ერთი რამ არის ამის დასტური: როცა ადამიანი რაიმეს უსმენს, იმავდროულად ყურს უგდებს ლოცვას და გულისთქმები აღარც ესმის - მისი გონება თავად მიიდრიკება ლოცვისაკენ.

   გონებამ არანაირი ყურადღება არ უნდა მიაქციოს ზებუნებრივ მოვლენებს: ნათელს, თუნდაც ის ხატიდან მოედინებოდეს; ხმას, თუნდაც ანგელოზნი გალობდნენ, ვინაიდან ისინი, უხილავად ყოველგან მსუფევ ანგელოზთა მეუფის წარმომადგენელნი, მას მიმართავენ ლოცვით. რაღა შეიძლება იყოს ამაზე მეტი? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურადღება მიაპყრო შენს წინაშე გამოცხადებულ ანგელოზებსა თუ წმინდანებს - რადგან ვნებებისაგან სრულ განწმენდამდე, ღვთის ნების მთლიანად აღსრულებამდე, ჭეშმარიტი გამოცხადებები არ ხდება; ხდება მხოლოდ დემონური ცდუნებები. თუკი ამის მცოდნე გონებას ხილვები არ გაიტაცებს, ეს ყოველივე ჩაივლის. მადლი არ დაუშვებს მლოცველის გონებაზე აღმატებულ საცდურს...

   გონებით ლოცვისას ყოველივე მომხდარის აღწერა შეუძლებელია, არც ყველასთან ხდება ერთი და იგივე. ბევრი რამ დამოკიდებულია მოღვაწის მოშურნეობაზე, ხშირად მისი გარეგნული საქმიანობის სირთულესა და გარემოებებზე. მთავარია განიწმინდოს გონება სიბნელისაგან, ხოლო სული გათავისუფლდეს ვნებებისაგან, რათა ჩვენი ცოდვები დავინახოთ და ვიგლოვოთ. არაფერმა დაგვატყვევოს, არაფერს დავეთანხმოთ გარდა უფლის სახელისა, ყოველთვის და ყველაფერში ვიცოდეთ ლოცვა, მუდამ ყურადღებით ვიყოთ მისდამი...

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 


უკან დაბრუნება