მთავარი > ლოცვა > იესოს ლოცვის სახეობები - სიტყვიერი ლოცვა

იესოს ლოცვის სახეობები - სიტყვიერი ლოცვა


8-01-2014, 19:12

იესოს ლოცვის სახეობები - სიტყვიერი ლოცვა

 

   ვისაუბრეთ იესოს ლოცვის მართებულობაზე თანამედროვე ყოფით სივრცეში. ხალხმრავალ ადგილებში, ხმაურიან გარემოში; ვთქვით, რომ ის ერისკაცებისთვისაც არის ნებადართული და, რომ სულიერ ხიბლს არა იესოს ლოცვა, არამედ ვნებები იწვევს.

   უნდა ითქვას იესოს ლოცვის სახეობების, ხარისხებისა და სულიერი სიმაღლეების შესახებაც. ხელთა გვაქვს მიტროპოლიტ ანტონის (გოლინელი) წიგნი „იესოს ლოცვისა და ღვთიური მადლის შესახებ", სადაც შესანიშნავად არის ჩამოყალიბებული იესოს ლოცვის სულიერი ხარისხები და სიმაღლეები. აქ ჩანს მიტროპოლიტის ღრმა სულიერი პრაქტიკა. ამიტომაც წიგნის ძირითად შინაარსს ვთავაზობთ მკითხველს.

 

სიტყვიერი ლოცვა

   იესოს ლოცვა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ლოცვა, სიტყვის წარმოთქმით იწყება. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი", - ასე მოუხმობს ადამიანი ღმერთს რამდენიმეჯერ, დილისა და საღამოს კანონის კითხვისას; ან ისე, უბრალოდ, ყველგან და ყოველთვის, ყველა მდგომარეობაში და და ყოველ ადგილზე იგი ისე იქცევა, როგორც სულიერი მოძღვარი მიუთითებს. თუკი მოძღვარი არ ჰყავს (იგულისხმება იესოს ლოცვის მასწავლებელი - ავტ.), უნდა ეცადოს ყველგან და ყოველთვის ილოცოს...

   ასე ნელ - ნელა, იწყებს გონება მოკრებას და ლოცვას ეძლევა. ის ყოველნაირად ცდილობს კანონებს შორის არ გამოტოვოს იესოს ლოცვა. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ავიცილოთ მრავლისმეტყველება და ჩვენი გარეგანი საქმეები, ცხოვრება შესა-ბამისად მოვაწყოთ.

   რამდენადაც არ უნდა დაფანტოს გონება გულისთქმებმა, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს ლოცვა, უმოქმედობა არ შეიძლება. ადამიანმა არ უნდა დაუტევოს ლოცვა, პირიქით - უფრო მეტი და მეტი მოშურნეობით უნდა ილოცოს, რათა გული ცოდვის ცეცხლისაგან განიწმინდოს... იძულებისდა კვალობაზე, ღვთის მადლის შემ-წეობით, მტკიცდება ჩვევა და მტკიცდება ადამიანიც მომავალი ლოცვითი ღვაწლისთვის. ლოცვის ჩვევა ლოცვის გამუდმებული წარმოთქმით მოიხვეჭება. სიტყვიერ ლოცვას რაოდენობრიობა - სიმრავლე სჭირდება.

   სიტყვიერი ლოცვისას ეშმაკი, მთელი შენი ხორციელი ბუნება და მთელი ქვეყანა, გარედან თუ შიგნიდან, მოქმედებენ და გონებას ლოცვას განაშორებენ. ლოცვითვე ებრძოლე გონებრივ - წარმოსახვით ბოროტებას, ყური უგდე ლოცვის სიტყვებს და ყველა ბოროტება ამით განაგდე. ლოცვით მოიხვეჭება ძალები ბრძოლისათვის. საკუთარი ძალისხმევით ეშმაკთან და ცოდვასთან ბრძოლა შეუძლებელია...

   შენს ლოცვით ღვაწლს წარმატებად ნუ მიითვლი, რადგან სიტყვიერი ლოცვის საფეხურის გავლისას, მიუხედავად ღვთივ-სათნოდ ცხოვრების სურვილისა, ჯერ ისევ ვნებებით ცხოვრობ. ადამიანი გულით ცხოვრობს, გულში კი ცოდვიანი ჩვევები - ვნებები ბუდობენ. სიტყვიერი ლოცვისას ისინი მხოლოდ უძლურდებიან, მაგრამ გულიდან არ გადიან. განერიდე ხილვებს, გამოცხადებებს ან სხვა რამ ნიჭებს, რა სახითაც უნდა წარმოგიდგნენ, როგორი წმინდა და მადლიანიც არ უნდა გეჩვენოს ისინი. არაფერზე იფიქრო, მხოლოდ შენს მიერ წაკითხული ლოცვის მიმართ იყავი ყუ-რადღებით...

   სიტყვიერი ლოცვისას ადამიანს არ მოეთხოვება განსაკუთრებული სიბრძნე და ცოდნა, საჭიროა მხოლოდ მონდომება და წარმატებაც არ დააყოვნებს, განსაკუთრებული, ძნელად ამოსაცნობი განსაცდელები ამ დროს არ არის. ეშმაკი ძირითადად გულისთქმების საშუალებით იბრძვის. უსაფრთხოებისათვის გარე სამყაროს უნდა დავშორდეთ. სიტყვიერ ლოცვაში ვარჯიში შეუძლია თითოეულ თქვენგანს, ოღონდ ნუ მიმართავთ თვალითა და გონებით წარმოსახულ სახეებს, არამედ გულისყურით იკითხეთ ლოცვა. სიტყვიერი ლოცვის ხანრძლივობა დამოკიდებულია მოღვაწის გულმოდგინებასა და მუყაითობაზე, ასევე ლოცვითი ღვაწლის შედგომამდე მლოცველის გულის გაუ-ხეშების ხარისხზე.

   სიტყვიერ ლოცვაში ვარჯიშის შედეგად, ღვთის მადლით, ვიძენთ ჩვევას. ამას მოწმობს ისიც, რომ ცოდვისაგან დროებით მოწყვეტისას ენა თავისთავად ამბობს ლოცვის სიტყვებს, ამის შემდგომ სიტყვები იპყრობს ყურადღებას და მერე უკვე გონება გააზრებულად განა-გრძობს ლოცვის ტექსტს.

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 


უკან დაბრუნება