მთავარი > სხვადასხვა, თავშეკავება, მთავარი გვედის ფოტო > თავშეკავება სასწაულებს ახდენს
თავშეკავება სასწაულებს ახდენს21-04-2021, 15:15 |
ხსენება ღირსისა მამის ჩვენისა ტიმოთესი
თავშეკავება სასწაულებს ახდენს. ჩვენი ღისრი მამის, ტიმოთეს ცხოვრების აღწერაში ვკითხულობთ, რომ მან თავშეკავებით ვნებათა ქარიშხალი დააცხრო, სრულიად უვნებლად შეიქმნა და სულიწმინდით აღივსო; სულისა და სხეულის უმწიკვლოება შეინაჩუნა, სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო, კაცთაგან ეშმაკებს განასხმიდა და ყველა სენს კურნავდა. ასეთი უზარმაზარი სარგებლობა მოუტანა ტიმოთეს თავშეკავებამ და ამგვარ სასწაულთა ქმნის უნარი მოანიჭა. მაგრამ აქ თავისთავად ჩნდება ასეთი შეკითხვა: ეს როგორ? ნუთუ თავშეკავებამ ასეთი დიდი სარგებლობა მხოლოდ ტიმოთეს მოუტანა? სხვებს? რა უნდა ვუპასუხოთ ამაზე? წიგნში უხრწნელი საზრდო, სხვათაშორის, წერია: თავშეკავება გულს ულბობს ღმერთს და ცოდვას ამსუბუქებს. მოვედ და გვამცნეთ, ნინევიელნო, რამ აგარიდათ თქვენზე მოწევნული განადგურება? განა თავშეკავებამ არა? მოვედ, იუდეველნო, თქვენს მეფესთან, იოსაფატთან ერთად და გაგვიმხილეთ, რამ მოულბო გული თქვენზე განრისხებულ უფალს და რამ გიხსნათ მტრისაგან? მხოლოდ თავშეკავებამ. ასევე ესთერიმ, თავისი მოდგმა ჰამანის შუამდგომლობით მისჯილი ამოწყვეტისაგან რომ დაეხსნა, სამი დღე თავშეკავებით გაატარა, როგორც წერილ არს. კდევ სხვა კაცი გვესაუბრება თავშეკავებაზე: „თავშეკავება ადამიანს ზომიერებას, მზრუნველობას, სიფხიზლეს, მოკრძალებას, ხიტყვაძუნწობას, უმწიკვლოებას ანიჭებს. თუ სულში ეს სათნოება ბუდობს, ის ავხორცობას აცხრობს, ვნებებს ასუსტებს, წმინდა გულისთქმებს ამრავლებს, ბიწიერთ - აღმოფხვრის, რაც შინაგანად წამხდარი გვაქვს, გამოასწორებს, განმხრწნელ აზრებს აგვაშორებს, ცოდნას გაგვიღრმავებს, ავხორცობის ცეცხლს გაგვინელებს, გონებას სიმშვიდით აგვივსებს და მანკიერების ქარიშხლისაგან მუდამ დაგვიცავს." ამგვარად, როგორც ხედავთ, თავშეკავებას მხოლოდ ღირსი ტიმოთესათვის როდი მოუტანია სარგებლობა, სხვათათვისაც ბევრი ურგია და კვლავაც არგებს. ამიტომაც უნდა დავიმარხოთ ეს სათნოება, განსაკუთრებით კი - სულიერი თავშეკავება, რადგანაც ხორციელი თავშეკავება სულიერის გარეშე არ არსებობს. თავი შევიკავოთ ამპარტავნების, შურის, სიძულვილისაგან, რომელნიც იმ ჯილდოს ანადგურებენ, უფალმა ხორციელი თავშეკავებისათვის რომ გვიბოძა. ნეტარი იერონიმე ასე ამბობს: „რა აზრი აქვს სხეულის გამოფიტვას თავშეკავებით, თუკი სულში სიამაყე გვიდუღს?" განა რა ქებას ვიმსახურებთ, მარხვისაგან ფერდაკარგულნი, თუ ამ დროს შურიც გაგვაფითრებს? რა სათნოებად შეიძლება ჩაგვეთვალოს ღვინისაგან თავშეკავება, თუკი მრისხანებითა და სიძულვილით ვიქნებით მთვრალნი? ასე, რომ ძმანო, მხოლოდ ხორციელი დათმენა შინაგანის, სულიერის გარეშე არანაირ სიკეთეს არ მოგვიტანს. ამიტომაც, ხორციელი თმენისას სულიერად კიდევ მეტი თავშეკავება გვმართებს: განვაგდოთ გონებიდან ბილწი აზრები, გულიდან - ამაო სურვილები, სიამაყე, შური, მრისხანება და ყოველგვარი უწმინდურება. ეს უკვე ნამდვილი თავშეკავება იქნება - საამო უფლისათვის და შესაბამისად, მაცხოვნებელი ჩვენთვის. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |