მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ერში მცხოვრებ და უწიგნურ ადამიანებსაც შეუძლიათ, ცხონდნენ

ერში მცხოვრებ და უწიგნურ ადამიანებსაც შეუძლიათ, ცხონდნენ


19-02-2014, 00:01

ერში მცხოვრებ და უწიგნურ ადამიანებსაც შეუძლიათ, ცხონდნენ

 

 

 

ცარგრადის პატრიარქ წმ. გენადის სიტყვა ღვთისმოშიშების შესახებ

 

   ზოგი მდაბიო ადამიანი, რომელსაც ეზარება, საკუთარი ცხონე-ბისათვის გაისარჯოს, ამ თემაზე საუბრისას, თავისი დაუდევრობის გასამართლებლად ამბობს:

   - რა ვქნა, ძალზე ბნელი ვარ და უბირი, არაფერი გამეგება!

   სხვანი კი:

   - ცოლ - შვილის პატრონი ვარ, დიდი გასაჭირი მადგას, ცხონები-სათვის სადა მცალია!

   ნუთუ, ძმანო, მართლაც ასეა საქმე?

   რისთვის შფოთავ, ადამიანო, რატომ ცდილობ სხვადასხვა წიგნებში იმის ამოკითხვას, თუ რა არის სულისათვის სასარგებლო, რისთვის აწუხებ ყველა მასწავლებელს თხოვნით: „მითხარით, როგორ ვცხონდე!" ამ გზაზე დასაყენებლად სულ ორი წიგნი გჭირდება: შიში უფლისადმი და ყურადღება საკუთარი თავისადმი. წაიკითხე ეს წიგნები და უფლის ყველა მცნებას შეიტყობ. ასეთი ქცევით აამებდნენ უფალს წმინდანები, რომელთაც განწმენდილი გონება ჰქონდათ და სათნო ცხოვრებას ეწეოდნენ. ზოგ მათგანს არც მასწავლებლები ჰყოლიათ, არც წიგნები გააჩნდათ, მაგრამ მაინც ცხონდნენ. მითხარ, როგორ მოიგეს უფლის გული აბელმა, ენოქმა, ნოემ, მელქისედეკმა, აბრაამმა, ისააკმა, იაკობმა და სხვა მართალთა, რომელნიც ამქვეყნად მოსემდე იყვნენ, წიგნი თვალითაც არ უნახავთ და მხოლოდ გონებით იყვნენ ღმერთთან? ახალი აღთქმის ბევრი წმინდანიც უბრალო ხალხიდან იყო გამოსული და მხოლოდ მცირედნი თუ იყვნენ წარჩინებული გვარისანი. მაგრამ ყველა ისინი უფალთან მივიდნენ და ხსნა ჰპოვეს. თავს ნუ იმართლებ, მდაბიო კაცო, რომ უვიცი ხარ და ამიტომ არ შეგიძლია უფლის ნების აღსრულება. ასე კი ნუ იტყვი, უფალს ევედრე და ის დაგეხმარება. ნურც იმას იტყვი, რომ წუთისოფელი გათამაშებს და ამიტომ ვერ ასრულებ უფლის მცნებებს. ამქვეყნადაც შესაძლებელია მათი დაცვა. ზოგ წმინდანს ცოლ - შვილიც ჰყოლია, სასახლეებშიც განცხრომით უცხოვრია, სხვანი კი ათასგვარი მიწიერი საზრუნავითა და მწუხარებით იყვნენ დატვირთულნი, მაგრამ შესძლეს, უფლისათვის ყოველმხრივ ეამებინათ. ასეთნი იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი. მათ ხომ ცხოვრება ამსოფლად, ცოლ - შვილთან ერთად გალიეს და მაინც ცხონდნენ, რადგანაც მუდამ უფლის ნებას აღასრულებდნენ.

   ამგვარად, ძმანო, ცხონება შესაძლებელია უვიცი ადამიანისთვისაც და მათთვისაც, ვინც ამქვეყნად ოჯახთა ერთად ცხოვრობს. ალბათ დარწმუნდით იმისაგან, რაც მოისმინეთ. ამიტომ ნუღარ იტყვით, რომ განათლება არ გაქვთ და ვერ ცხონდებით, ნურც იმას, რომ ოჯახური ცხოვრება არ გაძლევთ ამის საშუალებას. ეს, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, არ არის ნამდვილი მიზეზი, მხოლოდ ფუჭი სიტყვებია: ყველამ თავისი წოდების შესაფერი ის გარჯა უნდა გასწიოს, რომელიც უფალმა დაგვიდგინა. იყავ ღვთისმოსავი და კაცთმოყვარე, უფლის სადიდებლად, მოყვასის სასარგებლოდ და სულის საცხოვნებლად იშრომე და კიდეც ცხონდები. და თუკი მხოლოდ ფუჭსიტყვაობას მოჰყვები და ავ საქმეებსა და ბოროტ ნებას არ განაგდებ, მაშინ, რომელ წოდებასაც არ უნდა ეკუთვნოდე, აუცი-ლებლად წარწყმედა მოგელის. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 


უკან დაბრუნება