მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > რა განსხვავებაა კეთილ და უვარგის ბერებს შორის
რა განსხვავებაა კეთილ და უვარგის ბერებს შორის18-02-2014, 00:01 |
წმ. ეფრემის შეგონება ბერებისათვის
როგორც ახალნერგს სჭირდება საყრდენი იმისათვის, რომ ლაღად იზრდებოდეს და ქარისაგან ხან ერთ, ხან მეორე მხარეს არ ირყეოდეს, ასევე გამოუცდელი ბერი, სიკეთეში განმტკიცებისა და ბოროტისაგან თავის დასაღწევად საყრდენსა და მითითებებს საჭიროებს - თუ როგორ უნდა იცხოვროს, რა აკეთოს, რას ერიდოს და ა. შ. სწორედ ასეთ მითითებებს, თქმულისაებრ, ვთავაზობთ დღეს ბერებს. დაე, ყურადღებით ისმინონ. რას უნდა მოერიდოს ბერი და რა უნდა შეისისხლხორცოს? ღირსი ეფრემი ამბობს: „ჰოი, მეგობარო, შენ ხომ მიატოვე სოფელი, ამქვეყნიურ მოსვენებას რატომღა ეძიებ? უფალმა მწუხარებისათვის მოგიხმო, შენ კი ნუგეშისაკენ ილტვი, სიშიშვლისაკენ მოგიწოდა, შენ კი მდიდრული სამოსი გსურს, მშიერ - მწყურვალი ყოფა გარგუნა, შენ კი სხვადასხვა ნუგბარზე ოცნებობ. მტერთან შებმა გიბრძანა, შენ კი ბრძოლას უიარაღოდ აპირებ. შენგან მღვიძარებას მოითხოვს, შენ კი ძილისაგან ვერ ფხიზლდები, ტირილი და გლოვა მოგიწოდა, შენ კი იცინი და მხიარულობ. სიყვარული დაგიწესა, შენ კი საკუთარი ძმა ვერ აგიტანია. თვინიერებისაკენ მოგიწოდა, შენ კი ამქვეყნად ყველაფერს ეწინააღმდეგები. ზეციური სამეფოს მემკვიდრედ დაგადგინა, შენი გონება კი ხორცს ვეღარ გასცილებია..." ახლა კი ვნახოთ, თუ რა უნდა შეითვისოს ბერმა. იგივე ღირსი ეფრემი განაგრძობს: „მოთმინებით აღჭურვილი ბერი ყველა სათნოებაში წარმატებული იქნება. ის მწუხარებაში ხარობს და სულგრძელია განსაცდელში, ხიფათს მხიარულებით უხვდება, მუდამ მზად არის მორჩილებისათვის, სიყვარულითაა აღსავსე, წყენისას უფალს ადიდებს, საყვედურისას თავმდაბალია, მდუმარებისას გულმაგრობს, გალობაში გულმოდგინებს, ლოცვისას მომთმენია და მუყაითი, მსახურებისას - ხალისიანი, განსაცდელში - შეურყეველი, სიტყვის მიგებისას - წინდახედული, ცხოვრებაში - შრომისმოყვარე, ძმების მიმართ - კეთილგანწყობილი, საუბარში სასიამოვნო, გულის-ყურით მღვიძარებს, ღარიბებს შეივრდომებს, უძლურებს ეხმარება, სალამს ვერავინ ასწრებს, განსჯისას კი ფრთხილობს. აი, როგორია ის, ვინც მოთმინებით აღიჭურვება! აქ ნათლადაა მითითებული, თუ რა უნდა დაიმარხოს ბერმა და ამასთანავე ისიც, თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული ბერი. ამგვარად, ძმებო, უკვე ვიცით, რას უნდა გაურბოდეს ბერი და რას უნდა ცდილობდეს. აქ, სხვათაშორის, ისიცაა ნათქვამი, თუ რა განსხვავებაა უვარგის და ღირსეულ ბერებს შორის. ისღა დაგვრჩენია, ჩვენი სიტყვა იმავე ეფრემის ქადაგებით შევაჯამოთ, მისი სიტყვა ხომ მუდამ მანუგეშებელია და ჭკუის სასწავლებელი! მაშ, ისმინეთ, რას ამბობს ის ბოლოს: ნეტარია, ვისაც ხორციელი ცხოვრება სძულს და მხოლოდ ღმერთთან საუბრობს! ნეტარია, ვინც ამქვეყნადვე ანგელოზივით ცხოვრობს და სერაფიმის მსგავსად, გონება მუდამ წმინდა აქვს; ნეტარია ის, ვინს სამსჯავროს დღეზე ფიქრობს და თავის ცოდვების ჭუჭყს სინანულის ცრელმებით იბანს; ნეტარია, ვინც ღვთის საამებლად ამსოფლიური ამაო ზრუნვისაგან თავისუფლდება; ნეტარია ის, ვინც სამონაზვნო საქმიანობასა და თავშეკავებაში წარემატება; ნეტარია, ვინც თავის ბაგეებს კლიტენი დაადო; ნეტარ არს, ვინც ცოდვა შეიძულა და სათნოებანი შეითვისა; ნეტარ არს, ვინც ყველაზე მეტად უფალი შეიყვარა; ნეტარ არს, ვინაც ვნებები ცრემლებით დასძლია; ნეტარ არს, ვინც მთელ თავის ქონებას გაყიდის, რომ ზეციური საუნჯე - ქრისტე - შეიძინოს. რამეთუ მისი არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |