მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უფალი ქვრივთა მოთქმას განსაკუთრებული გულისყურით შეისმენს

უფალი ქვრივთა მოთქმას განსაკუთრებული გულისყურით შეისმენს


17-02-2014, 00:01

უფალი ქვრივთა მოთქმას განსაკუთრებული გულისყურით შეისმენს

 

სიტყვა სასწაულმოქმედთა შესახებ

 

   ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ უფალი ქვრივთა და ობოლთა დამცველია და ეს სიმართლეა, რადგანაც უფალი მათ ჭეშმარიტად იცავს და ზოგჯერ მათ მიმართ თავის გულმოწყალების განსა-კუთრებულ და უჩვეულო ნიშნებსაც ავლენს.

   ღირსი სისოი ასეთ შემთხვევაზე გვიამბობს: „ერთხელ, როდესაც სავანეში მამა მაკარისთან ერთად ვიყავი, იქიდან გამოსულნი, სამკალად წავედით. ჩვენს უკან ქვრივი ქალი მოდიოდა, თავთავებს აგროვებდა და თან მწარედ ტიროდა. ღირსმა მაკარიმ იმ სოფლის უხუცესი მოიხმო და ჰკითხა:

   - ის ქალი, ჩვენს უკან რომ მოდის და თავთავებს აგროვებს, ასე გაუჩერებლად რატომ ტირის?

   უხუცესმა მიუგო:

   - ერთმა კაცმა ამ ქალის ქმარს ოქრო მიაბარა შესანახად, ის კი მოულოდნელად გარდაიცვალა ისე, რომ ვეღარ მოასწრო ცოლისთვის ეთქვა, თუ სად ჰქონდა ოქრო დამალული. ახლა ოქროს პატრონი აპირებს, რომ ვალში ქვრივის შვილები თავისთან იმსახუროს.

   მაკარმა უხუცესს უთხრა:

   - გადაეცი, რომ შუადღის შესვენებისას ჩემთან მოვიდეს.

   ქვრივი მართლაც მივიდა. ბერმა ჰკითხა:

   - ასე გამუდმებით რად ტირი?

   ქვრივმაც მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. მაკარმა კი მოსთხოვა, ის ადგილი ეჩვენებინა, სადაც მისი ქმარი იყო დაკრ-ძალული, და ძმებთან ერთად გაეშურა იმ გამოქვაბულისკენ, სადაც მიცვალებული ესვენა. ადგილზე მისულმა, ქალი სახლში გააბრუნა, თავად კი ბერებთან ერთად ლოცვად დადგა. ამის შემდეგ მან მიცვალებულს სახელით მიმართა:

   - ონისიმე, სად შეინახე სხვისი ოქრო?

   მიცვალებული გაცოცხლდა და უპასუხა:

   - ის ჩემს სახლში დავფალი, ჩემი საწოლის ფიცრის ქვეშ.

   მაშინ ბერმა შესძახა:

   - ახლა კი განისვენე მშვიდობით, ვიდრე საყოველთაო აღდგო-მამდე.

   ამის გამგონე ბერები, შეძრწუნებულნი, ღირსი მაკარის ფეხებთან დაემხნენ. ამ უკანასკნელმა კი ასე უთხრა:

   - მომიტევეთ, ეს მე კი არ ჩამიდენია, მე ხომ არარა ვარ, ეს სასწაული უფალმა მოიმოქმედა ქვრივისა და მისი შვილებისათვის.

   ქვრივმა მართლაც იპოვა ოქრო ქმრისაგან მითითებულ ადგილზე, პატრონს დაუბრუნა და თავისი შვილები მონობისაგან დაიხსნა.

   უფალი ჭეშმარიტად არის, ძმანო, ქვრივთა და ობოლთა მფარველი, დამცველი და მარჩენალი. გაიხსენეთ: რამდენი კაცი წასულა ამქვეყნიდან ისე, რომ წვრილშვილს სარჩო - საბადებელი ვერ დაუტოვა. ჩვენ ვფიქრობთ: „საწყლები, რაღა ეშველებათ!" მაგრამ სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად ხდება. თითქოს ვიღაცის იდუმალი ბრძანებით, ობლებს მშველელად კეთილი ხალხი ევლინება. მათ ეს ბავშვები თავისთან მიჰყავთ, ან ისე ზრუნავენ მათზე, ანდა, როგორც შეუძლიათ, ისეთ აღზრდას აძლევენ. ვინ გამოუგზავნა ობლებს ასეთი კეთილისმყოფელნი, საიდან მოვიდნენ ისინი? პასუხი მარტივია: ისინი უფალმა მოავლინა. „მე კი არ მომიხდენია ეს სასწაული, როგორც თქვენ გგონიათ, - ამბობს ღირსი მაკარი - არამედ უფალმა, ქვრივისა და მისი ობლებისათვის."

   ეს გვახსოვდეს და შევეცადოთ, უბედურ ქვრივ - ობლებს, როგორც უფლისაგან მოვლენილნი და მისი ნების აღმსრულებელნი, ისე ვეხმარებოდეთ. ბედისაგან დაჩაგრული გულის კარი გავუღოთ და ცრემლი შევუშროთ ქვრივებს, ობლებს კი, შევეცადოთ, მამის მაგივრობა გავუწიოთ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  


უკან დაბრუნება