მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მშვიდი და მდაბალი ღმერთი

მშვიდი და მდაბალი ღმერთი


6-05-2019, 00:01

მშვიდი და მდაბალი ღმერთი


 

   ჭეშმარიტებასა და სათნოებებს ვერავის მოახვევ თავს ძალით. ასევეა მშვიდობაც - იგი თავისუფალი ნების გამოვლინებაა. სხვაგვარად არც იქნება ის მშვიდობა. ჩვენ თავმდაბლად უნდა მივილტვოდეთ მისკენ. ვილოცოთ მშვიდობისათვის მთელი გულითა და სულით, გულწრფელი სინანულით. ამგვარად მივეახლებით ხოლმე ჯვრის საიდუმლოს, რომელიც გვცვლის ჩვენ - ქედმაღალთ მოსიყვარულეებად გვაქცევს. ეს სიყვარული საქმით მჟღავნდება, შემდეგ ახლობლებსაც გადაეცემა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ცხოვრებისეული უსიამოვნებანი ადამიანებს აბოროტებთ. ჩვენ ვიტყოდით: ადამიანის გულიდან გადმოედინება ის, რაც მასშია. თუ ბოროტებაა მასში, ბოროტება გადმოდის, ხოლო თუ სათნოებაა, სურნელი მოეფინება. ეს ღვთაებრივი სიყვარულის ნიშანია ადამიანში. ამრიგად, რა არის მშვიდობა? - მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება (წმ. გრიგოლ ნოსელი). ეს არ არის ადამიანური სიყვარული. ადამიანურ სიყვარულს ყოველთვის ახლავს მასტიმულირებელი საშუალება და გარკვეული მიზნისთვის ხორციელდება. ღვთაებრივი სიყვარულის მასწავლებელი კი თავად წმიდა სამებაა. მისთვის უცხოა ადამიანისთვის დამახასიათებელი სარგებლის მიღების ლოგიკა. ღვთაებრივი სიყვარულის ლოგიკა მაცხოვრის სიტყვებში ვლინდება: „რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ - ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და მომდევდე მე" (ლუკ. 9, 29). ასეთი სიყვარულის საშუალებით ადამიანი მოიპოვებს მშვიდობას. პავლე მოციქულის სიტყვით: „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვენელ იქმნის, არა ეძიებნ თავისას, არა განრისხნის, არამედ შერაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი რწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყვარული არასადა დავარდების..." (1 კორ. 13. 4-8). დიახ, ასეა - ის ადამიანური და ღვთაებრივი ენერგიის სიმფონიაა. ამაში მდგომარეობს ქრისტიანული ცხოვრების არსი. ისურვე და იმოქმედე ისე, როგორც სურს და მოქმედებს ღმერთი.

   პირველყოვლისა, ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, განვმარტოვდეთ ჩვენს გულებში. აღვავლინოთ ლოცვა ღვთის წინაშე, რათა გვასწავლოს ნება თვისი - „მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი". ამავე დროს, არ შევწყვიტოთ მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში, რაც ქრისტეს სხეულის ცოცხალი წევრობის მომნიჭებელია: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს". დაბოლოს, ვიტვირთოთ, შესაძლოა ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც მოყვასისა და მტრის პატიებას გულისხმობს: „ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". სათნოებებით ვანადგურებთ ბოროტებას.

   ღვთის ქმედება - ორიენტირია ჩვენი ქმედებისათვის. ქრისტე ღმერთმა „შეიყვარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი" (იონ. 13. 1), ვიდრე სიკვდილამდე. ჩვენც ვუთანაგრძნოთ მოყვასს, დავუთმოთ, მივუტევოთ და კეთილი ვუყოთ. ამავე დროს, გავიაზროთ ჩვენი საქმეების უსუსურობა იმასთან შედარებით, რაც ჩვენთვის განახორციელა ქრისტემ. სულიერი თვალი მივაპყროთ მაცხოვარს და ვისწავლოთ სამყაროს ხედვა ქრისტეში; ვისწავლოთ, როგორ მოვუტანოთ სარგებელი მოყვასს ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გადაწყვეტისას. მაცხოვარი ბრძანებს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენება სულთა თქუენთა" (მათ. 11. 29). როდესაც ცხოვრებისეულ ყოფით ვითარებაში გამოვამჟღავნებთ მშვიდი და მდაბალი ღმერთის სულისკვეთებას, მაშინ ჩვენი სული მოიპოვებს მშვიდობას, რომელსაც ძალუძს დაამშვიდოს ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც. მაშინ აღარ დაგვჭირდება საუბარი მშვიდობასა და სიყვარულზე, იმიტომ რომ თვით ქრისტე იქნება ჩვენში.

   ამრიგად, ღვთაებრივი მშვიდობა თავად ქრისტეა. მისი მეშვეობით განხორციელდა შერიგება მამა ღმერთთან და ჩვენ ბუნებასთან. ღმერთის განხორციელება იმას ნიშნავს, რომ ის (ღმერთი) ჩვენი მშვიდობის საწინდარია. სასუფეველი დედამიწაზე მოღვაწებით იწყება. როგორც ღირსი მაკარი ამბობს: „თუ ეძებ ქრისტეს დედამიწაზე, ის ადამიანის გულებშია."

   მშვიდობა, როგორც უკვე ითქვა, ღვთაებრივი მადლია, რომელიც გარდაქმნის ადამიანს. ამას მოწმობს ლიტურგიკული პრაქტიკაც: „მშვიდობა ყოველთა" - გვესმის მოძღვრისგან, უფრო სწორად ღვთისგან. მღვდლის მეშვეობით, როცა გვაძლევს ლოცვა - კურთხევას. ამდენად, მშვიდობა და ლოცვა - კურთხევა განუყოფელ ერთობაშია ერთმანეთთან. ღვთაებრივი მადლის ეს ერთობლივი ქმედება გარდაქმნის ადამიანს „დიდებითა დიდებად, ვითარცა - იგი უფლისაგან სულად". (2 კორ. 3. 18).

   ცხადია, აქ დედამიწაზე, არ უნდა ველოდოთ სრულყოფილი მშვიდობის დამყარებას. ის არა მიწიერი, არამედ ზეციური მონაპოვარია. მაგრამ, იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვიძლია მოვეახლოთ მომავალ ცხოვრებას; ჩვენ გვეძლევა საშუალება მივეახლოთ სულიწმიდის მადლს, რასაც გულითადად ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს.1

 

 

 


1Зерцала Жизни. Арх. Христодул. გვ. 144-148.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება