მთავარი > სხვადასხვა > მოთმინების შესახებ

მოთმინების შესახებ


15-02-2014, 00:01

მოთმინების შესახებ

 

სიტყვა პატერიკიდან ერთი ბერის შესახებ, რომელიც მონასტრიდან მონასტერში გარბოდა, რადგანაც არ შეეძლო ძმებისაგან წყენა აეტანა

 

   ამქვეყნად არსებობს ხალხი, რომელთაც ჰგონიათ, რომ მუდამ იქა სჯობს, სადაც თავად არ იმყოფებიან. ვისთანაც არ უნდა იცხოვრონ, ყველაზე ჩივიან, რომ მათ ცუდად მოექცნენ და წყენა მიაყენეს. „აი, რომ შევძლო და ამა და ამ ადგილას დავსახლდე, საქმე სულ სხვაგვარად იქნებოდა." - ასე ჰგონებენ და სულ რაღაცას ეძებენ, ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებენ. ნეტავ სიმშვიდეს ოდესმე თუ ჰპოვებენ? თუკი თავიანთ სიფიცხესა და მოუთმენლობას არ დათმობენ, მაშინ ვერასდროს! და თუ მოთმინებითა და განსჯის უნარით აღიჭურვებიან, მაშინ ძალიან მალე დაწყნარდებიან.

   ერთი ბერი იმყოფებოდა თანაცხოვრებულთა მონასტერში, აქაურ ხუთ ძმას ის უყვარდა, მხოლოდ ერთი შეურაცხყოფდა. ბერმა ეს ვერ აიტანა და მონასტერი დატოვა, რათა სიმშვიდე სხვა სავანეში ეპოვა. აქ ის რვა ძმამ შეიყვარა, ორნი კი ვერ იტანდნენ. მაშინ ის მესამე მონასტერში გაიქცა. აქ შვიდს უყვარდა, ხუთს კი - არა. რაღა უნდა ექნა?

- წავალ ისევ სადმე, - გადაწყვიტა ბერმა - ალბათ იქ უკეთ ვიქნები, - და მეოთხე მონასტრისაკენ გაემართა. გზად დასასვენებლად ჩამოჯდა და დაფიქრდა.

- რა გამოვა აქედან, - ჰკითხა თავისთავს, - თუ ერთი ადგილიდან მეორეზე ვირბენ მუდამ? ასე ხომ სიმშვიდეს ქვეყნად ვერსად ვპოვებ! სჯობს, მოვითმინო.

   ამ სიტყვებით აიღო ქარტია და დაწერა: „იესო ქრისტეს, უფლის ძის გულისათვის ყველაფერს მოვითმენ!" ქამარზე მიმაგრებული ამ წარწერით ახალ მონასტერს მიადგა და საცხოვრებელადაც დარჩა. აქაც იგივე განმეორდა, რაც სხვა მონასტრებში, ცოტა ხანში მას ისევ აწყენინეს. მაგრამ ის აღარ დაღონებულა, როგორც კი რამე ეწყინებოდა, მაშინვე თავის ნაწერს წაიკითხავდა და იმწამსვე მშვიდდებოდა. მისმა მოთმინებამ ბოლოს ნაყოფიც გამოიღო - შეურაცხმყოფელებმა პატიება სთხოვეს და აღარ აწუხებდნენ.

   ამგვარად, ძმანო, ჩვენთან მცხოვრებ ადამიანთა თვისებები კი არ გვანიჭებენ ბედნიერებას ან უბედურებას, არამედ ის თვისება, რომელსაც ამ ადამიანებთან თანაცხოვრებისას საკუთარ თავში თავადვე აღმოვაცენებთ. ადამიანი ყველგან ადამიანია, ანგელოზი ვერ იქნება, ჩვენც მიწაზე ვიმყოფებით, და არა ზეცაში. ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ცუდად ყოფნა ჩვენთან მცხოვრებ ადამიანებს დავაბრალოთ, სჯობს საკუთარ თავს დავაკვირდეთ და მივხვდეთ, რომ ცუდად საკუთარი უვარგისობის გამო ვართ, ან, უფრო უბრალოდ თუ ვიტყვით: მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. ის ხომ ყველა უსიამოვნების მტერია. შეგეძლოს მოთმინება, ნიშნავს, მშვიდი ცხოვრება შეგეძლოს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი 1. 



უკან დაბრუნება