მთავარი > ლოცვა > მომაკვდავთათვის აღვლენილი ლოცვის სიკეთე
მომაკვდავთათვის აღვლენილი ლოცვის სიკეთე12-02-2014, 00:01 |
წმ. გრიგოლის, რომის პაპის ქადაგებიდან შესახებ ბერისა, თავის ცოდვათა გამო გველს რომ მიეცა შესაჭმელად, და დახსნილი იქნა საძმოს ლოცვით
ძმანო, ჩვენ ყველანი, ჩვენს შორის არსებული ქრისტიანული სიყვარულის გამო ვალდებულნი ვართ, ერთმანეთისათვის ყოველ ჟამს ვილოცოთ, როგორც მოციქული გვეუბნება: (იაკ. 5. 16); მაგრამ ჩვენი ლოცვა განსაკუთრებულად მხურვალე და გულმოდგინე იმ ახლობელთათვის უნდა იყოს, რომელნიც სიკვდილის პირას არიან. მომაკვდავი განსაკუთრებულად საჭიროებს ლოცვას, რომელიც, თუ გულმოდგინედ აღვავლენთ, მას სიკვდილის ჟამის საშინელი ხილვებისა და ტანჯვისაგან ათავისუფლებს, ზოგჯერ კი, შეიძლება სასიკვდილო სარეცელიდანაც კი წამოაყენოს. წმ. გრიგოლი, რომის პაპი, გვიყვება: „ჩემს მონასტერში ერთი ღვთისმოსავი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მას თავისი ძმა ეწვია და მანაც მონასტერში დარჩენა მოისურვა. ჩვენ ის მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალმოსულმა, ძმისაგან განსხვავებით, სულ სხვა ცხოვრება დაიწყო - თავისი სულისათვის საერთოდ არ ზრუნავდა, წესდებას არ ასრულებდა, განიკითხავდა, მორთვა - მოკაზმვა უყვარდა და სძულდა, თუ ვინმე სიტყვას საიქიო ცხოვრებასა და სინანულზე ჩამოუგდებდა. რამდენჯერმე გაგდებაც კი დავუპირეთ, მაგრამ მისი ღვთისმოსავი ძმის ხათრით, გადავიფიქრეთ. და აი, ერთხელაც, დაუდევარი ბერი მძიმედ დაავადდა და სასიკვდილო სარეცელზე აღმოჩნდა. როდესაც მისი სხეული უკვე ცივდებოდა, მონასტრის ძმები გარს შემოეხვივნენ და ლოცვა დაიწყეს. უცებ მომაკვდავმა წამოიყვირა: - განვედით, განვედით ჩემგან! საზარელმა გველმა ჩემი თავი საშინელ ხახაში მოიქცია და მხოლოდ თქვენ უშლით ხელს, რომ მთლიანად არ შთანმთქას! მომცილდით, რომ ჩემი ტანჯვა დასრულდეს, დაე, ჩანმთქას და ყველაფერი დამთავრდეს. - რას ამბობ? ახლავე პირჯვარი გადაიწერე! - უთხრეს ბერებმა. - არ შემიძლია, მგუდავს! - პასუხობდა ის. მაშინ ბერებმა ლოცვა მეტი გულმოდგინებით განაგრძეს და მათ მცდელობასაც ფუჭად არ ჩაუვლია. მალე ავადმყოფი მომჯობინდა და სიხარულით თქვა: - მადლი უფალს! ის გველი, რომელიც ჩემი ცოდვების გამო მყავდა მოჩენილი, განმეშორა. კიდევ ილოცეთ ჩემთვის, ძმებო, მთელი სულითა და გულით მინდა, გამოვსწორდე და ახალი ცხოვრება დავიწყო. ბერებმაც ილოცეს და... მისი სიცოცხლე შეწყალებულ იქმნა, ის მთლიანად შეიცვალა და მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულსა და ღვთისმოსაობაში გაატარა. ამ ამბიდან ნათლად ჩანს მომაკვდავისათვის აღვლენილი ლოცვის კეთილისმყოფელი ძალა. ამიტომ, იჩქარეთ მათი სასიკვდილო სარეცლებისაკენ. ძალიანაც შესაძლებელია, რომ თქვენმა ლოცვამ ავადმყოფი გადაარჩინოს და უფალმა აღადგინოს იგი; მაგრამ, ასეც რომ არ მოხდეს, უეჭველია, რომ თქვენი ლოცვა მომაკვდავს სულიერ სარგებელს მოუტანს, სიკვდილისწინა ეშმაკეულ ცდუნებებთან ბრძოლას გაუადვილებს და დაეხმარება, რომ ქრისტიანულად აღესრულოს. დაბოლოს, თქვენც შეგიმსუბუქებთ მასთან განშორებით გამოწვეულ მწუხარებას. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 1. უკან დაბრუნება |